მიმდინარე კვირას ისეთი გიგანტი კომპანიები გამოაქვეყნებენ შემოსავლების შესახებ მონაცემებს, როგორიც Facebook-ი, Alphabet-ი, Apple-ი და Amazon-ია. როგორც მოსალოდნელია, მათი შემოსავლები გაზრდილი იქნება, რაც ტექნოლოგიურ ბირჟებს კიდევ უფრო გააძლიერებს.
გარდა ამისა, 25 ოქტომბრის კვირაში აშშ-ი მშპ-ის მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს. ეკონომისტების პროგნოზით, აშშ-ის ეკონომიკა, მესამე კვარტალის მონაცემებით, 6.7%-დან 2.8%-მდე შენელდება, ვინაიდან კორონავირუსის დელტა შტამის შედეგად ამერიკის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა, გაიზარდა სამომხმარებლო ფასები, თუმცა ელოდებიან, რომ ვითარება მეოთხე კვარტალში გაუმჯობესდება.
გარდა მშპ-ის მაჩვენებლისა, აშშ-ი მიმდინარე კვირას გამოაქვეყნებს უმუშევრობაზე განაცხადების განახლებულ მონაცემებს, ასევე მოქალაქეთა საშუალო შემოსავლებისა და ხარჯების მაჩვენებლებს.
მშპ-ის მაჩვენებლებს მიმდინარე კვირას გამოაქვეყნებს ევროკავშირიც, ასევე ბლოკის ცალკეული წევრი ქვეყნები, მათ შორის – გერმანია, იტალია, ესპანეთი. ამას გარდა, ევროპის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის სხდომას გამართავს. ეკონომისტები აკვირდებიან, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ევროზონაში ინფლაციის ზრდა. სამშაბათის სხდომა და ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის, კრისტინ ლაგარდის გამოსვლას ინვესტორები ყურადღებით დააკვირდებიან, რათა სამომავლო ნაბიჯები შესაბამისად დაგეგმონ.
აღსანიშნავია, რომ ჰონკონგი და ახალი ზელანდია სექტემბრის სავაჭრო ბალანსს გაასაჯაროებს. გერმანიასა და იაპონიაში კი უმუშევრობის დონის განახლებული მაჩვენებელი გახდება ცნობილი.
მიმდინარე კვირას საინტერესო იქნება ასევე მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის – ბიტკოინის ფასზე დაკვირვებაც. ცნობისთვის, გასულ კვირას ბიტკოინმა ყველა დროის რეკორდი მოხსნა, როდესაც მისმა ფასმა $67,016 შეადგინა. ეს აპრილის თვის რეკორდზე მაღალია. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ბიტკოინის ფასი რყევას განაგრძობს.
რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირის ეკონომიკური კალენდარი საკმაოდ დატვირთულია. კვირა იწყება 2021 წლის მესამე კვარტალის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის გამოქვეყნებით, ამასთან, მიმდინარე კვირას საფოსტო და საკურიერო საქმიანობის საწარმოთა გამოკვლევის შედეგებიც (2020 წელი) გამოქვეყნდება. ხოლო კვირის ბოლოს უნდა ველოდოთ 2021 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებს როგორც მშენებლობებზე გაცემული ნებართვების შესახებ, ასევე დასრულებულ მშენებლობებზე. გარდა ამისა, გამოქვეყნდება ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2021 წლის სექტემბერი).
დატოვე კომენტარი