მიმდინარე კვირას მსოფლიოს არაერთი ქვეყანა შობის დღესასწაულს აღნიშნავს, თუმცა პარალელურად, კორონავირუსის ახალი შტამის – ომიკრონის გავრცელების გამო, ცალკეულ ქვეყნებში დამატებითი შეზღუდვები წესდება. მათ შორის აღსანიშნავია ნიდერლანდები, სადაც, ფაქტობრივად, ლოქდაუნი კიდევ ერთხელ გამოცხადდა. კერძოდ, ახალი შეზღუდვების ფარგლებში 14 იანვრამდე იხურება ბარები, სავარჯიშო დარბაზები, სილამაზის სალონები და სხვა არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტები. სპორტული ღონისძიებები მაყურებლის გარეშე გაიმართება. ამასთან ყველანაირი სახის ღონისძიება, გარდა დაკრძალვისა, აიკრძალა. შეიზღუდა სტუმრების მიღების რაოდენობაც, კერძოდ, თითო ოჯახს ერთდროულად მაქსიმუმ ორი სტუმრის მიღების უფლება ექნება, ხოლო დღესასწაულებზე – მაქსიმუმ ოთხის. მოსახლეობას გარეთ გასვლისგან მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებენ. ეს, ბუნებრივია, უდიდეს გამოწვევას უქმნის ქვეყნის ეკონომიკას.
გარდა ნიდერლანდებისა, გარკვეული ზომების მიღებაზე ფიქრობს დიდი ბრიტანეთიც, სადაც ვირუსი სწრაფად ვრცელდება. თავის მხრივ ცალკეული ქვეყნები ბრიტანეთის მოქალაქეებს შეზღუდვებს უწესებენ, მათ შორის არის გერმანია და შვეიცარია. ამ ყველაფრის ფონზე, ეკონომიკური აღდგენის პროცესები მსოფლიო მასშტაბით კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
რაც შეეხება არსებული ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ განახლებული მონაცემების გამოქვეყნებას, აღსანიშნავია მიმდინარე კვირას დიდ ბრიტანეთში მესამე კვარტალის მშპ-ის მონაცემების და ასევე ნოემბრის რიტეილ-გაყიდვების გასაჯაროება. კანადა კი ოქტომბრის რიტეილ-გაყიდვებს გააცნობს საზოგადოებას. ასევე შვეიცარიაში ნოემბრის სავაჭრო ბალანსი გამოქვეყნდება.
მესამე კვარტალის მშპ-ის მაჩვენებლებს ესპანეთი და აშშ-ც გაასაჯაროებენ.
საქართველოს ეკონომიკური კალენდარი კი მიმდინარე კვირას საკმაოდ დატვირთულია. კერძოდ, 2021 წლის ბოლოს წინა კვირას უნდა ველოდოთ შემდეგი ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ განახლებული სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნებას: მხოლოდ 20 დეკემბერს გამოქვეყნდება მთლიანი შიდა პროდუქტი და ეროვნული ანგარიშების სხვა მაჩვენებლები (2021 წლის III კვარტალი, წინასწარი); საგარეო ვაჭრობა (2021 წლის ნოემბერი); ადგილობრივი ექსპორტი (2021 წლის ნოემბერი); სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2021 წლის ნოემბერი), ასევე მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობე მომსახურებაზე (2021 წლის ნოემბერი), მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი (2021 წლის ნოემბერი). გამოქვეყნდება ნოემბრის ექსპორტისა და იმპორტის ფასების ინდექსიც, ასევე, ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2021 წლის ნოემბერი), სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2021 წლის ნოემბერი) და ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2021 წლის ნოემბერი).
მიმდინარე კვირას, კერძოდ, ოთხშაბათს უნდა ველოდოთ რესურსებისა და გამოყენების ცხრილების გამოქვეყნებას მიმდინარე ფასებში (2020 წელი, დაზუსტებული), კვირის ბოლოს კი გამოქვეყნდება: მრეწველობის პროდუქციის ინდექსი (2021 წლის III კვარტალი); მშენებლობის ღირებულების ინდექსი (2021 წლის III კვარტალი); რეგიონული მთლიანი შიდა პროდუქტი (2020 წელი); წარმოების მოცულობა შრომის დანახარჯის ერთეულზე სასოფლო მეურნეობების ზომის მიხედვით (2020 წელი) და სურსათის მცირე მწარმოებელთა საშუალო შემოსავალი სქესის მიხედვით (2020 წელი).
დატოვე კომენტარი