ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირის მსოფლიო კალენდარში რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დანიშნული. მათ შორის ოთხშაბათს მონეტარული პოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სამსახურის გადაწყვეტილება გახდება ცნობილი. ეკონომისტების წინასწარი შეფასებით, 78%-იანი შანსია იმის, რომ ფედრეზერვი საპროცენტო განაკვეთებს 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის, ხოლო 21%-იანი შანსია, რომ ზრდამ 75 საბაზისო პუნქტი შეადგინოს. ცნობისთვის, მიმდინარე წელს აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა ჯამში 375 ბაზისური პუნქტით გაამკაცრა, რაც 1980-იანი წლების შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. მონეტარული პოლიტიკის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებისას ფედრეზერვის ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი წლის ბოლო პრესკონფერენციასაც გამართავს.

გარდა ამისა, აშშ-ში იგეგმება სამომხმარებლო ფასების ინფლაციის ნოემბრის მონაცემის გამოქვეყნებაც. ეკონომისტების მოლოდინით, წლიური ინფლაცია 7.7%-დან 7.3%-მდე შემცირდება.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მონეტარული პოლიტიკის სხდომას ინგლისის ცენტრალური ბანკიც გამართავს. მოსალოდნელია, რომ საპროცენტო განაკვეთი 3.5%-მდე გაიზრდება და ზრდა 50 საბაზისო პუნქტი იქნება. ამასთან, სამომხმარებლო ფასების ინდექსის ნოემბრის მაჩვენებლის გამოქვეყნება ბრიტანეთშიც იგეგმება. შეგახსენებთ, ოქტომბრის მონაცემებით, ინფლაციამ ბრიტანეთში 41 წლის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 11.1% შეადგინა, რაც ინგლისის ცენტრალური ბანკის სამიზნე მაჩვენებელზე – 2%-ზე დაახლოებით ექვსჯერ მეტია. ინფლაციის ზრდა უმეტესწილად ენერგორესურსებზე ფასების მკვეთრმა მატებამ გამოიწვია, რაც, თავის მხრივ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას უკავშირდება.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირას ევროპის ცენტრალური ბანკიც აპირებს საპროცენტო განაკვეთების ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას. მონეტარული პოლიტიკის სხდომა ხუთშაბათსაა დანიშნული. აქაც ეკონომისტები ზრდას ელოდებიან. მათი მოლოდინით, საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 50 საბაზისო პუნქტით გაიზრდება. ევროპის ცენტრალური ბანკმა ივლისის შემდეგ მონეტარული პოლიტიკა 200 საბაზისო პუნქტით გაამკაცრა, რაც ისტორიულად ყველაზე სწრაფი მატებაა.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირასვეა დაგეგმილი რუსეთის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის სხდომაც.

რაც შეეხება საქართველოს, საქსტატი მიმდინარე კვირის დასაწყისში საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემების (2022 წლის ნოემბერი), ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკის (2022 წლის III კვარტალი) და ნამუშევარი საათების ინდექსის (2022 წლის III კვარტალი) გამოქვეყნებას გეგმავს. გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდება 2022 წლის ნოემბრის საარსებო მინიმუმი. ხოლო კვირის ბოლოს საქსტატი დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის (2022 წლის III კვარტალი), ენერგორესურსების მოხმარების გამოკვლევის შედეგების (2021 წელი) და სტატისტიკური პუბლიკაცია „ენერგეტიკული ბალანსი 2021″-ის გამოქვეყნებასაც გეგმავს.

დატოვე კომენტარი

1 კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *