2017 წელს საქართველოში 824 ელექტრომობილი შემოვიდა, 2016 წელს კი მხოლოდ 34. გაზრდილია ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტიც. კერძოდ, გასულ წელს საქართველოში 16 514 ჰიბრიდული ავტომობილი შემოვიდა, 2016 წელს კი მხოლოდ 5390. სტატისტიკის სამსახურის მიერ ფორბსისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქართველები უპირატესობას იაპონურ ელექტრომობილებს ანიჭებენ. იაპონიიდან საქართველოში გასულ წელს 615 ელექტრომობილი შემოვიდა.
ჯამში ელექტროავტომობილების იმპორტმა გასულ წელს 9 მლნ დოლარს გადააჭარბა, იაპონიაზე კი 6.5 მლნ დოლარი მოდიოდა.
158 ელექტროავტომობილი შემოვიდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან, 12 ჩინეთიდან, 11-11 კი იტალიიდან და გერმანიიდან. 8 ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა თურქეთიდან, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე ნაწილდება.
ჰიბრიდული ავტომობილები საქართველოში უმეტესად ამერიკიდან შემოდის, – წლიურად აშშ-დან მსგავსი 14 761 ავტომობილის იმპორტი განხორციელდა. ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტმა 2017 წელს 89 მლნ დოლარს გადააჭარბა.
ჯამში გასულ წელს საქართველოში 475 მლნ დოლარზე მეტის ღირებულების მსუბუქი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა. მათმა რაოდენობამ კი 61 468 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირდა. შედარებისთვის, 2016 წელს საქართველოში სულ 88 013 ავტომობილი შემოვიდა.
მსუბუქი ავტომობილების იმპორტი საქართველოში ძირითადად შემდეგი ქვეყნებიდან ხორციელდება:
აშშ – 32 655
იაპონია – 17 286
გერმანია – 4680
თურქეთი- 1345
საბერძნეთი – 803
შეგახსენებთ, რომ უკვე 1 წელზე მეტია ავტომობილების იმპორტზე შეცვლილი საგადასახადო სისტემა მოქმედებს. კერძოდ, მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აქციზი გასამმაგდა, 5-წელზე ზევით ავტომობილებზე იმპორტის გადასახადი სხვადასხვა განაკვეთით გაიზარდა, ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში კი შემცირდა.
დატოვე კომენტარი