მიმდინარე კვირას გერმანია მესამე კვარტალის მშპ-ის მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს. გარდა ამისა, გერმანია, საფრანგეთსა და იტალიასთან ერთად, მომხმარებელთა ნდობის მაჩვენებლების გამოქვეყნებასაც აპირებს, რომელიც სამომხმარებლო ხარჯების პროგნოზირების კუთხით წამყვანი ინდიკატორია. ეს კი დიდ როლს ასრულებს მთლიან ეკონომიკურ აქტივობაში. უფრო მაღალი მაჩვენებლები მიუთითებს მომხმარებელთა მაღალ ოპტიმიზმზე.
ამასთან, გერმანია და იტალია უმუშევრობის დონის შესახებ განახლებული მონაცემების გამოცხადებასაც აპირებენ. უმუშევრობის შესახებ ახალი მონაცემების გამოქვეყნებას ევროკავშირიც გეგმავს. ესპანეთში კი აგვისტოს რიტეილ-გაყიდვების მონაცემები გახდება ცნობილი.
გარდა ამისა, 26 სექტემბრის კვირას, აშშ-ის ფედერალური რეზერვისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მაღალჩინოსნები სიტყვით გამოსვლებს გეგმავენ, რაც ინვესტორებისთვის და არამხოლოდ მათთვის, მნიშვნელოვანი იქნება გამომდინარე იქიდან, რომ აშშ-სა და ევროზონაშიც მონეტარული პოლიტიკა ბოლო პერიოდში აგრესიულად გამკაცრდა. საინტერესოა ევროსა და დოლარის კურსის ცვლილებაც, მსოფლიოში არაერთი წამყვანი ქვეყნის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გაუფასურდა.
პარალელურად, აშშ-ში მოსალოდნელია მშპ-ის მეორე კვარტალის მონაცემის გასაჯაროება. მშპ-ის ბოლო მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს დიდი ბრიტანეთიც.
რუსეთი კი ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების ფონზე, არაერთი ეკონომიკური მაჩვენებლის გამოქვეყნებას აპირებს, მათ შორის ბიზნესის ნდობის, ინდუსტრიული წარმოების, რიტეილ-გაყიდვების და უმუშევრობის დონის.
რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირას 2022 წლის ივლისის ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები გახდება ცნობილი. ასევე, მთლიანი შიდა პროდუქტი დანახარჯებისა და შემოსავლების მიხედვით და ეროვნული შემოსავალი და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრეგატული მაჩვენებლები (2022 წლის II კვარტალი, წინასწარი). კვირის ბოლოს კი საქსტატი ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარ შეფასებას და ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლებს (2022 წლის აგვისტო) გამოაქვეყნებს.
დატოვე კომენტარი