მიმდინარე კვირას მთელ მსოფლიოში ე.წ. შავ პარასკევს აღნიშნავენ. მსხვილი, საშუალო და მცირე ზომის კომპანიები მასშტაბურ ფასდაკლებებს აცხადებენ. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველო იქნება.
აღსანიშნავია, რომ „შავი პარასკევის“ კვირამდე ამერიკაში, მაგალითად, მოსახლეობამ სასურველი ნივთების შეძენა გაცილებით ადრე დაიწყო, ვინაიდან მათ აქვთ მოლოდინი, რომ მიმდინარე კვირას შესაძლოა დეფიციტი შეიქმნას.
გარდა ამისა, ამ კვირას აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სამსახური ნოემბრის შეხვედრას გამართავს, სადაც, როგორც მოსალოდნელია, აქტივების შესყიდვის პროგრამის შეჩერების საკითხი გადაწყდება, ვინაიდან ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამერიკის ეკონომიკა ამ გადაწყვეტილების მისაღებად უკვე საკმაოდ მოძლიერდა.
ამასთან, მიმდინარე კვირას, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გადაწყვეტს, დაუჭიროს თუ არა მხარი ფედერალური სარეზერვო სამსახურის, ჯერომ პაუელის მომდევნო ვადით დანიშვნას. აღსანიშნავია, რომ პაუელის ვადა მომავალი წლის თებერვალში იწურება, ის აღნიშნულ თანამდებობაზე 2018 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დროს დაინიშნა.
ევროპაში კი, სადაც კოვიდინფიცირების დღიური მაჩვენებლები მზარდია, მოსალოდნელია, რომ ცალკეულ ქვეყნებში კოვიდრეგულაციები დაწესდეს. ამასობაში ინგლისის ცენტრალური ბანკი, სავარაუდოდ, მსოფლიოში პირველი ყველაზე მსხვილი ბანკი გახდება, რომელიც პანდემიის პერიოდში საპროცენტო განაკვეთებს გაზრდის.
გარდა ამისა, გერმანია და შვეიცარია მესამე კვარტალის მშპ-ის მაჩვენებელს გამოაქვეყნებენ. შვეიცარია მესამე კვარტალის დასაქმების მონაცემებსაც გაასაჯაროებს. რუსეთში კი უცხოურ ვალუტაში ცენტრალური რეზერვების მოცულობა გახდება ცნობილი.
რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირის ეკონომიკურ კალენდარში მნიშვნელოვანი იქნება 2021 წლის მესამე კვარტალის გამყვანი ტურიზმის სტატისტიკის გამოქვეყნება, რომელსაც 24 ნოემბერს უნდა ველოდოთ. გარდა ამისა, მიმდინარე კვირას ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნდება სტატისტიკური პუბლიკაცია „ბიზნესსექტორი საქართველოში 2020“, ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუბლიკაცია “საქართველოს ბუნებრივი რესურსები და გარემოს დაცვა, 2020”.
დატოვე კომენტარი