მიმდინარე კვირას მსოფლიოში საბაზრო კაპიტალიზაციით ოთხი უმსხვილესი ამერიკული კომპანია – Microsoft-ი, Amazon-ი, Apple-ი და Alphabet-ი მესამე კვარტალის შემოსავლების შესახებ გამოაქვეყნებენ ინფორმაციას. გარდა ამისა, 24 ოქტომბრის კვირაში, აშშ-ში მესამე კვარტალის მშპ-ის მაჩვენებლის გასაჯაროებაა მოსალოდნელი.
რაც შეეხება სხვა კონტინენტებს, ჩინეთში ინვესტორები სხვადასხვა ეკონომიკური მონაცემის გამოქვეყნებას ელიან, მათ შორის მესამე კვარტალის მშპ-ის მაჩვენებლის, ვაჭრობისა და ექსპორტ-იმპორტის, რიტეილ-გაყიდვების, უმუშევრობის განახლებული მაჩვენებლის, ინდუსტრიული წარმოების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და სხვა.
კანადაში, რუსეთსა და იაპონიაში ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის სხდომის გამართვა იგეგმება. მონეტარული პოლიტიკის სხდომას გამართავს ევროპის ცენტრალური ბანკიც, სადაც საპროცენტო განაკვეთის 75 ბაზისური პუნქტით ზრდაა მოსალოდნელი. მანამდე კი ევროკავშირი მწარმოებელთა ფასების ინდექსს გამოაქვეყნებს. ხოლო ესპანეთში მესამე კვარტალის უმუშევრობის მაჩვენებელი გახდება ცნობილი. ასევე ესპანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში მესამე კვარტალის მშპ-ის გამოქვეყნებაც იგეგმება.
ამ ყველაფრის პარალელურად, ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისია. გასულ კვირას პოსტი დატოვა პრემიერმა ლიზ ტრასმა. ჯერ უცნობია, ვინ შეცვლის ტრასს, თუმცა ცნობილია, რომ მომდევნო პრემიერს რეცესიის გზაზე მდგარი ქვეყნის ეკონომიკა ჩაბარდება, სადაც საპროცენტო განაკვეთი მზარდია, ხოლო ინფლაცია 10%-ს აჭარბებს.
რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირას ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის სხდომას გამართავს, რომელზეც ცნობილი გახდება, შეიცვლება თუ არა საპროცენტო განაკვეთები. ცნობისთვის, წინა სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი სებ-მა უცვლელად 11%-ზე დატოვა.
გარდა ამისა, 24 ოქტომბრის კვირას საქსტატი 2022 წლის აგვისტოს ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს. ცნობილი გახდება მიმდინარე წლის მესამე კვარტალის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი და 2021 წლის საფოსტო და საკურიერო საქმიანობის საწარმოთა გამოკვლევის შედეგებიც.
დატოვე კომენტარი