მიმდინარე კვირას ევროკავშირი უმუშევრობის ივლისის მაჩვენებელს გამოაქვეყნებს. ასევე, იგეგმება აგვისტოს ბიზნეს-კლიმატის მონაცემების გამოქვეყნებაც. ცნობილი გახდება ევროპულ ბლოკში მომხმარებელთა კმაყოფილების მაჩვენებელი, ინდუსტრიული განწყობების მონაცემები და მწარმოებელთა ფასების ინდექსიც.
გერმანიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში სამომხმარებლო ფასების ინდექსის გამოქვეყნება იგეგმება. საფრანგეთი და იტალია მეორე კვარტლის მშპ-ის მონაცემებსაც გამოაქვეყნებენ. გერმანიაში კი გაირკვევა, რამდენად შეიცვალა უმუშევრობის მაჩვენებელი აგვისტოში, ასევე ცნობილი გახდება ივლისის რიტეილ-გაყიდვების მაჩვენებელი და ივლისის სავაჭრო ბალანსი.
აღსანიშნავია, რომ მეორე კვარტლის მშპ-ის მონაცემი ცნობილი გახდება კანადაშიც, ხოლო ინდოეთი მხოლოდ მშპ-ის პირველი კვარტლის შედეგებს გაასაჯაროებს. ამასთან, აზიის ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი ქვეყანა სავაჭრო ბალანსის გამოქვეყნებასაც გეგმავს.
იაპონია უმუშევრობის ივლისის მაჩვენებელს გამოაქვეყნებს. გარდა ამისა, ქვეყანა გეგმავს რიტეილ-გაყიდვების ბოლო მონაცემების გასაჯაროებასაც.
უმუშევრობის მაჩვენებლის გამოქვეყნებას გეგმავენ აშშ-შიც. ამერიკაში ცნობილი გახდება აგვისტოს საათობრივი გამომუშავების საშუალო მაჩვენებელიც.
მშპ-ის ბოლო მონაცემის გამოქვეყნებას აპირებს რუსეთიც. საქართველოს ჩრდილოელი მეზობელი რიტეილ-გაყიდვების ივლისის, უმუშევრობის მაჩვენებლის და ბიზნესის კმაყოფილების მაჩვენებლის გამოქვეყნებასაც გეგმავს.
რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირას 2022 წლის აგვისტოს სამომხმარებლო ფასების ინდექსი გახდება ცნობილი. ასევე საქსტატი აპირებს საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობების მაჩვენებლების ექსპრეს-მონაცემების გამოქვეყნებას. საინტერესო იქნება 2022 წელს შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების მაჩვენებლებიც, რომელიც 1 სექტემბერს გასაჯაროვდება. დაბოლოს, იგეგმება საწარმოთა საქმიანობის მეორე კვარტლის შედეგების – პროდუქციის გამოშვება, ბრუნვა, დასაქმებულთა რაოდენობის გამოქვეყნება.
დატოვე კომენტარი