მიმდინარე კვირას აშშ ინფლაციის მაჩვენებელს გამოაქვეყნებს. ეკონომისტები ელიან, რომ თებერვლის ინფლაცია 0.4%-ით იქნება გაზრდილი. აღნიშნული მოლოდინი კიდევ უფრო ამყარებს იმის პროგნოზს, რომ მიმდინარე თვეს დაგეგმილი მონეტარული პოლიტიკის სხდომა საპროცენტო განაკვეთების მორიგი ზრდით დასრულდება.
გარდა ინფლაციისა, აშშ-ში 13 მარტის კვირაში რიტეილ-გაყიდვების, მწარმოებელთა ფასის ინფლაციის, ინდუსტრიული წარმოების განახლებული მაჩვენებლები გამოქვეყნდება.
რაც შეეხება ევროპის კონტინენტს, ხუთშაბათს დაგეგმილია ევროპის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის სხდომა, რომელზეც მოსალოდნელია, რომ საპროცენტო განაკვეთები 50 ბაზისური პუნქტით გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ ევროზონაში საპროცენტო განაკვეთი გასული წლის ივლისის შემდეგ 3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
მიმდინარე კვირას მნიშვნელოვანი იქნება ჩინეთში დაგეგმილი ეკონომიკური მონაცემების გამოქვეყნებაც. კერძოდ, მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანა რიტეილ-გაყიდვების, უმუშევრობის დონისა და ინდუსტრიული წარმოების მაჩვენებლებს გაასაჯაროებს. შეგახსენებთ, გასულ კვირას სი ძინპინი მესამე ვადით პრეზიდენტად აირჩიეს. მისი ამოცანა ჩინეთის ეკონომიკის გაძლიერებაა, რომელიც გასულ წელს მხოლოდ 3%-ით გაიზარდა.
საქართველოში კი მიმდინარე კვირას საქსტატი 2023 წლის თებერვლის საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემების გამოქვეყნებით დაიწყებს. შუა კვირაში დაგეგმილია თებერვლის საარსებო მინიმუმის შესახებ მონაცემის გასაჯაროება, ასევე მიმდინარე კვირასვე მოსალოდნელია ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკის (2022 წლის წლიური, 2022 წლის IV კვარტალი), ნამუშევარი საათების ინდექსის (2022 წლის IV კვარტალი), ბრუნვის მოცულობის ინდექსის (2023 წლის იანვარი) და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის (2022 წლის IV კვარტალი) გამოქვეყნებაც.
დატოვე კომენტარი