2011 წელს მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა დაახლოებით 55,000 ელექტრომობილი. 2021 წლისთვის ეს მაჩვენებელი თითქმის 7 მილიონამდე გაიზარდა. რაც უფრო მეტი ქვეყანა ჩაერთო „ელექტრიფიკაციის“ პროცესში ბოლო ათი წლის განმავლობაში, მით უფრო გაიზარდა ელექტრომობილების გლობალური ბაზარი. წინამდებარე ინფოგრაფიკა, სადაც გამოყენებულია ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემები, ასახავს ელექტრომობილების გლობალური გაყიდვების მკვეთრ ზრდას 2011 წლის შემდეგ და ყურადღებას ამახვილებს იმ ქვეყნებზე, რომლებიც ბაზრის ლიდერებად ჩამოყალიბდნენ.
საწყისი პერიოდი
2011-2015 წლებში ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები ყოველწლიურად საშუალოდ 89 პროცენტით იზრდებოდა. გაყიდვების ერთი მესამედი ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდიოდა.
წელი | მთლიანი გაყიდვები | წლიური ზრდა |
2011 | 55,414 | – |
2012 | 132,013 | 138.2% |
2013 | 220,343 | 66.9% |
2014 | 361,157 | 63.9% |
2015 | 679,235 | 88.0% |
მთლიანი გაყიდვები / ზრდის საშალო ტემპი | 1,448,162 | 89.3% |
2014 წელს ელექტრომობილების უმსხვილესი ბაზარი აშშ იყო, ხოლო ხუთეულის დარჩენილ ადგილებს ჩინეთი, ნიდერლანდები, ნორვეგია და საფრანგეთი იკავებდნენ. 2015 წელს ყველაფერი შეიცვალა. ჩინეთში ელექტრომობილების გაყიდვები წინა წელთან შედარებით 238 პროცენტით გაიზარდა, რის შედეგადაც ქვეყანა ბაზრის ლიდერად იქცა.
აღნიშნული მოვლენები შემთხვევითი არ ყოფილა – მათ წლების მანძილზე ეყრებოდა საფუძველი. ჩინეთის მთავრობის პოლიტიკა ელექტრომობილების წარმოების წახალისებაზე იყო მიმართული, ხოლო მყიდველებს მნიშვნელოვანი სუბსიდიები გამოეყოთ. 2016 წელს ჩინელებმა მეტი ელექტრომობილი შეიძინეს, ვიდრე მთელმა დანარჩენმა მსოფლიომ. მას შემდეგ ქვეყანა არ გაჩერებულა. 2021 წელს გლობალური გაყიდვების ნახევარზე მეტი კვლავ ჩინეთზე მოდიოდა.
ელექტრომობილების გაყიდვები ქვეყნების მიხედვით (2021 წ.)
2019 წელს ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. თუმცა 2020 წელს გაყიდვები 38 პროცენტით გაიზარდა, 2021 წელს კი წინა წელთან შედარებით გაორმაგდა. ამ ტენდენციების მთავარი მამოძრავებელი ძალა ჩინეთი იყო – 2021 წელს ქვეყანაში მეტი ელექტრომობილი გაიყიდა, ვიდრე 2020 წელს მთელ მსოფლიოში.
ქვეყანა | ელექტრომობილების გაყიდვები (2021) | მთლიანი გლობალური გაყიდვების % |
ჩინეთ | 3,519,054 | 51.7% |
აშშ | 631,152 | 9.3% |
გერმანია | 695,657 | 10.2% |
საფრანგეთი | 322,043 | 4.7% |
დიდი ბრიტანეთი | 326,990 | 4.8% |
ნორვეგია | 153,699 | 2.3% |
იტალია | 141,615 | 2.1% |
შვედეთი | 138,771 | 2.0% |
სამხრეთი კორეა | 119,402 | 1.8% |
ნიდერლანდები | 97,282 | 1.4% |
დანარჩენი ევროპა | 469,930 | 6.9% |
დანარჩენი მსოფლიო | 313,129 | 4.6% |
სულ | 6,809,322 | 100.0% |
ჩინეთში ხელმისაწვდომია ელექტრომობილების 300-მდე მოდელი (მეტი, ვიდრე სხვა ქვეყნებში), ხოლო ბატარეების 10 უმსხვილესი მწარმოებლიდან 4 ჩინეთიდანაა. ამასთან, ელექტრომობილების საშუალო ფასი ჩინეთში ჩვეულებრივი ავტომობილების საშუალო ღირებულებას მხოლოდ 10 პროცენტით აღემატება – მაშინ როდესაც მსოფლიოს სხვა წამყვან ბაზრებზე ეს მაჩვენებელი 45-50 პროცენტს აღწევს.
