მიმდინარე კვირას აშშ-ში მთავარი ეკონომიკური ამბავი სამომხმარებლო ფასების ინფლაციის მაჩვენებლის გამოქვეყნება იქნება, რომელიც სამშაბათს იგეგმება. ცნობისთვის, ინფლაციამ ივლისში 13-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. ეკონომისტები ინტენსიურად აკვირდებიან ამ მაჩვენებლის ცვლილებას – მათ აინტერესებთ, დაიწყებს თუ არა ის დაღმასვლას. ამის მოლოდინს ისიც განაპირობებს, რომ მიწოდებასა და მოთხოვნას შორის დისბალანსი, რამაც ბოლო თვეებში ფასების გაზრდა გამოიწვია, თანდათან ქრება.
გარდა ამისა, მიმდინარე კვირას აშშ-ში ბაზრის მონაწილეების ყურადღება მიმართული იქნება რიტეილ-გაყიდვების განახლებული მონაცემებისკენ, ამასთან, ელოდებიან წარმოებისა და მომხმარებელთა განწყობების შესახებ ბოლო მაჩვენებლების გამოქვეყნებას.
ინფლაციისა და რიტეილ-გაყიდვების განახლებულ მაჩვენებლებს მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს დიდი ბრიტანეთიც. ამავე ქვეყანაში გამოქვეყნდება დასაქმების ახალი მონაცემებიც. აღსანიშნავია, რომ ივლისში ბრიტანეთში ინფლაცია შემცირდა, რიტეილ-გაყიდვების მაჩვენებლებმაც იკლო. საინტერესო იქნება ამ კუთხით ბოლო ტენდენციები.
ევროზონაში კი 13 სექტემბრის კვირაში ევროპის ცენტრალური ბანკის მთავარი ეკონომისტის ფილიპ ლეინისა და ფინეთის ცენტრალური ბანკის მმართველის ოლი რენის გამოსვლა იგეგმება. ინვესტორები მიიჩნევენ, რომ ისინი განცხადებებს ბონდების შესყიდვის საკითხზე გააკეთებენ.
ჩინეთში – მსოფლიოში სიდიდით ნომერ მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანაში – მიმდინარე კვირას წარმოების, რიტეილ-გაყიდვებისა და ფიქსირებული აქტივების ინვესტიციების მონაცემებს გამოაქვეყნებენ, რომლებიც ფაქტობრივად აჩვენებს, თუ რა გავლენა შეინარჩუნა კოვიდპანდემიამ ამ ქვეყნის ეკონომიკაზე გასულ თვეში. აღსანიშნავია, რომ პეკინმა ნაწილობრივ დახურა მსოფლიოში სიდიდით მესამე ყველაზე დატვირთული საკონტეინერო პორტი და რამდენიმე ადგილას გარკვეული რეგულაციები დააწესა. ამრიგად, პანდემიის ბოლო ტალღებმა ჩინეთის ეკონომიკაზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, თუმცა ამ ქვეყანაში ექსპორტის მაჩვენებელი კვლავ მყარია.
რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირას უნდა ველოდოთ შემდეგი მონაცემების გამოქვეყნებას:
- 13 სექტემბერს გამოქვეყნდება საგარეო ვაჭრობის ექსპრესმონაცემები (2021 წლის აგვისტო) და ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა (2021 წლის II კვარტალი).
- 15 სექტემბერს კი ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები (დაბადება, გარდაცვალება, ქორწინება, განქორწინება, 2021 წლის იანვარ-ივნისი, წინასწარი), ასევე 2021 წლის აგვისტოს საარსებო მინიმუმი და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი (2021 წლის II კვარტალი).
- ხოლო კვირის ბოლოს, 17 სექტემბერს, მთლიანი შიდა პროდუქტისა და ეროვნული ანგარიშების სხვა მაჩვენებლების (2021 წლის II კვარტალი, წინასწარი) და ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ფასების შესახებ (2021 წლის იანვარ-ივნისი) ინფორმაციის გამოქვეყნებას უნდა ველოდოთ.