ენერგეტიკის საინფორმაციო სააგენტოს (EIA) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-მა ნედლი ნავთობის წლიური მოპოვების რეკორდი მოხსნა. სააგენტოს ანალიზი იმაზეც მიუთითებს, რომ აღნიშნული რეკორდის სხვა სახელმწიფოს მიერ მოხსნის პერსპექტივა ჯერ შორსაა.
მონაცემების მიხედვით, აშშ-მა ბოლო 6 წლის განმავლობაში, მიყოლებით, ყველაზე დიდი მოცულობით ნედლი ნავთობი მოიპოვა. 2023 წელს ჩრდილოამერიკულ სახელმწიფოში ნედლი ნავთობის მოპოვების მოცულობამ დღეში 12.9 მილიონი ბარელი შეადგინა. 2023 წლის დეკემბერში კი თვის საშუალო მოპოვების მაჩვენებელი ასევე რეკორდული 13.9 მილიონი ბარელი იყო.
ნედლი ნავთობის მოპოვების აშშ-ის რეკორდი ნავთობის გლობალური მწარმოებლების მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აღემატება. მაგალითისთვის, რეიტინგში უახლოესი მდევარი, საუდის არაბეთი მისი სახელმწიფო კომპანიის, Saudi Aramco-ს ხელით დღიურად 9-10 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს მოიპოვებს. დღიურად 13 მილიონი ბარელი ნავთობის წარმოებაზე გადასვლას კი 2027 წლისთვის გეგმავს.
ენერგეტიკის საინფორმაციო სააგენტოს მონაცემებით, 2009 წლამდე აშშ-ში ნედლი ნავთობის მოპოვება თითქმის 40 წლის განმავლობაში ყოველწლიურად მცირდებოდა. თუმცა 2009 წლის შემდეგ, როდესაც ამერიკულმა კომპანიებმა ნავთობის მოპოვების ახალი ტექნიკები აითვისეს, აშშ-ში ნავთობის წარმოება ყოველწლიურად იზრდება. გამონაკლისი მხოლოდ 2020-2021 წლებია, როდესაც კოვიდპანდემიის გამო ნავთობზე მოთხოვნა გლობალურად შემცირდა.
EIA-ს მონაცემებზე დაყრდნობით, მთლიანობაში 2023 წელს ნედლი ნავთობის წარმოების 40% სამ უმსხვილეს მომპოვებელზე, აშშ-ზე, რუსეთსა და საუდის არაბეთზე მოდიოდა. რუსეთი 2023 წლის განმავლობაში დღიურად საშუალოდ 10.1 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებდა. გასულ წელს დიდი მოცულობით ნედლ ნავთობს აწარმოებდნენ კანადა, ერაყი, ჩინეთი, ირანი, ბრაზილია, ქუვეითი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.