მიმდინარე კვირას მსხვილი ამერიკული და საერთაშორისო კომპანიები და კორპორაციები 2022 წლის პირველი ნახევრის ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნებას აგრძელებენ. 18 ივლისის კვირაში ისეთი ფინანსური ინსტიტუტები გამოაქვეყნებენ შედეგებს, როგორიცაა, მაგალითად, Bank of America და Goldman Sachs-ი. გარდა ბანკებისა, მიმდინარე კვირას Johnson & Johnson-ი და Novartis-ის პირველი ორი კვარტალის ფინანსური შედეგებიც გახდება ცნობილი. ასევე მოსალოდნელია მულტინაციონალური სატელეკომუნიკაციო კომპანია AT&T-ის, Philip Morris International-ის, American Express-ისა და სატრანსპორტო კომპანია Union Pacific-ის ფინანსური შედეგების გამოქვეყნებაც.
რაც შეეხება ტექნოლოგიურ კომპანიებს, სამშაბათს უნდა ველოდოთ Netflix-ის შედეგებს, რომლის აქციებმაც წლიურ ჭრილში მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა. ამიტომაც ინვესტორების ყურადღება გიგანტი სტრიმინგ-კომპანიის შედეგებისკენ იქნება მიმართული. საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება Tesla-ს და Twitter-ის შედეგებიც.
გარდა ამისა, მიმდინარე კვირის ეკონომიკურ კალენდარში მონიშნულია ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) შეხვედრა – როგორც მოსალოდნელია, ევროპის ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას. დაგეგმილია ECB-ის პრეზიდენტ კრისტინ ლაგარდის პრესკონფერენციაც, რომელსაც, სავარაუდოდ, ბოლო პერიოდში დოლარის მიმართ ევროს გაუფასურების შესახებაც დაუსვამენ კითხვებს.
მონეტარული პოლიტიკის სხდომას გეგმავს რუსეთის ცენტრალური ბანკიც, მიმდინარე კვირის ბოლოსკენ ცნობილი გახდება, შეცვლის თუ არა საპროცენტო განაკვეთს რუსული ბანკი.
რაც შეეხება ჩინეთს, მსოფლიოს სიდიდით მეორე ქვეყანა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ განახლებულ მონაცემებს გამოაქვეყნებს.
დაბოლოს, საქართველოში მიმდინარე კვირის ეკონომიკური კალენდარიც დატვირთულია. საქსტატი 2022 წლის ივნისის საგარეო ვაჭრობის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს. ამასთან, იგეგმება სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის, მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსის, ექსპორტისა და იმპორტის ფასების ინდექსის გამოქვეყნება. ასევე დაგეგმილია ივნისის სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსის, ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსისა და საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის გამოქვეყნებაც.
დატოვე კომენტარი