ღია ბანკინგის დანერგვით საქართველო გლობალურ საბანკო-საფინანსო რუკაზე გამოჩნდა როგორც თანამედროვე და ინოვაციური მორიგი ბაზარი, – ამის შესახებ „ფინკა ბანკი საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ელაშვილმა Forbes Georgia-ს აპრილის თვის ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში აღნიშნა. ელაშვილის თქმით, ღია ბანკინგის პლატფორმით ხელმისაწვდომი გახდა გლობალური ინოვაციური ტექნოლოგიის (ე.წ. API) საქართველოში ან საქართველოდან შეთავაზება.
„კონცეპტუალურად ღია ბანკინგი არის ფინანსური სექტორის გამჭვირვალობისა და ფინანსურ სექტორში ინოვაციის წახალისების მნიშვნელოვანი საშუალება. ეს არის ზოგადად საბანკო სექტორის მომავალი, სადაც უფრო ღია პლატფორმებით მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, უფრო დიდი არჩევანი ჰქონდეს. ჩვენ, როგორც ბაზარზე არსებული შედარებით პატარა, ნიშური ბანკი, ამას ვუყურებთ, როგორც სამომავლო შესაძლებლობას. მიხარია, რომ „ფინკა ბანკი“ ღია ბანკინგის პლატფორმის დანერგვით ვახერხებთ იმას, რომ ქართული საბანკო სექტორიც „გავხსნათ“ და საშუალება მივცეთ ქართულ ფინანსურ ინსტიტუტებს – ბანკებსა თუ ფინანსურ-ტექნოლოგიურ (ე.წ. ფინტექ) კომპანიებს და IT დეველოპერებს, თავიანთი როლი ითამაშონ სექტორის მორიგ განვითარებაში“, – აღნიშნა ირაკლი ელაშვილმა.
მისივე თქმით, ღია ბანკინგი საქართველოს საბანკო სექტორისთვის კომპლექსური და მნიშვნელოვანი პროექტია და მისასალმებელია, რომ ევროპაში დაწყებული ინოვაციური ტრენდი ჩვენს ქვეყანაშიც შემოდის.
ცნობისთვის, ღია ბანკინგის დანერგვაზე „ფინკა ბანკმა“ 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად დაიწყო მუშაობა და პირველი ფაზის დასრულებაც სებ-ის განსაზღვრულ ვადებში მოასწრო. საქართველოს კანონმდებლობაში კი უკვე განხორციელდა ცვლილებები, რომლებითაც კომერციულ ბანკებს ევალებათ, გარკვეული ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადონ მესამე მხარის პროვაიდერებისათვის.
„ფინკა ბანკმა“ ღია ბანკინგის პროექტის განხორციელების პროცესში პარტნიორად გერმანული კომპანია TESOBE შეარჩია, რომლის აღმასრულებელი ხელმძღვანელი საიმონ რედფერნი აღნიშნავს, რომ ღია ბანკინგი, შეიძლება ითქვას, მსოფლიოში ახლახან იშვა, თუმცა, მისი ეფექტები უკვე ხელშესახებია. მისივე თქმით, გაერთიანებული სამეფოს უკვე 2.5 მილიონზე მეტი მოქალაქე და ბიზნესი ღია ბანკინგის აქტიური მომხმარებელია.
„დიდ ბრიტანეთში გაიზარდა კონკურენციაც და არჩევანიც – ფინანსურ სექტორში 300-ზე მეტი საბანკო თუ ფინტექ კომპანიაა ჩართული, რომელთა მეშვეობითაც იქმნება მიმზიდველი ფინანსური ეკოსისტემები. მომხმარებლები ევროპის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში იყენებენ მრავალფეროვან ფინტექ აპლიკაციებს, რომ სწორად მართონ საკუთარი ფინანსები. მაგალითად: ანგარიშების ე.წ. აგრეგირებული სახით ნახვის შესაძლებლობა; პირადი ფინანსების მართვის აპლიკაციები, დანაზოგების მართვის აპლიკაციები და ა.შ. ევროპის ზოგიერთი წამყვანი ბანკი მარეგულირებლის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებსაც კი სცდება და იწყებს უფრო დახვეწილი API-პროდუქტების შეთავაზებას. ეს ინოვაციები ცვლიან ფინანსურ სერვისებს ევროპაში და ისეთივე გავლენას მოახდენენ საქართველოშიც“, – ამბობს რედფერნი.
დატოვე კომენტარი