მიმდინარე კვირის ეკონომიკური კალენდარი მთელ მსოფლიოში ნაკლებად დატვირთულია. წინასაახალწლო დღეებიდან გამომდინარე, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში უნდა ველოდოთ მნიშვნელოვანი მონაცემების გამოქვეყნებს, მაგალითად, იაპონიაში, რუსეთსა და საფრანგეთში უმუშევრობის განახლებული მაჩვენებლების გამოქვეყნებას ელოდებიან. ასევე, რუსეთი ბიზნესის კმაყოფილების მაჩვენებელს და რიტეილ-გაყიდვების ნოემბრის მონაცემებს გამოაქვეყნებს. სამხრეთ აფრიკა და ჰონკონგი კი ნოემბრის სავაჭრო ბალანსს გაასაჯაროებს.
პარალელურად, კორონავირუსის ახალი შტამი მთელ მსოფლიოში ვითარებას ართულებს, ავიაკომპანიები აუქმებენ რეისებს, რიგ ქვეყნებში ცხადდება და მკაცრდება კოვიდრეგულაციები, განსაკუთრებით – სადღესასწაულო დღეებში. ომიკრონის შტამმა ერთგვარი არაპროგნოზირებადი გარემო შექმნა, ყოველ შემთხვევაში უახლოესი კვირების განმავლობაში მაინც – მანამ, ვიდრე მსოფლიოს უფრო მეტი ეცოდინება ახალი შტამის შესახებ.
რაც შეეხება საქართველოს, აქაც ეკონომიკური კალენდარი მიმდინარე კვირას ნაკლებად დატვირთულია, თუმცა მაინც უნდა ველოდოთ მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებას. მათ შორის 28 დეკემბერს გამოქვეყნდება სტატისტიკური პუბლიკაცია “სტატისტიკური წელიწდეული, 2021” (ქართულ და ინგლისურ ენებზე, ბეჭდური ვერსია), ასევე 2021 წლის ოქტომბრის ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები. 29 დეკემბერს კი საქსტატი გამოაქვეყნებს მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემებს დანახარჯებისა და შემოსავლების მიხედვით; გამოქვეყნდება ასევე ეროვნული შემოსავალი და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრეგატული მაჩვენებლები (2021 წლის III კვარტალი, წინასწარი). და წლის ბოლო დღეს, 31 დეკემბერს ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარ შეფასებას, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლებს (2021 წლის ნოემბერი) ვიხილავთ.
დატოვე კომენტარი