კატარის ეკონომიკურ ფორუმზე მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, Tesla-სა და SpaceX-ის გენერალურმა დირექტორმა, ილონ მასკმა არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
ვიდეო-ჩართვისას მან Bloomberg-ის მთავარი რედაქტორის, ჯონ მაიკლთვეიტის შეკითხვებს უპასუხა და განიხილა ისეთი აქტუალური თემები, როგორებიცაა: ეკონომიკური მოლოდინები, პოტენციური კონკურენტები, Twitter-ის შეძენის საკითხი, კომპანია Tesla-ს გეგმები და კრიპტოვალუტები.
გთავაზობთ ინტერვიუს სრულ ვერსიას:
ჯონ მაიკლთვეიტი: ახლა ჩვენ წინაშეა ადამიანი, რომელიც ბევრი თვალსაზრისით მსოფლიოს ყველაზე წარმატებული კაპიტალისტია. ამჟამად მედიას სამ ილონ მასკთან უწევს გამკლავება: ერთია ინვესტორი, რომელიც კომპანია Twitter-ის შეძენითაა დაინტერესებულია; მეორეა Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელი და დირექტორი; ხოლო მესამეა ილონ მასკი, როგორც პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ფიგურა. სანამ სამივე მათგანზე ვისაუბრებდეთ, მოდით, Twitter-ის განხილვით დავიწყოთ. ჩემი შეკითხვა შემდეგია: რა არის ამჟამად $44-მილიარდიანი გარიგების სტატუსი? თუკი საფონდო ბირჟის დამოკიდებულებას დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ინვესტორთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ გარიგება არ შედგება. ამ ეკონომიკურ ფორუმს ესწრებიან კატარელი ინვესტორებიც, რომლებიც თქვენს მხარდაჭერებს შორის არიან, რას ეტყოდით მათ?
ილონ მასკი: პირველ რიგში, მადლობას გიხდით მოწვევისთვის, ამ ღონისძიებაზე გამოსვლა ჩემთვის დიდი პატივია.
რაც შეეხება Twitter-ის საკითხს, კონტრაქტის პირობებითა და ამერიკის კანონმდებლობით შეზღუდული მაქვს ამ თემაზე საჯაროდ და ღიად საუბარი, ამიტომაც მხოლოდ მწირი ინფორმაციის გაზიარება შემიძლია. ამ შემთხვევაშიც ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო, რომ კომენტარის გაკეთების გამო, კიდევ ერთ სასამართლო დავაში არ გავეხვე.
ჯონ მაიკლთვეიტი: მოგცათ თუ არა Twitter-მა ის ინფორმაცია, რომელსაც ითხოვდით?
ილონ მასკი: ჯერჯერობით რამდენიმე საკითხი ისევ მოუგვარებლად რჩება. ერთ-ერთი მათგანი, რომელზეც ალბათ თქვენ უკვე ყველას გაქვთ ინფორმაცია, ბოტების და ე.წ. ფეიკ ანგარიშების რაოდენობას ეხება. Twitter-ის მტკიცებით, სისტემაში ასეთი ანგარიშების რაოდენობა 5%-ზე ნაკლებია, რაც, მგონია, რომ სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან მიმართებით ჩვენ ისევ ველოდებით Twitter-ისგან პასუხს და მიმაჩნია, რომ ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია.
კიდევ ერთი განსახილველი საკითხი კომპანიის ფინანსურ ვალდებულებებს ეხება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, თუ რას გადაწყვეტენ კომპანიის აქციონერები და მხარს დაუჭერენ თუ არა წილების გაყიდვას. ვფიქრობ, რომ ეს ის სამი ძირითადი საკითხია, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელი იქნება ტრანზაქციის წარმატებით დასასრულებლად.
