მიმდინარე კვირას ათობით მსხვილი კომპანია მესამე კვარტალის შედეგებს გამოაქვეყნებს, მათ შორისაა Tesla, Intel-ი, Johnson & Johnson-ი, Netflix-ი. ეს უკანასკნელი ელოდება, რომ მის გაყიდვებზე მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს პოპულარული სერიალის Squid Game-ის გაშვება, რამაც, Bloomberg-ის მოლოდინით, კომპანიას $900 მილიონამდე უნდა მოუტანოს.
ამას გარდა, მიმდინარე კვირას აშშ-ში ინდუსტრიული წარმოების შესახებ განახლებულ მონაცემებსა და სამშენებლო ნებართვების შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებენ. ჩინეთში მთავარი ეკონომიკური მოვლენა მშპ-ის მაჩვენებლის გამოქვეყნება იქნება. ეკონომისტები მსოფლიოში სიდიდით მეორე უმსხვილესი ქვეყნის ეკონომიკის შემცირებას ელოდებიან და 5.2%-იან მაჩვენებელს პროგნოზირებენ. ამასთან, ჩინეთში გამოქვეყნდება რიტეილ-გაყიდვებისა და ინდუსტრიული წარმოების განახლებული მონაცემებიც.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის უძრავი ქონების სექტორი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია, სწორედ აღნიშნულ სექტორში ელოდებიან შემცირებას. ეს იქიდანაც გამომდინარეობს, რომ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერი გაყიდვების მიხედვით, Evergrande, დეფოლტის საფრთხის წინაშეა.
რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, მიმდინარე კვირას სამომხმარებლო ფასების ინფლაციის მაჩვენებლის განახლებას ელოდებიან. შვეიცარია, იაპონია და ესპანეთი სავაჭრო ბალანსის შესახებ მონაცემებს გაასაჯაროებენ, ხოლო კვირის ბოლოს რუსეთის ცენტრალურ ბანკში პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც, სავარაუდოდ, მონეტარული პოლიტიკის შესახებ გაკეთდება განცხადებები.
საქართველოში მიმდინარე კვირის ეკონომიკური კალენდარი საკმაოდ დატვირთულია. კერძოდ, მნიშვნელოვანია, რომ 19 ოქტომბერს 2021 წლის სექტემბრის საგარეო ვაჭრობისა და ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები გამოქვეყნდება. 20 ოქტომბერს კი სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2021 წლის სექტემბერი), ასევე მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე (2021 წლის სექტემბერი), საინტერესო იქნება ასევე მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი (2021 წლის სექტემბერი) და ექსპორტისა და იმპორტის ფასების ინდექსიც (2021 წლის სექტემბერი). ამავე დღეს მოსალოდნელია ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის (2021 წლის სექტემბერი) და სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსის (2021 წლის სექტემბერი) გამოქვეყნებაც. ასევე იგეგმება ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსის (2021 წლის სექტემბერი) და დროებითი განთავსების საშუალებებითა და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე მწარმოებელთა ფასების ინდექსის (2021 წლის სექტემბერი) გასაჯაროებაც.
დატოვე კომენტარი