ევროპის უმსხვილესი ბაზარი გერმანიაა, სადაც 2021 წელს 700,000 ელექტრომობილი გაიყიდა – 72 პროცენტით მეტი, ვიდრე 2020 წელს. ქვეყანაში მოქმედებენ კონტინენტის უმსხვილესი ელექტრომობილების ქარხნები. გერმანიაში ე.წ. „გიგასაწარმოებით“ წარმოდგენილია ისეთი კომპანიები, როგორიცაა „ტესლა“, „ფოლკსვაგენი“ და ჩინური ბატარეების მწარმოებელი CATL. ზოგადად ევროპაში გაყიდვები 2021 წელს წინა წელთან შედარებით 65 პროცენტით გაიზარდა. როგორც ზემოთ მოყვანილი ცხრილიდან ჩანს, გლობალური ლიდერების ათეულში 7 ევროპული ქვეყანა შედის.
ამერიკაში ორი წლის მანძილზე გაყიდვების უარყოფითი დინამიკა შეიმჩნეოდა. თუმცა 2021 წელს გაყიდვების რაოდენობა გაორმაგდა, რაც, ერთი მხრივ, ბაზარზე ახალი მოდელების გამოჩენით იყო განპირობებული, ხოლო მეორე მხრივ – „ტესლას“ მიერ წარმოების გაზრდით. აშშ-ში გაყიდვების ნახევარი სწორედ „ტესლას“ მოდელებზე მოდის.
„ტესლა“ დომინირებს ამერიკაში
„ტესლა“ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ელექტრომობილების მწარმოებელია და ამერიკულ ბაზარზე ის უპირობო ლიდერია. 2011-2019 წლების პერიოდში აშშ-ში გაყიდული ელექტრომობილების 40% „ტესლას“ მოდელებზე მოდიოდა. გარდა ამისა, „ტესლა“ ამერიკაში 2015 წლიდან მოყოლებული ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილია.
ელექტრომობილის მოდელი | გაყიდვები (2021 წ.) | აშშ-ში ელექტრომობილების გაყიდვების წილი (2021 წ.) |
TESLA MODEL Y | 185,994 | 29.5% |
TESLA MODEL 3 | 147,460 | 23.4% |
FORD MUSTANG MACH-E | 27,140 | 4.3% |
CHEVY BOLT EV/EUV | 24,828 | 3.9% |
VOLKSWAGEN ID.4 | 16,742 | 2.7% |
TESLA MODEL S | 15,545 | 2.5% |
NISSAN LEAF | 14,239 | 2.3% |
PORSCHE TAYCAN | 9,419 | 1.5% |
TESLA MODEL X | 7,985 | 1.3% |
AUDI E-TRON | 7,429 | 1.2% |
წყარო: Cleantechnica
2021 წელს აშშ-ში გაყიდული ელექტრომობილების ნახევარზე მეტი „ტესლას“ მოდელებზე მოდიოდა, ხოლო ყველაზე გაყიდვადი მოდელი 2019 წელს გამოშვებული Model Y იყო. 2022 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, „ტესლას“ წილი ამერიკულ ბაზარზე 75 პროცენტამდე გაიზარდა.
„ტესლას“ პოპულარობის მიუხედავად, კომპანიას ბაზარზე შესაძლოა მალე სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდეს. სხვა ავტომწარმოებლების მიერ უკვე ხდება ახალი მოდელების განვითარება და ელექტრომობილების წარმოების გაფართოება. მაგალითად, „ჯენერალ მოტორსი“ 2025 წლისთვის 20 სხვადასხვა მოდელის გამოშვებას გეგმავს, ხოლო „ფორდი“ 2026 წლისთვის ყოველწლიურად 2 მილიონი ელექტრომობილის წარმოებას აპირებს. ბაზარზე მოქმედი და ახალი მოთამაშეების მხრიდან კონკურენციის გაზრდამ შესაძლოა, „ტესლას“ ბაზრის წილი შეამციროს.
დატოვე კომენტარი