მიმდინარე კვირის ეკონომიკურ კალენდარში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ევროზონის მიერ საპროცენტო განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილების მიღება იქნება. ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი საბჭოს ექვსი წევრი და ევროზონის წევრი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველები მონეტარული პოლიტიკის შესახებ ხუთშაბათს მიიღებენ გადაწყვეტილებას. ინვესტორებისა და ტრეიდერების ყურადღება ამ გადაწყვეტილებისკენ იქნება მიმართული, ვინაიდან საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ვალუტაზე. აღსანიშნავია, რომ ევროზონაში ინფლაცია რეკორდულ ნიშნულზეა, მიმდინარე კვირის გადაწყვეტილება კი უფრო ნათელს გახდის, მესამე კვარტალში ევროს მოქმედების ზონაში როგორი მიმართულებით განვითარდება მოვლენები.
მიმდინარე კვირას მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებას ელიან რუსეთსა და ინდოეთშიც.
მონეტარული პოლიტიკის სხდომების გარდა, მიმდინარე კვირას მნიშვნელოვანი იქნება აშშ-ში მომხმარებელთა ფასების ინდექსის მონაცემებიც, რომელიც საპროცენტო განაკვეთების შესახებ ფედერალური სარეზერვო სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღების ერთგვარი წინაპირობაა. ცნობისთვის, ინფლაციამ მიმდინარე წელს შესაძლოა 8.2%-ს მიაღწიოს, რაც პიკურ მდგომარეობასთან ახლოს იქნება, ეს კი ენერგორესურსებისა და სურსათის ფასებზე მოახდენს გავლენას.
გარდა ამისა, აშშ-ი, ისევე როგორც საფრანგეთი და კანადა, აპრილის სავაჭრო ბალანსის, ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლების შესახებ განაცხადებს. მაისის ექსპორტ-იმპორტის მონაცემებს გამოაქვეყნებს ჩინეთი. ხოლო ევროკავშირი და იაპონია პირველი კვარტალის მშპ-ის მაჩვენებელს გაასაჯაროებს. პარალელურად, შვეიცარიაში მოსალოდნელია მაისის უმუშევრობის დონის შესახებ განახლებული მონაცემების გამოქვეყნება, ხოლო იტალია აპრილის რიტეილ-გაყიდვების მაჩვენებელს გაასაჯაროებს.
ამასთან, მიმდინარე კვირას, მსხვილი ამერიკული კომპანიები პირველი კვარტალის შემოსავლების შესახებ განაცხადებენ. მათ შორის იქნება Smartsheet-ი, Coupa Software, Campbell Soup-ი, JM Smucker Company-ი, Nio და სხვა.
დაბოლოს, რაც შეეხება საქართველოს, კვირის დასაწყისში საქსტატი 2022 წლის I კვარტალის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინასწარ მონაცემებს გამოაქვეყნებს. ასევე ცნობილი გახდება 2022 წლის მაისის სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი და მონეტარული სისტემის, ფინანსური ბაზრისა და ფისკალური სტატისტიკის მაჩვენებლები.
დატოვე კომენტარი