მიმდინარე კვირას ევროპის ცენტრალური ბანკის ორგანიზებით პორტუგალიის ქალაქ სინტრაში სამდღიანი ფორუმი გაიმართება. ფორუმის თემა იქნება „მონეტარული პოლიტიკის გამოწვევები სწრაფად ცვალებად მსოფლიოში“. სამი დღის განმავლობაში ლიდერები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ინფლაციის მაჩვნებლების ზრდა, გლობალური ეკონომიკის გამოწვევები და რეცესია.
გარდა ამისა, მიმდინარე კვირას ევროზონაში სამომხმარებლო ფასების ინფლაციის ივნისის მაჩვენებელი გამოქვეყნდება. როგორც ელოდებიან, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი რეკორდულად – 8.3%-მდე იქნება გაზრდილი. ამის ძირითადი მიზეზი ენერგომატარებლებსა და საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდაა. ცნობისთვის, ევროზონის ინფლაციამ მაისში ახალ რეკორდულ მაჩვენებელს – 8.1%-ს მიაღწია, მაშინ როდესაც ევროპის ცენტრალური ბანკის წლიური სამიზნე მაჩვენებელი 2%-ია.
მიმდინარე კვირასვე ცალკე ესპანეთი და გერმანია ინფლაციის ახალ მონაცემებს გამოაქვეყნებენ. გარდა ამისა, გერმანია მაისის რიტეილ-გაიყიდვების მაჩვენებლებს გაასაჯაროებს, საფრანგეთი კი – დასაქმების მაძიებელთა რაოდენობას. უმუშევრობის დონის და რიტეილ-გაყიდვების განახლებულ მონაცემებს გამოაქვეყნებს რუსეთიც. რუსეთში ცნობილი გახდება ინდუსტრიული წარმოების მაისის მაჩვენებლებიც.
რაც შეეხება ამერიკას, 27 ივნისის კვირაში მოსალოდნელია პირადი მოხმარების ხარჯების ფასების ინდექსის, ასევე საცხოვრებელი სახლების გაყიდვის მაჩვენებლის და წარმოების მონაცემების გამოქვეყნება. ხოლო ჩინეთში ინდუსტრიული შემოსავლების მონაცემებს გამოაქვეყნებენ. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში კოვიდ-ლოკდაუნი კვლავ მოქმედებს, რაც ეკონომიკას მძიმე ტვირთად აწევს.
მიმდინარე კვირას ასევე დაგეგმილია ნავთობმწარმოებელი ქვეყნების კავშირის, OPEC-ის შეხვედრაც, რომელიც 13 ქვეყანას აერთიანებს. ისინი ენერგობაზარზე არსებულ ტენდენციებს მიმოიხილავენ. ცნობისთვის, OPEC-ი მსოფლიოში ნავთობის მიწოდების დაახლოებით 40%-ზეა პასუხისმგებელი.
რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირის ეკონომიკური კალენდარი საკმაოდ დატვირთული იქნება. კვირა ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლების (2022 წლის აპრილი) გამოქვეყნებით დაიწყება, მას მოჰყვება წყალმომმარაგებელი საწარმოების გამოკვლევის შედეგებიც (2021 წელი). ასევე, მიმდინარე კვირას იგეგმება მთლიანი შიდა პროდუქტის გამოქვეყნება დანახარჯების და შემოსავლების მიხედვით. გასაჯაროვდება ეროვნული შემოსავალი და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრეგატული მაჩვენებლები (2022 წლის I კვარტალი, წინასწარი). საინტერესო იქნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემებიც BPM6-ის კლასიფიკაციის მიხედვით. (2022 წლის I კვარტალი, წინასწარი). 30 ივნისს კი მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასებისა და ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლების (2022 წლის მაისი) გამოქვეყნებაც.
დატოვე კომენტარი