ჯონ მაიკლთვეიტი: რას იტყოდით ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ითვალისწინებთ თუ არა ამ საკითხს გადაწყვეტილების მიღებისას? როგორც ადრე აღნიშნეთ, „ძალიან ცუდი წინათგრძნობა“ გაქვთ ეკონომიკასთან დაკავშირებით – ისევ ამ პოზიციას ინარჩუნებთ თუ არა? მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რეცესია გარდაუვალი სულაც არ არის. თქვენ რას ფიქრობთ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით?
ილონ მასკი: ჩემი აზრით, რაღაც დროს რეცესია გარდაუვალი იქნება. გაინტერესებთ მოკლევადიან პერსპექტივაში მოველი თუ არა რეცესიას? – დიახ, ასეა. ცხადია, ეს არ არის აუცილებელი მოცემულობა, თუმცა მეტი შანსია რომ ასე მოხდეს და რეცესია განვითარდეს. თავად თქვენ რას ფიქრობთ?
ჯონ მაიკლთვეიტი: გეთანხმებით, მეც ვფიქრობ, რომ ამის დიდი შანსია… ნება მომეცით კიდევ ერთი შეკითხვა დავსვა Twitter-თან დაკავშირებით. თქვენ ამჟამად ჩინეთში ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე სწრაფად მზარდი ინვესტორი ბრძანებით. თავადაც არაერთხელ აღნიშნეთ, რომ თქვენი გაყიდვების თითქმის მესამედი ჩინეთზე მოდის. ამჟამად კი ყიდულობთ სოციალურ ქსელ Twitter-ს, რომელიც ერთგვარი საჯარო ფორუმია და ასრულებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის ფუნქციას. ისტორიულად, ჩინეთი დიდი ენთუზიაზმით არ უდგება სიტყვის თავისუფლების დაცვის საკითხს. ფიქრობთ თუ არა, რომ ამ ორი ბიზნესის ერთდროულად წარმოება ხელს შეუშლის ერთმანეთს და Twitter-ის შეძენით ჩინეთთან პრობლემების წინაშე აღმოჩნდებით?
ილონ მასკი: Twitter-ი ჩინეთში არ ოპერირებს. არ მგონია, რომ ჩინეთის მთავრობა ამერიკის სიტყვის თავისუფლებაში ჩარევას შეეცდება. ანალოგიური შეკითხვა მექნებოდა თქვენთანაც – Bloomberg-ი განიცდის ზეწოლას ჩინეთისგან? არ მგონია, რომ ეს პრობლემა იქნება.
ჯონ მაიკლთვეიტი: რაც შეეხება სიტყვის თავისუფლებას, თქვენ განაცხადეთ, რომ აპირებთ Twitter-ში გამოხატვის თავისუფლების სტანდარტების უფრო მეტად გაზრდას და არსებული ცენზურისა და შეზღუდვების შემსუბუქებას. თქვენი შეფასებით, არსებობს თუ არა გარკვეული ლიმიტი იმასთან დაკავშირებით, თუ ვის უნდა შეეძლოს Twitter-ით სარგებლობა?
ილონ მასკი: ჩემი მიზანია, რომ Twitter-ი იმდენად თავისუფალი და ინკლუზიური იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. ის აუცილებლად უნდა იყოს საზოგადოებისთვის მიმზიდველი და კომფორტული.
იდეალურ შემთხვევაში, Twitter-ის მომხმარებელთა რაოდენობამ ჩრდილოეთ ამერიკის მოსახლეობის 80% უნდა მოიცვას და, შესაძლოა, მსოფლიოს ნახევარიც კი. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია, რომ Twitter-ი მიმზიდველი იყოს, ცხადია, თუ მომხმარებლები თავს არაკომფორტულად ან შეურაცხყოფილად იგრძნობენ, ისინი შეწყვეტენ Twitter-ის გამოყენებას.
