პანდემიამ თითქოს ერთნაირი გავლენა მოახდინა მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე, ბიზნესის ყველა სექტორზე, თუმცა – არა სატრანსპორტო გადაზიდვების ინდუსტრიაზე. არის ქვეყნები და მარშრუტები, სადაც პროდუქციის გადასაზიდად ახლაც თვეობით რიგში დგანან, ხოლო არის ქვეყნები, სადაც ტვირთბრუნვა საგრძნობლად დაეცა. მიზეზი წმინდად პრაგმატულია – ექსპორტიორები პროდუქციას იმ ქვეყნებისკენ მიმართავენ, სადაც ეკონომიკა უფრო სწრაფად აღდგა და ხარჯვაც მეტია. წინაპანდემიურ მაჩვენებელს საქართველოს უმსხვილესი ლოგისტიკური ცენტრი, ფოთის პორტი, ვერც 2021 წელს დაუბრუნდა და ამ მხრივ ვერც 2022 წელს გვაქვს დადებითი მოლოდინები. თუმცა დღეს შექმნილი არათანაბარი გადანაწილება ახალ შესაძლებლობებს აჩენს კომპანიის მენეჯმენტისთვის და მეტ მოტივაციას უჩენს, ხორცი შეასხან თავიანთ ამბიციურ გეგმას – აქციონ ფოთი სატვირთო გადაზიდვების ცენტრად კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების მასშტაბით.
„2021 წლის განმავლობაში ჩვენი ძალისხმევა კავკასიისა და ცენტრალური აზიის შიდა ბაზრების მომსახურებისკენ იყო მიმართული. ამ ქვეყნებს არ აქვთ ღია ზღვაზე გასავლელი და, შესაბამისად, ლოგისტიკური გამოწვევების წინაშე დგანან საქონლის ეფექტიანად ტრანსპორტირების თვალსაზრისით როგორც რეგიონში, ისე მის გარეთ. ჩვენ ვხედავთ უნიკალურ შესაძლებლობას, ფოთი ვაქციოთ რეგიონისთვის როგორც საკონტეინერო, ასევე არასაკონტეინერო ტვირთების შეუფერხებელი და ეფექტიანი ტრანსპორტირების ცენტრად“, – ამბობს იენ როულინსონი, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კომერციული დირექტორი.
ფოთის პორტი საქართველოს უმსხვილესი ლოგისტიკური ცენტრია და ქვეყნის ექსპორტ/იმპორტისა და საერთაშორისო ტრანზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მასზე მოდის. პორტს დანიური კომპანიის, Maersk-ის ჯგუფის წევრი APM Terminals-ი მართავს, რომლის სათავო ოფისი ჰააგაში, ნიდერლანდებში მდებარეობს.
2020 წელს კომპანიის მთლიანი შემოსავალი, ეკონომიკური გამოწვევებისა და გადაზიდვების კლების შედეგად, 13%-ით, 194.5 მილიონ ლარამდე შემცირდა. თუმცა, შემოსავლის კლების მიუხედავად, „ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ 2019 წელთან შედარებით წმინდა მოგება 4.5 მლნ ლარით, 121 მილიონამდე გაეზარდა.
ფოთის საზღვაო ნავსადგურს ჯამურად 15 ნავმისადგომი აქვს, საიდანაც 8 ნავმისადგომი გრძელვადიანი იჯარით სხვა კომპანიებს აქვთ გადაცემული.
პანდემიის გავლენა კომპანიაზე, სამომავლო გეგმები და Maersk ჯგუფის სტანდარტი საქართველოში – ამ თემებზე Forbes Infrastructure-ს იენ როულინსონი, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კომერციული დირექტორი ესაუბრა.
როგორი იყო პანდემიური 2020-2021 წლები „ეიპიემ ტერმინალს ფოთისთვის“?
პანდემიამ განსხვავებული გავლენა მოახდინა ჩვენს ინდუსტრიაზე, მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში. 2020 წლის განმავლობაში სატვირთო მოცულობებმა აღდგენა დაიწყეს, თუმცა გლობალურად, ეს აღდგენა ყველა ბაზარზე თანაბრად არ მოხდა და ამ მხრივ საკმაოდ არათანაბარი სურათი მივიღეთ. მაგალითისთვის, ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე სამომხმარებლო ხარჯებმა ზრდა დაიწყო და პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა კიდეც, მაგრამ სხვა ქვეყნებში ანალოგიურად არ მომხდარა. შესაბამისად, საკონტეინერო გადაზიდვების ინდუსტრიამ ფოკუსირება ამ მზარდ ბაზრებზე დაიწყო და რესურსი აღარ ეყოთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზრების მომსახურებისთვის. შედეგად, 2020 და 2021 წლებში კონტეინერების მოცულობა მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა პანდემიამდელ დონეს, და ბიზნესებს, ბაზრების პროდუქციით უზრუნველსაყოფად, ალტერნატიული გზების ძიება უწევდათ.
