მიმდინარე კვირას ისეთი გიგანტი კომპანიების შემოსავლების გამოქვეყნებას უნდა ველოდოთ, როგორიცაა Meta, Alphabet-ი და Amazon-ი. გარდა ამისა, მოსალოდნელია რამდენიმე ავტომწარმოებლის, კერძოდ, General Motors-ისა და Ford-ის შემოსავლების გამოქვეყნებაც. ამასთან, გასული წლის ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნებას აპირებენ Exxon Mobil-ი და ფარმაცევტული კომპანიები: Merck-ი და Bristol-Myers Squibb-ი.
რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს, მიმდინარე კვირის მსოფლიოს ეკონომიკურ კალენდარში მნიშვნელოვანი იქნება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესახებ ინგლისის ცენტრალური ბანკის სხდომა. როგორც მოსალოდნელია, საპროცენტო განაკვეთებს ცენტრალური ბანკი კიდევ 0.25%-ით გაზრდის. აღსანიშნავია, რომ მონეტარული პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირას კანადის ცენტრალური ბანკიც გამოაცხადებს.
გარდა ამისა, მიმდინარე კვირას ევროზონა 2021 წლის მეოთხე კვარტალის მშპ-ის მონაცემებს, ასევე ინფლაციის იანვრის მაჩვენებლებს გაასაჯაროებს. ხუთშაბათს კი ევროპის ცენტრალური ბანკის სხდომა გაიმართება. როგორც მოსალოდნელია, მშპ-ის მაჩვენებლები არ იქნება ისეთი ტემპით გაზრდილი, როგორითაც გასული წლის მეორე და მესამე კვარტალებში, ვინაიდან გასული წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა შენელდა. რაც შეეხება ევროპის ცენტრალური ბანკის სხდომას, მიმდინარე კვირას მონეტარული პოლიტიკის შეცვლას არ ელოდებიან.
31 იანვრის კვირას ასევე მოსალოდნელია აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ჰონკონგისა და სამხრეთ კორეის 2021 წლის მეოთხე კვარტალის მშპ-ის მაჩვენებლების გამოქვეყნება.
მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ რუსეთის ფედერაცია მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადს 1 თებერვლიდან $251.4-მდე შეამცირებს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მედიამ დაახლოებით ათი დღის წინ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა. მათი ცნობით, იანვარში მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო ბაჟი იანვარში 280.8 დოლარი იყო, დეკემბერში – 276.7 დოლარი, ნოემბერში კი – 194.5 დოლარი.
რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირას გამოქვეყნდება 2021 წლის ინფორმაცია დასრულებული მშენებლობების, ასევე მშენებლობებზე გაცემული ნებართვების შესახებ, ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება და ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2021 წლის დეკემბერი). მნიშვნელოვანია ასევე 2022 წლის იანვრის სამომხმარებლო ფასების ინდექსი, რომელიც 3 თებერვალს გამოქვეყნდება.
დაბოლოს, თბილისის მცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია: თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ღირებულება 1 ლარამდე იზრდება და სააბონენტო სისტემა 1 თებერვლიდან ამოქმედდება.
დატოვე კომენტარი