ახალი წლისა და შობის დღესასწაულების აღნიშვნის შემდეგ, მსოფლიო ეკონომიკური აქტივობები და კალენდარიც თანდათან აქტიურდება. თუმცა ომიკრონის შტამის გავრცელება მსოფლიო ბაზრებზე კვლავ გაურკვევლობას იწვევს.
მიმდინარე კვირა მნიშვნელოვანი იქნება იმ კუთხით, რომ რამდენიმე მსხვილი საერთაშორისო კომპანია გასული წლის მეოთხე კვარტალის შემოსავლებს გაასაჯაროებს. მათ შორის იქნება JPMorgan-ი, Citigroup-ი და Wells Fargo. 2021 წელი ბევრი ამერიკული კომპანიისთვის ზრდის წელი იყო, თუმცა, როგორც ელოდებიან, მეოთხე კვარტალის მონაცემები არ იქნება ისეთი კარგი, როგორიც წინა კვარტალების შემთხვევაში იყო.
გარდა ამისა, მიმდინარე კვირას რამდენიმე ქვეყანა სავაჭრო ბალანსის ბოლო მონაცემებს გამოაქვეყნებს, მათ შორისაა ჩინეთი, რომელიც დეკემბრის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებს გაასაჯაროებს. ხოლო დიდი ბრიტანეთი – ნოემბრის მონაცემებს. სავაჭრო ბალანსის ნოემბრის მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს ევროკავშირიც.
ამასთან, ამერიკა სამომხმარებლო ფასების ინფლაციის მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს, მას მოჰყვება მწარმოებელთა ფასების ინფლაციის გასაჯაროება, რომელიც, წინასწარი პროგნოზებით, გაზრდილი იქნება. ამასთან, 10 იანვრის კვირაში ცნობილი გახდება ამერიკაში რიტეილ-გაყიდვებისა და ინდუსტრიული წარმოების მაჩვენებლებიც.
პარალელურად, აშშ-ში ფედერალური სარეზერვო სამსახურის ხელმძღვანელი, ჯერომ პაუელი სენატის საბანკო კომიტეტში წარდგება, აღსანიშნავია, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურის კიდევ ერთხელ წარდგენას ელოდებიან.
რაც შეეხება საქართველოს, აქაც ეკონომიკური კალენდარი მიმდინარე კვირას ნაკლებად დატვირთულია, თუმცა, კვირის ბოლოს ორ მნიშვნელოვან მონაცემს უნდა ველოდოთ. კერძოდ, საქსტატი 14 იანვარს გამოაქვეყნებს საგარეო ვაჭრობის 2021 წლის წინასწარ ექსპრეს-მონაცემებსა და 2021 წლის დეკემბრის საარსებო მინიმუმს.
დატოვე კომენტარი