მიმდინარე კვირას მსოფლიოს ეკონომიკურ კალენდარში საზაფხულო არდადეგები იგრძნობა. მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი მონაცემის გამოქვეყნებაა დაგეგმილია, მაგალითად, ევროკავშირი მწარმოებელთა ფასების ინდექსს გამოაქვეყნებს. გარდა ამისა, ცნობილი გახდება მომხმარებელთა კმაყოფილების აგვისტოს მაჩვენებელიც. გერმანიაში მეორე კვარტლის მშპ-ის მაჩვენებელი გასაჯაროვდება, საფრანგეთში კი სამუშაოს მაძიებელთა განახლებული მონაცემები გამოქვეყნდება.
მეორე კვარტლის მშპ-ის მონაცემებს აშშ-იც გამოაქვეყნებს. ამასთან, ვაიომინგში ეკონომიკური სიმპოზიუმი Jackson Hole გაიმართება, რომელსაც ბანკირები, ფინანსთა მინისტრები და ფინანსური ბაზრის სხვა მონაწილეები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან შეუერთდებიან. ღონისძიებაზე დაგეგმილია ფედერალური სარეზერვო სამსახურის ხელმძღვანელის გამოსვლაც, რომელსაც ინვესტორები მოუთმენლად ელიან. მათ სურთ გაიგონ, როგორია ოფიციალური უწყების პროგნოზი საპროცენტო განაკვეთების ზრდასთან დაკავშირებით. ცნობისთვის, ფედრეზერვმა საპროცენტო განაკვეთი მარტის შემდეგ, 225 საბაზისო პუნქტით გაზარდა, რაც ინფლაციის ერთგვარი გამოძახილი იყო.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, დიდ ბრიტანეთშიც მწარმოებელთა ფასების ინდექსის გამოქვეყნებას ელიან. აღსანიშნავია, რომ ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები დეკემბრის შემდეგ ექვსჯერ გაზარდა. ცნობისთვის, საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირაში სამხრეთ კორეაც მიიღებს.
მიმდინარე კვირის ეკონომიკური კალენდარი არც საქართველოში იქნება დატვირთული. 24 აგვისტოს საქსტატი 2022 წლის მეორე კვარტლის გამყვანი ტურიზმის სტატისტიკას გამოაქვეყნებს, ასევე ცნობილი გახდება 2021 წლის მონაცემები სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საქმიანობის შესახებ. კვირის ბოლოს კი გამოქვეყნდება 2022 წლის ივნისის ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლებიც.
დატოვე კომენტარი