2021 წლის განმავლობაში, პანდემიის გამო, საკონტეინერო გადაზიდვები და გემთა მოძრაობა, 2020 წლის მსგავსად, შეფერხებული და პანდემიამდელ მაჩვენებელზე დაბალი იყო.
როგორია თქვენი მოლოდინი და გეგმები 2022 წლისთვის?
ჩვენ გვჯერა, რომ რეგიონული საკონტეინერო გადაზიდვების ინდუსტრია ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდება. თუმცა ამ ეტაპზე პანდემია კვლავაც ახდენს გავლენას მიწოდების გლობალურ ჯაჭვზე და მცირე ბაზრებს კონტეინერებსა და გემებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას უქმნის. შედეგად, 2022 წელსაც ძირითადად შენარჩუნდება წინამდებარე წლების ტენდენცია, ანუ საკონტეინერო გადაზიდვების ორდონიანი ბაზარი. ამის გადასაჭრელად, 2021 წლის განმავლობაში ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო კავკასიისა და ცენტრალური აზიის შიდა ბაზრების მომსახურებისკენ. ამ ქვეყნებს არა აქვთ ღია ზღვაზე გასასვლელი და, შესაბამისად, ლოგისტიკური გამოწვევების წინაშე დგანან საქონლის ეფექტიანად ტრანსპორტირების თვალსაზრისით როგორც რეგიონში, ისე მის გარეთ. ჩვენ ვხედავთ უნიკალურ შესაძლებლობას, ფოთი ვაქციოთ როგორც საკონტეინერო, ისე არასაკონტეინერო ტვირთების შეუფერხებელი და ეფექტიანი გადაზიდვის რეგიონულ ცენტრად. აღნიშნული თანხვედრაშია „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ პორტის გაფართოების გეგმასთან, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვავითარებთ ახალ ღრმაწყლოვან ინფრასტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას და, შესაბამისად, გააუმჯობესებს ფოთის, როგორც რეგიონული ჰაბის ეფექტიანობას. მას შემდეგ, რაც პორტი გაფართოვდება, შავ ზღვაში ყველაზე დიდი შესაძლო მოცულობის გემების მიღებას შევძლებთ.
როგორ უნდა მოხდეს საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალის მეტად ათვისება და სად ხედავთ, ამ მხრივ, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ როლს?
როგორც აღვნიშნე, ჩვენ ინვესტიციას ვახორციელებთ ფოთში, რათა ღრმაწყლოვანი პორტი განვავითაროთ. პირველი ფაზის მიხედვით, რომელიც 2024 წლის დასაწყისში უნდა დასრულდეს, “ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ შესაძლებლობა ექნება, მიიღოს 14,5 მეტრის სიღრმის გემები, რაც ნიშნავს, რომ მომავალში მივიღებთ ნებისმიერ გემს, რომელსაც შეუძლია შავ ზღვაში შესვლა. ყოველივე ეს საშუალებას მისცემს ბიზნესებს, ფოთში პორტირებული გემების მეშვეობით სერვისები შემცირებული ხარჯებით განახორციელონ, ასევე გაიზრდება საქართველოს, როგორც სატრანსპორტო ჰაბის კონკურენტუნარიანობა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. საბოლოო ჯამში, ჩვენი ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებით, ფოთს აქვს პოტენციალი, მთელი რეგიონისთვის გახდეს ძირითადი კარიბჭე.
რამ განაპირობა მსოფლიო მასშტაბით სატრანსპორტო გადაზიდვების ტარიფების კოლოსალური ზრდა?
გლობალური ბიზნესი მოთხოვნა-მიწოდების პრინციპს ეფუძნება. მრავალი წლის განმავლობაში გადაზიდვები ჭარბ მიწოდებას განიცდიდა, რის შედეგადაც ინდუსტრიაში ჩართული კომპანიები მოგების მისაღებად იბრძოდნენ და ჩვენ ვნახეთ მრავალი წლის განმავლობაში მოქმედი არაერთი გადამზიდავი ხაზის მარცხი. გლობალური ვითარების შეცვლის პარალელურად, მიწოდება/მოთხოვნის ბალანსის ცვლილებამ ინდუსტრიის გარკვეული გადაჯგუფება გამოიწვია. ბუნებრივია, ბალანსის ცვლილება შესაბამისად იწვევს კომპანიების წარმატებულობის ცვლილებას.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ Maersk-ი, მსოფლიოს მასშტაბით, თავის ყველა თანამშრომელს 1,000 აშშ დოლარის ბონუსს ჩაურიცხავს. ზოგადად როგორია კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის აქტივობები როგორც შიდა, ისე გარე დონეზე?
