მიმდინარე კვირა მსოფლიო ეკონომიკურ კალენდარში საკმაოდ დატვირთულია. დავიწყოთ იმით, რომ მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიური შეხვედრები გაიმართება, სადაც გლობალური ეკონომიკის გამოწვევების, კოვიდპანდემიის გავლენებისა და გლობალური გადასახადების საკითხების განხილვას აპირებენ. აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს კრისტალინა გეორგიევას 2017 წელს ჩინეთის სასარგებლოდ Doing Business-ის რეიტინგის ცვლილების მიზნით ზეწოლაში ადანაშაულებენ. მაშინ გეორგიევა მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელი იყო. აღნიშნულ ბრალდებებს თავად გეორგიევა უარყოფს, თუმცა ეს ფაქტი აუცილებლად გავლენას იქონიებს სავალუტო ფონდის ინიციატივებზე, რომლებიც პოსტპანდემიურ პერიოდში მსოფლიო ეკონომიკის დახმარებას ითვალისწინებს.
მიმდინარე კვირას ასევე მსოფლიოს უმსხვილესი ამერიკული ბანკები შემოსავლების შესახებ მონაცემებს გამოაქვეყნებენ. მათ შორის მოსალოდნელია JPMorgan Chase-ის, Morgan Stanley-ის, Bank of America-ს, Goldman Sachs-ის, Wells Fargo-ს, BlackRock-ის შემოსავლების გასაჯაროება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, როდესაც აშშ-ში ეკონომიკის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანი ძვრები დაფიქსირდა, Wells Fargo-მ, Bank of America-მ, Citigroup-მ და JPMorgan Chase-მა ერთობლივად $33 მილიარდის ოდენობის მოგება ნახეს. მესამე კვარტალში აღდგენის ტემპი შენელდა, ამიტომაც, წინასწარი პროგნოზებით, ფინანსური ინსტიტუტების შემოსავლების ზრდა 17.4%-ით არის ნავარაუდები, მაშინ როდესაც მეორე კვარტალში დაახლოებით 160%-ს აღწევდა.
დიდ ბრიტანეთში კი მიმდინარე კვირას უნდა ველოდოთ მშპ-ის განახლებული მონაცემების, აგვისტოს სავაჭრო ბალანსისა და უმუშევრობის მაჩვენებლების გამოქვეყნებას. აგვისტოს სავაჭრო ბალანსის მაჩვენებელს რუსეთიც გამოაქვეყნებს, ჩინეთი და ინდოეთი კი სექტემბრის ექსპორტ-იმპორტის რიცხვებსა და სავაჭრო ბალანსს გაასაჯაროებს. დაბოლოს, მიმდინარე კვირას აშშ სექტემბრის რიტეილ-გაყიდვების მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს.
რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირას გამოქვეყნდება:
13 ოქტომბერს – საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემები (2021 წლის სექტემბერი); 15 ოქტომბერს – არაფინანსური კორპორაციების ფინანსური მაჩვენებლების გამოკვლევის შედეგები (2020 წელი), ასევე, საფინანსო საქმიანობით დაკავებული საწარმოების გამოკვლევის შედეგები (2020 წელი) და საარსებო მინიმუმი (2021 წლის სექტემბერი).
დატოვე კომენტარი