ჩემი აზრით, სიტყვისა თავისუფლებასა და ხელმისაწვდომობას შორის დიდი განსხვავებაა. მაგალითად, ამერიკაში ყველას შეუძლია ტაიმ-სკვერში გასვლა და ყვირილი, მართალია, ამით ბევრ ადამიანს შეაწუხებთ, თუმცა თქვენ ამის უფლება მაინც გაქვთ. პრინციპში, თქვენ ყველაფრის თქმის უფლებაც გაქვთ, გარდა ფრაზისა – „ძარცვაა“ – ეს ალბათ პრობლემებს შეგიქმნით. თუმცა ამ შემთხვევაში, თქვენ რაც არ უნდა უცნაურს ან წინააღმდეგობრივს ამბობდეთ, აუცილებელი არ არის, რომ ეს ინფორმაცია მთელ ქვეყანას მიეწოდოს და საქვეყნოდ გაშუქდეს.
ვფიქრობ, ზოგადად, Twitter-ის მიდგომა ასეთი უნდა იყოს: ხალხს უნდა შეეძლოს ყველაფრის თქმა, რაც მათ სურთ, თუმცა უნდა შეიზღუდოს ის, თუ ვინ ნახავს ამას – ეს შეზღუდვა კი Twitter-ის მომხმარებლების ინდივიდუალური პრეფერენციების მიხედვით უნდა განისაზღვროს. თუ თქვენ გსურთ ყველაფრის ნახვა და წაკითხვა – Twitter-ისგან ამას მიიღებთ; თუმცა თუ თქვენ არ გსურთ, მაგალითად, შეურაცხმყოფელი კომენტარების ნახვა, მაშინ თქვენ ამას არ ნახავთ. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, რომ Twitter-ი მაქსიმალურად სასიამოვნო, სასარგებლო და სახალისო პლატფორმად იქცეს, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობისთვის იქნება სასურველი.
ჯონ მაიკლთვეიტი: როგორც ჩანს, თქვენ კომპანიის საქმიანობაში ჩართვა გსურთ, გეგმავთ თუ არა, რომ Twitter-ის გენერალური დირექტორი გახდეთ და Tesla-სა და SpaceX-ის პარალელურად სოციალურ ქსელსაც გაუძღვეთ?
ილონ მასკი: მე წინ ვუძღვები პროდუქტს, ეს არის ის, რასაც მე ჩემს კომპანიებში ვაკეთებ. მექნება თუ არა უშუალოდ CEO-ს წოდება, ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ჩემთვის მთავარია პროდუქტი და ტექნოლოგიაა.
ჯონ მაიკლთვეიტი: Tesla-ს საკითხსაც მინდა შევეხოთ. აშკარაა, რომ თქვენ ავტოინდუსტრია მნიშვნელოვნად შეცვალეთ. ჩემთვის ძალიან საინტერესოა კონკურენტების საკითხი. თქვენი აზრით, საიდან მოდის ყველაზე ძლიერი კონკურენცია – ტრადიციული ავტომწარმოებლებისგან თუ, მაგალითად, ახალი ჩინური კომპანიებისგან? როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ანალიტიკოსების მიერ მომზადებული ანგარიში, სადაც პროგნოზირებულია, რომ უახლოეს მომავალში Tesla-ს გერმანული Volkswagen-ი გადაუსწრებს – ეთანხმებით თუ არ ამ მოსაზრებას?
ილონ მასკი: როგორც ვიცი, ეს პროგნოზი სწორედ თქვენი, Bloomberg-ის გუნდის მიერ იყო მომზადებული.
ჯონ მაიკლთვეიტი: დიახ, ასეა და ეთანხმებით თუ არა მას?
ილონ მასკი: არა, ამ პროგნოზს ნამდვილად ვერ დავეთანხმები.
ჯონ მაიკლთვეიტი: განიხილავთ თუ არა Volkswagen-ს, General Motors-სა და მსგავს ტრადიციულ კომპანიებს კონკურენტებად თუ უფრო მეტ საფრთხეს ჩინურო კომპანიებისგან ელით? თქვენი აზრით, ელექტრომობილების სექტორში სად არის ყველაზე ძლიერი კონკურენცია?
ილონ მასკი: უნდა ვაღიარო, რომ ჩინური კომპანიებით აღფრთოვანებული ვარ. ვფიქრობ, რომ ისინი ექსტრემალურად კონკურენტუნარიანები, მონდომებულები და ჭკვიანები არიან. ვვარაუდობ, რომ მომავალში ჩინური პროდუქციის უდიდესი ტალღა გვექნება, რომელიც მთელ მსოფლიოს მოიცავს. პრინციპში, ეს უკვე ასეც არის, როგორც იცით, თითქმის ყველა iPhone-ი ჩინეთშია დამზადებული Apple-ის კონტრაქტორების მიერ. ვფიქრობ, რომ მომავალში ჩინეთიდან ექსპორტირებული პროდუქციის უდიდეს ტალღას ვიხილავთ.
ჯონ მაიკლთვეიტი: ელექტრომობილების წარმოებაში აქვთ თუ არა მათ უპირატესობა?
ილონ მასკი: შეიძლება ითქვას, რომ აქვთ. როგორც ასეთი, Tesla-ს პერსპექტივიდან შევაფასებდი და ვიტყოდი, რომ ჩვენ დიდად არ ვფიქრობთ კონკურენტებზე. ჩვენი მთავარი გამოწვევები უმეტესწილად საწარმოო პროცესს და მასალებს უკავშირდება. ის შეზღუდვები, რომლის წინაშეც ჩვენ ვართ, არა უშუალოდ კონკურენტების, არამედ მიწოდების ჯაჭვის მიერაა გამოწვეული.
ვისაც Tesla-ს შეძენა სურდა, ყველამ იცის, რომ ჩვენს ელექტრომობილებზე მოთხოვნა ექსტრემალურად მაღალია, რის გამოც დიდი ხნით რიგში დგომაა საჭირო. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს განზრახ არ ხდება, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ საწარმოო შესაძლებლობების გაზრდას და სწორედ ამიტომაც მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მთავარი საფიქრალი კონკურენცია არ არის. ჩვენ გვჭირდება მიწოდების ჯაჭვის პრობლემების აღმოფხვრა და ახალი ქარხნების მშენებლობა, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ბატარეის წარმოების პროცესში არსებული გამოწვევების გამკლავება – ეს მოიცავს როგორც უშუალო წარმოების, ასევე მინერალების მოპოვების და დამუშავების პროცესს.
ჯონ მაიკლთვეიტი: გასულ კვირას თქვენ კიდევ ერთხელ დატვიტეთ ერთ-ერთი კრიპტოვალუტის მხარდამჭერი პოსტი. როგორც ხედავთ, კრიპტობირჟაზე ნამდვილი სისხლისღვრაა, თქვენი აზრით, რა ხდება და ისევ ფიქრობთ თუ არა, რომ მოსახლეობამ კრიპტოაქტივებში უნდა განახორციელოს ინვესტიცია?
ილონ მასკი: მე არასოდეს მითქვამს, რომ ხალხმა ინვესტიცია კრიპტოაქტივებში უნდა განახორციელოს. ჩემი, Tesla-სა და SpeaceX-ის შემთხვევაში, ჩვენ შევიძინეთ გარკვეული რაოდენობით ბიტკოინი, რომელიც ჩვენი პორტფელის მხოლოდ მცირე ნაწილია და მას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. გარდა ამისა, Tesla და SpaceX-ი ზოგიერთი პროდუქტის სანაცვლოდ კრიპტოვალუტა Dogecoin-საც იღებენ და მე ვგეგმავ, რომ გარკვეულწილად მხარი დავუჭირო Dogecoin-ს, რადგან ბევრმა არც ისე მდიდარმა ადამიანმა მთხოვა მისი ყიდვა და მხარდაჭერა – მეც მათ თხოვნას ვუპასუხებ და ასეც ვიქცევი.
დატოვე კომენტარი