Rivian Automotive Inc, რომელსაც მხარს Amazon.com Inc–ი უჭერს, ვარაუდობს, რომ აშშ–ში აქციების პირველადი განთავსების (IPO) შემდეგ მისი ღირებულება $53 მილიარდს გაუტოლდება, რაც ელექტრომობილების მწარმოებელს პოტენციურად თითქმის ისეთივე საბაზრო ღირებულების მქონეს გახდის, როგორიც კონკურენტი Honda Motor–ია.
სტარტაპი პირველი საჯარო შეთავაზებისას $8.4 მილიარდის მოზიდვას გეგმავს, რაც გასულ ათწლეულში ამერიის შეერთებულ შტატებში მოზიდული სახსრების სიდიდით მესამე IPO იქნება. Dealogic-ის მონაცემებით, 2011 წლიდან მხოლოდ სამმა კომპანიამ შეაგროვა $8 მილიარდზე მეტი.
Alibaba–მ 2014 წელს შეაგროვა რეკორდული $25 მილიარდი, Meta Platforms Inc-მა 2012 წელს $16 მილიარდი, ხოლო Uber-მა $8.1 მილიარდი 2019 წელს.
გასული წლიდან ელექტრომობილების ინდუსტრიაში ინვესტიციების მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა, განსაკუთრებით SPAC-ინვესტორებს შორის, რომლებიც მომავალ Tesla Inc-ს ეძებენ.
Rivian–ი 2009 წელს დაარსდა. სტარტაპი დიდ ინვესტიციებს ახორციელებს წარმოების გასაძლიერებლად, მათ შორის მაღალი დონის ელექტროპიკაპ R1T-სთვის, რომელიც სექტემბერში გამოვიდა და კონკურენციას უწევს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა Tesla, General Motors-ი და Ford-ი.
აღსანიშნავია, რომ Rivian-მა მიმდინარე წლის პირველი ნახევარი თითქმის $1-მილიარდიანი ზარალით დაასრულა. მიუხედავად ამისა, სექტემბრის მდგომარეობით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში დაახლოებით 48,390 წინასწარი შეკვეთა მიიღო პიკაპსა და R1S SUV-ებზე.
Amazon-მა, რომელმაც Rivian-ის 20%-იანი წილი ოქტომბრის ბოლოს გაასაჯაროვა, ელექტრომანქანების მწარმოებელს 100,000 ელექტრომიწოდების ფურგონი შეუკვეთა. ამ ნაბიჯით ელექტროკომერციის გიგანტი ნახშირორჟანგის ემისიის შემცირებას ცდილობს.
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიაში შეტანილი განაცხადის თანახმად, Ford-ს ელექტრომობილების სტარტაპში 5%-ზე მეტი წილი აქვს.
Rivian–ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი 135 მილიონ აქციას გაყიდიან, ხოლო ფასის დიაპაზონი $57–დან $62–მდე შეიცვლება.
დატოვე კომენტარი