6 თებერვალს ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დირექტორთა საბჭომ 150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფით ნენსკრა ჰესის პროექტის დაფინანსება ერთხმად დაამტკიცა.
EIB, როგორც ევროკავშირის ბანკი, რომელსაც ევროპის კავშირის 28 წევრი ქვეყანა ფლობს, მხარს უჭერს ევროკავშირის პოლიტიკას როგორც ამ გაერთიანების ფარგლებში, ისე მის საზღვრებს გარეთ. საქართველოში ბანკს 1,5 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის სასესხო პორტფელი გააჩნია, რომელიც ფარავს ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორებს – დაწყებული გზებითა და წყლის ინფრასტრუქტურით, დამთავრებული მცირე და საშუალო საწარმოებით. ამ მაჩვენებლით ბანკი ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი საჯარო დამფინანსებელია. 2017 წელს EIB-ს მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 68,9 მილიარდი ევრო შეადგინა და ამ მხრივ იგი მსოფლიოს უმსხვილეს საერთაშორისო საფინანსო დაწესებულებას წარმოადგენს.
ნენსკრა ჰესის პროექტს სს „ნენსკრა ჰიდრო“ ახორციელებს, რომელიც დაფუძნებულია ინვესტორის – კორეის წყლის რესურსების კორპორაციისა (K-water) და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ. ეს უკანასკნელი მცირე ხნის წინ პროექტის განმახორციელებელი კომპანიის ოფიციალური აქციონერი გახდა.
დღეისათვის EIB მესამე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელმაც ნენსკრა ჰესის პროექტის დაფინანსება დაამტკიცა. მანამდე კორეის განვითარების ბანკმა (KDB) 87,6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი გამოჰყო, ხოლო ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა (EBRD) პროექტისთვის 214 მილიონ დოლარამდე ოდენობის სესხი, ასევე სს „ნენკრა ჰიდროს“ სააქციო კაპიტალში 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია დაამტკიცა.
ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური სვანეთის რეგიონის მესტიის მუნიციპალიტეტში, ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში აშენდება. ჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად საქართველოს ბაზარს მოხმარდება, ეს კი ზამთრის სეზონის განმავლობაში ენერგიის იმპორტს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
ნენსკრა ჰესის მშენებლობა 2018 წელს უნდა დაიწყოს. ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ნენსკრას ხეობაში, ასევე სამუშაოები „თემის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც საგანგებოდ შეიქმნა ნენსკრასა და ნაკრას ხეობების მდგრადი განვითარებისთვის ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებში ინვესტირების, ასევე თემის წევრთა უნარების განვითარებისა და სხვა საშუალებებით. www.nenskrahydro.ge
დატოვე კომენტარი