ამსტერდამში დაარსებულმა VanMoof-მა, რომელიც ელექტროველოსიპედებს აწარმოებს, $128 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა, – ამის შესახებ გამოცემა TechCrunch-ი წერს. ინვესტორებს შორის აზიური კერძო საინვესტიციო ფირმა Hillhouse-ი და Booking.com-ის ყოფილი აღმასრულებელი ხელმძღვანელი, გილიან ტანსი არიან. აღსანიშნავია, რომ გარკვეულ ბაზრებზე, VanMoof-ის ელექტროველოსიპედები ახლაც განსაკუთრებულად პოპულარულია, ხოლო მოზიდული ინვესტიცია მათ ახალი ბაზრების ათვისებაში დაეხმარება. ჯამში, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, VanMoof-მა $182 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა.
ელექტროველოსიპედების სხვა მწარმოებლებისაგან განსხვავებით, VanMoof-ი წარმოების მთელ პროცესშია ჩართულია, მათ შორის მიწოდების ჯაჭვსა და მომხმარებლის გამოცდილების მართვაში. ისინი პრემიუმ-ხარისხის ელექტროველოსიპედებს აწარმოებენ, რომლებიც ქალაქისთვისაა განკუთვნილი. ველოსიპედი აღჭურვილია ელექტროძრავით, რომელიც ოთხსიჩქარიან ავტომატურ კოლოფთანაა დაკავშირებული. ფუტურისტული დიზაინით გამორჩეული ველოსიპედები ჰიდრავლიკური მუხრუჭებით, ინტეგრირებული სანათებითა და გარკვეული სმარტ-ფუნქციებით, მათ შორის მოძრაობის დეტექტორით, GPS-ის ჩიპითა და ფიჭური კავშირის მიმღებითაა აღჭურვილი. თუკი ველოსიპედს დაკარგავთ, მის პოვნას როგორც VanMoof-ის აპლიკაციით, ასევე Apple-ის Find My App-ითაც შეძლებთ. VanMoof-ის უახლესი ელექტროველოსიპედი €2,198 ღირს.
„[ეს ინვესტიცია] შესაძლებლობას მოგვცემს, მომავალ ათ წელიწადში ჩვენს ველოსიპედებზე 10 მილიონი ადამიანი დავსვათ“, – აღნიშნა კომპანიის თანადამაარსებელმა და აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ტაკო ქარლაილმა.
დღეს, VanMoof-ის ელექტროველოსიპედებს 150 ათასი ადამიანი იყენებს. VanMoof-ი ევროპაში დაარსდა, მაგრამ, ყველაზე სწრაფად კომპანია ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე იზრდება. ჯამში, მსოფლიო მასშტაბით, კომპანიას 50 მაღაზია აქვს.
დატოვე კომენტარი