ზედიზედ მეორე წელია, Maersk-ი თავის თანამშრომლებს $1,000-იან ბონუსს ურიცხავს. ბონუსი კომპანიის 80,000-ვე თანამშრომელზე ვრცელდება, მსოფლიოს გარშემო, მათ შორის „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ თანამშრომლებზეც. ეს ინიციატივა არის თანამშრომლების მიერ საქმეში ჩადებული მონდომების, დაუღალავი შრომის და გუნდური ძალისხმევის აღიარება, რომელიც მათ გაიღეს ჩვენი მომხმარებლების წინაშე არსებული გამოწვევების გადასაჭრელად, და იმავე სულისკვეთებით ზრუნვას დღესაც აგრძელებენ.
მსგავსად მსხვილი ორგანიზაციისა, ფოთის საზღვაო ნავსადგური ისტორიულად აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი თემის მოკლე და გრძელვადიანი საჭიროებების მხარდაჭერაში. ბოლო წლებში კომპანიამ ჩამოაყალიბა უფრო სტრუქტურირებული და ორგანიზებული კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია, რომელიც მორგებულია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs).
„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კორპორაციული პასუხისმგებლობის პოლიტიკა სრულად შეესაბამება Maersk-ის ჯგუფის პრიორიტეტებს, რომლის მიზანია, იყოს სანდო და პასუხისმგებლობიანი პარტნიორი ადგილობრივი საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის. მდგრადი განვითარების მიზნებიდან ჩვენ გამოვავლინეთ ისეთი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა შიმშილის აღმოფხვრა, ხარისხიანი განათლება, გენდერული თანასწორობა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მოქმედება. ჩვენ ამით არ შემოვიფარგლებით და ვაგრძელებთ სხვა ინიციატივებს, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია ადგილობრივი საზოგადოებისთვის.
მცირე მეწარმეების მხარდაჭერის მიზნით, ფოთში ვახორციელებთ პროგრამას ,,ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის,“ რომლის ფარგლებში 80-მდე მეწარმე უშუალოდ იღებს ბიზნესუნარების განვითარების შესაძლებლობას და თანადაფინანსებას ფოთში თავიანთი ბიზნესის დაწყების ან გაუმჯობესების მიზნით. პროგრამა სრულად დაფინანსებულია ჩვენი კომპანიის მიერ.
2017 წლიდან ჩვენ ვახორციელებთ ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამას – InPort-ს. პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად პორტში ათამდე ახალგაზრდა გადის ოთხთვიან თეორიულ და პრაქტიკულ კურსს. პროგრამის დასასრულს კი შერჩეული კანდიდატები საქმდებიან კომპანიაში.
ჩვენ ვთანამშრომლობთ ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრთან. წელს ჩვენმა კომპანიამ ცენტრს ამწე საშუალებების სიმულატორი გადასცა. აღნიშნული სიმულატორი გამოიყენება 6 ტიპის სანავსადგურე და სამშენებლო ტექნიკის ოპერირების საკლასო სწავლებისათვის.
ჩვენ ინვესტიცია განვახორციელეთ მბრუნავ სპრედერში, რომელიც ნაყარი ტვირთის დამუშავების ახალ ტექნოლოგიას წარმოადგენს. მისი გამოყენებით მცირდება გარემოზე მიყენებული ნეგატიური ზემოქმედება და ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკი ადამიანებისთვის.
ჩვენ ნამდვილად გვეამაყება, რომ ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობის აქტივობებისთვის ზედიზედ მესამედ დაგვაჯილდოვეს.
მინდა, ასევე ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი გარე CSR პროგრამის გარდა, ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობა იწყება ჩვენი თანამშრომლების მიმართ დამოკიდებულებით: ჩვენ გვაქვს დასაქმების თანაბარი შესაძლებლობები, ყოველგვარი დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემო; ჩვენ ვზრუნავთ, რომ ჩვენი სარგებლისა და ანაზღაურების სისტემა იყოს კონკურენტუნარიანი და ყველა თანამშრომელზე თანაბრად გავრცელდეს; ჩვენს თანამშრომლებს მუდმივად ვთავაზობთ მათთვის საჭირო პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს.
აქტიური კორპორაციული მოქალაქეობა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი იზიარებს, როგორც კი A.P.Moller-Maersk-სა და მისი ტერმინალების გუნდს უერთდება. “ეიპიემ ტერმინალს ფოთში” ჩვენ კარგად ვიცით, რომ უნდა შევქმნათ გარემო, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც კომპანიას, ისე საზოგადოებას. ეს ყველასთვის მოგებიანი მიდგომა არის წარმატების გასაღები, როდესაც საქმე ეხება პასუხისმგებლობიან ბიზნესსაქმიანობას.
დატოვე კომენტარი