ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირას კორონავირუსის ვაქცინის შემქმნელის – Pfizer-ის შემოსავლების შესახებ გახდება ცნობილი. გარდა ამისა, ჯანდაცვის სექტორში მომუშავე ისეთი კომპანიები გამოაქვეყნებენ თავიანთ შემოსავლებს, როგორებიცაა Gilead Sciences-ი, Biogen-ი, Bristol-Myers Squibb-ი და AbbVie-იც. რაც შეეხება სხვა სექტორებს, მიმდინარე კვირას Amazon-ის, Pinterest-ის, Snap-ის და Alphabet-ის შემოსავლებიც გახდება ცნობილი.

გარდა ამისა, აშშ-ის სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში ელოდებიან, რომ პანდემიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისა და ბიზნესების დასახმარებლად პირველ ნაბიჯს გადადგამენ. ფინანსური დახმარების პაკეტი, რასაც ჯო ბაიდენი მოსახლეობას ჰპირდება, $1.9 ტრილიონს შეადგენს. გასულ კვირას თეთრი სახლის ახალმა ლიდერმა განაცხადა, რომ კონგრესმა ამ კუთხით დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები, ეკონომისტების უმრავლესობაც აცხადებს, რომ ეკონომიკური დახმარების პაკეტის დამტკიცება ახლა მნიშვნელოვანია.

მიმდინარე კვირას, ასევე ამერიკის ეკონომიკური დღის წესრიგში იქნება შრომის ბაზარი და გავლენები ეკონომიკაზე. მოგეხსენებათ, პანდემიამ უამრავი ადამიანი უმუშევრად დატოვა. ამერიკაში მხოლოდ დეკემბერში 140 000 სამუშაო ადგილი გაუქმდა – ძირითადად, რესტორნებსა და ბარებში. უმუშევრობის დონე ქვეყანაში 6.7%-ია, მაშინ როდესაც პანდემიამდე ის თითქმის ორჯერ ნაკლები იყო.

რაც შეეხება ევროპის რეგიონს, მიმდინარე კვირას გერმანიაში რითეილ გაყიდვების დეკემბრის მაჩვენებლები გამოქვეყნდება, იტალიაში დეკემბრის უმუშევრობის მაჩვენებლებიც გახდება ცნობილი. უმუშევრობის განახლებული მონაცემები მთლიანად ევროკავშირისთვისაც გასაჯაროვდება. ამასთან, ევროკავშირში 2020 წლის მეოთხე კვარტლის მშპ-ც გამოქვეყნდება, მშპ-ს განახლებულ მონაცემებს რუსეთშიც ელოდებიან. და ბოლოს, კანადაში დეკემბრის თვის სავაჭრო ბალანსისა და უმუშევრობის დონის შესახებ გაასაჯაროვებენ მონაცემებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *