ეკონომიკური თავისუფლების კონცეფცია ბიზნესებისა და ინდივიდებისთვის თავისუფალი ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღებას უზრუნველყოფს. დაბალი ეკონომიკური თავისუფლების მქონე ქვეყნებში მთავრობა ბიზნესისა და ინდივიდის თავისუფალ არჩევანს ზღუდავს, რაც საერთო კეთილდღეობაზე აისახება.
Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ქვეყნებს რამდენიმე კრიტერიუმზე დაყრდნობით აფასებს: საკუთრების უფლება, საგადასახადო ტვირთი, შრომის თავისუფლება და ა.შ. რეიტინგში ქულების მიხედვით ქვეყნების კატეგორიზაცია შემდეგნაირია: თავისუფალი ეკონომიკა – 80+, ძირითადად თავისუფალი – 70-79.9, ზომიერად თავისუფალი – 60-69.9, ძირითადად არათავისუფალი – 50-59.9, რეპრესირებული – 0-49.9.
რეიტინგში ეკონომიკური თავისუფლების გასაზომად ოთხი ძირითადი კატეგორია და სამი მთავარი ინდიკატორი გამოიყენება, ესენია:
კანონის უზენაესობა: საკუთრების უფლება, სასამართლო ეფექტიანობა, სამართლიანი ხელისუფლება.
მთავრობის ზომა: საგადასახადო ტვირთი, ფისკალური კეთილდღეობა, სახელმწიფო ხარჯები.
ეფექტიანი რეგულირება: შრომის თავისუფლება, ფულადი თავისუფლება, ბიზნესის თავისუფლება.
ღია ბაზრები: ფინანსური თავისუფლება, ვაჭრობის თავისუფლება, ინვესტიციების თავისუფლება.
2023 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ეკონომიკურად სრულად თავისუფალი ქვეყნების კატეგორიას (80 ან მეტი ქულა) მხოლოდ ოთხი ქვეყანა: სინგაპური, შვეიცარია, ირლანდია და ტაივანი განეკუთვნება. რეგიონული შეფასებით, ყველაზე ძლიერი ეკონომიკური თავისუფლების მქონე ევროპა აღმოჩნდა, რომელსაც რეიტინგის ათეულში რვა წარმომადგენელი ჰყავს. მათგან მხოლოდ რეგიონის ათეულში ყველაზე დაბალი პოზიცია (საერთო რეიტინგში მე-14, 73.7 ქულა) გერმანიას ერგო სახელმწიფო ხარჯების კატეგორიაში ყველაზე სუსტი ქულით (28.3/100) – უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო ხარჯები ქვეყნის მშპ-ის საშუალოდ 49%-ს შეადგენდა.
საინტერესოა, რომ ამჟამად ყველაზე დაბალი ეკონომიკური თავისუფლების მქონე კონტინენტი – აფრიკა, ამავდროულად ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი პოტენციალის მქონე რეგიონია. აფრიკის პერსპექტივას უმეტესწილად მისი მზარდი მოსახლეობა განაპირობებს, რაც მზარდი მუშახელისა და მომავალი ინოვაციების წინაპირობაა. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში აფრიკიდან ყველაზე დაბალი ქულა, დიდწილად სამოქალაქო კონფლიქტიდან გამომდინარე, სუდანს აქვს.
რაც შეეხება კონკრეტულ ქვეყნებს, ეკონომიკური თავისუფლების მქონე ქვეყნების რეიტინგში, 70.6 ქულით, 25-ე ადგილზე წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული შტატები. მოხსენება შტატების შემთხვევაში ისეთ საკითხებს შეეხება, როგორიც ინფლაცია, მზარდი სამთავრობო ვალი და შეუმოწმებელი დეფიციტის ხარჯებია – აშშ-ის სახელმწიფო ვალი ამჟამად მშპ-ის 128%-ზე მეტს შეადგენს.
აღმოსავლეთ აზიასა და ოკეანეთში ეკონომიკური თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ქულა ჩინეთს (48.3) აქვს – ქვეყანა 154-ე პოზიციაზეა და რეპრესიული ეკონომიკის კატეგორიის ქვეყნებში ერთიანდება. აღნიშნული შედეგი გასაკვირი არაა, ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობის პირდაპირი კონტროლიდან და სხვადასხვა სახის შეზღუდვიდან გამომდინარე, უცხოური ინვესტიციებით დაწყებული, სახელმწიფოებთან ვაჭრობით დამთავრებული.
აღსანიშნავია, რომ მეზობელ სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური თავისუფლების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით, 68.7 ქულით საქართველო გამოირჩევა. რეიტინგში 35-ე პოზიციით, ქვეყანა ზომიერად თავისუფალი სახელმწიფოების კატეგორიაში ერთიანდება. გასულ წელთან შედარებით, საქართველოს შედეგი 3.7 ქულითაა შემცირებული – 12 ქვეკატეგორიიდან, საქართველოს მაჩვენებელი მხოლოდ ორ, შრომისა და ფინანსური თავისუფლების კატეგორიაშია გაუმჯობესებული.
საქართველოს მეზობლებს შორის, ეკონომიკური თავისუფლების ყველაზე დაბალ, 53.8 ქულას რუსეთი (125) ფლობს, შემდგომ მოდის თურქეთი – 56.9 ქულითა და 104-ე პოზიციით, აზერბაიჯანი (75) 61.4 ქულით და ბოლოს სომხეთი (50) – 65.1 ქულით. შედეგად, თურქეთი და რუსეთი ძირითადად არათავისუფალი ეკონომიკის ქვეყნების, ხოლო აზერბაიჯანი და სომხეთი – ზომიერად თავისუფალი ეკონომიკის ქვეყნების კატეგორიაში ერთიანდება.
ეკონომიკური თავისუფლების მხრივ ქვეყნების ტოპ-ათეული:
- სინგაპური – 83.9 ქულა
- შვეიცარია – 83.8 ქულა
- ირლანდია – 82.0 ქულა
- ტაივანი – 80.7 ქულა
- ახალი ზელანდია – 78.9 ქულა
- ესტონეთი – 78.6 ქულა
- ლუქსემბურგი – 78.4 ქულა
- ნიდერლანდები – 78.0 ქულა
- დანია – 77.6 ქულა
- შვედეთი – 77.5 ქულა