მიმდინარე კვირას ამერიკული მულტინაციონალური კომპანიები 2022 წლის მეოთხე კვარტალის შემოსავლების გამოქვეყნებას განაგრძობენ, კერძოდ, 23 იანვრის კვირაში მოსალოდნელია ისეთი ტექნოლოგიური მეგაკომპანიების შემოსავლების გამოქვეყნება, როგორიცაა Microsoft-ი, Tesla და Intel-ი. როგორც მოსალოდნელია, S&P 500-ის კომპანიები გასული წლის მეოთხე კვარტალში, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემოსავლებში 2.9%-იან ვარდნას ელიან.
გარდა ამისა, მიმდინარე კვირას აშშ გასული წლის მეოთხე კვარტალის მშპ-ის მონაცემს გამოაქვეყნებს. ანალიტიკოსების მოლოდინით, ამერიკის ეკონომიკა წლიურად 2.6%-ით იქნება გაზრდილი, მაშინ როდესაც ამ მაჩვენებელმა 2022 წლის მესამე კვარტალში 3.2% შეადგინა. თუმცა მოსალოდნელია, რომ მშპ-ის ზრდა მომდევნო კვარტალებში შესუსტდება, ვინაიდან ფედრეზერვის მიერ აგრესიული მონეტარული პოლიტიკის გატარება კვლავ სერიოზულ გავლენას ახდენს მოთხოვნაზე.
რაც შეეხება ევროზონას, მიმდინარე კვირაში ევროპის ცენტრალური ბანკის რამდენიმე მაღალჩინოსანი, მონეტარული პოლიტიკის სხდომის გამართვამდე, საჯაროდ აპირებს გამოსვლას, რაც ერთგვარი ტრადიციაა. ECB-ის მომდევნო სხდომა კი 2 თებერვალსაა დანიშნული, მანამდე მათი მხრიდან განცხადებები ეკონომისტებს პროგნოზების გაკეთების საშუალებასაც მისცემს.
საინტერესო იქნება აზიის ქვეყნებისა და ავსტრალიის მიერ ინფლაციის მონაცემების გამოქვეყნებაც. მაგალითად, მიმდინარე კვირის პარასკევს იაპონია მომხმარებელთა ფასების ინდექსს, ინფლაციის მაჩვენებელს გამოაქვეყნებს. შეგახსენებთ, იაპონიაში ინფლაცია ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ამასობაში, ოთხშაბათს ინფლაციის ბოლო მონაცემის გამოქვეყნებას ავსტრალია და ახალი ზელანდიაც აპირებენ.
რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირას საქსტატი საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის (2022 წლის IV კვარტალი) გამოქვეყნებით დაიწყებს, კვირის ბოლოს კი დაგეგმილია ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლების (2022 წლის ნოემბერი) გასაჯაროებაც.
დატოვე კომენტარი