მიმდინარე კვირას ევროპის ცენტრალური ბანკი 2021-2022 წლების ეკონომიკური ზრდის განახლებულ პროგნოზს გამოაქვეყნებს. შეხვედრა ხუთშაბათსაა ჩანიშნული, რა დროსაც გადაწყვეტილების მიმღები პირები ევროზონის ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერისთვის მასტიმულირებელი პროგრამის გახანგრძლივება/არგახანგრძლივებაზეც იმსჯელებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება სწორედ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ხედავენ ისინი რეგიონის ეკონომიკური აღდგენის პერსპექტივებს.
ამერიკაში კი ბაზრის მოთამაშეები ყურადღებით მიადევნებენ თვალს დემოკრატებისა და რესპუბლიკელების მოლაპარაკებებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებული $1.7-ტრილიონიანი ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმის თაობაზე. ტრანსპორტის მდივნის განცხადებით, თეთრი სახლი ორშაბათის შეხვედრას და მოლაპარაკებებს ამ კუთხით კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ცნობისთვის, ინფრასტრუქტურაზე სამთავრობო დანახარჯების შესახებ მოლოდინებმა უკვე შეუწყო ხელი საფონდო ბიჟებზე აქციების ზრდას, განსაკუთრებით – ინდუსტრიულ სექტორში.
გარდა ამისა, მიმდინარე კვირას ჩინეთი გამოაქვეყნებს მაისის სავაჭრო ბალანსს, ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებს. აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი კი აპრილის სავაჭრო ბალანსს. ამასთან, ევროკავშირი და იაპონია პირველი კვარტალის მშპ-ის მაჩვენებელს გაასაჯაროებს. ხოლო იტალიაში აპრილის რიტეილ-გაყიდვების მონაცემები გახდება ცნობილი. რაც შეეხება რუსეთს, ამ კვირაში რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების შესახებ მონაცემები გამოქვეყნდება დოლარში. რუსეთში აპრილის სავაჭრო ბალანსიც გახდება ცნობილი, ასევე ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღებას ივნისის საპროცენტო განაკვეთის შესახებაც ელოდებიან.
დაბოლოს, საქართველოში, მიმდინარე კვირას მოსალოდნელია ორი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებლის გამოქვეყნება. კერძოდ, 9 ივნისს გამოქვეყნდება 2021 წლის პირველი კვარტალის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინასწარი მონაცემები, ასევე მონეტარული სისტემის, ფინანსური ბაზრისა და ფისკალური სტატისტიკის მაჩვენებლები (2021 წლის I კვარტალი).
დატოვე კომენტარი