ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, Xiaomi-ს აქციათა ფასი ბოლო დღეებში 16%-ით გაიზარდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიაზაცია $7.6 მილიარდით გაიზარდა, რაც Xiaomi-ს მიერ ახალი ელექტრომობილის წარდგენამ განაპირობა. გასულ კვირას Xiaomi-ს მიერ სპორტული ელექტრომობილის წარდგენამ საზოგადოების დიდი ინტერესი დაიმსახურა. თუმცა ფინანსური ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ წელს კომპანია თითოეულ ავტომობილზე $10,000-ს დაკარგავს.
შეგახსენებთ, რომ ჩინური ტექგიგანტის შემოსავლის მთავარი წყარო სმარტფონებია. Xiaomi-ს ბიუჯეტური სმარტფონები მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მათი გაყიდვით მიღებული შემოსავალი კი კომპანიისათვის $37.5 მილიარდს შეადგენს. აქციათა ფასის ზრდის შემდეგ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $55.2 მილიარდით განისაზღვრა. შედარებისათვის, ამერიკული ავტომწარმოებლების, თითქმის 100-წლიანი ისტორიის მქონე Ford-ისა და General Motors-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $53.1 და $52.4 მილიარდს შეადგენს.
რაც შეეხება ელექტრომობილს, Xiaomi SU7 – Speed Ultra 7 – მწარმოებლის ფლაგმანური მოდელია. ელექტრომობილებით გაჯერებულ ჩინურ ბაზარზე Xiaomi განსხვავებული, სპორტული ტიპის ელექტრომობილით შედის, რომლის ღირებულებაც საბაზისო მოდელისთვის $30,000-ზე ნაკლებით განისაზღვრა. შედარებისათვის, ჩინეთში ამერიკული ავტომწარმოებლის Tesla-ს Model 3-ის ღირებულება $34,400-ია.
Xiaomi-ს განცხადებით, მომხმარებლებისათვის მოლოდინის დრო 4-დან 7 თვემდე იქნება. კომპანიის განმარტებით, ელექტრომობილზე მოთხოვნა დიდია. არასრულ 24 საათში Xiaomi-მ 88,898 წინასწარი ჯავშანი მიიღო. Xiaomi აცხადებს, რომ 5,000 ერთეული SU7 უკვე წარმოებულია. კომპანია განმარტავს, რომ ელექტრომობილის დაბალი ღირებულების გამო პირველ წელს დიდი დანაკარგების მიღებაა მოსალოდნელი.