ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Eli Lilly კიბოს თერაპიის შემქნელი ფირმა Point Biopharma Global-ის შეძენას გეგმავს. გარიგების სავარაუდო ღირებულება $1.4 მილიარდია, ნაღდ ფულში აქციაზე $12.50, რაც კომპანიის განცხადებით, 87%-ით აღემატება Point-ის აქციების ვაჭრობის შემდგომ ფასს.
Point-ისა და Eli Lilly-ის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, Point-ი რადიოლიგანდურ თერაპიას ავითარებს – კიბოს მკურნალობის ფორმას, რომელიც რადიაციას პირდაპირ კიბოს უჯრედებისკენ მიმართავს და მინიმუმამდე ამცირებს ჯანმრთელი ქსოვილის დაზიანების შანსებს. გარდა ამისა, Point-ი ამჟამად PNT2002-ის წამალზეც მუშაობს. ეს მედიკამენტი პროსტატის კიბოს გვიან სტადიაზე მყოფი იმ პაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი, რომლებიც ჰორმონალურ მკურნალობას არ ექვემდებარებიან.
Eli Lilly-ის ონკოლოგიური განყოფილების Loxo@Lilly-ის პრეზიდენტის, ჯეიკობ ვან ნაარდენის განცხადებით, Point-ის შესყიდვა რთულად განსაკურნებელი კიბოს სამკურნალო საშუალებებში ინვესტიციების მხოლოდ დასაწყისია. კომპანიების მოლოდინით, გარიგება წლის ბოლომდე დასრულდება.
ცნობისთვის, Eli Lilly კიბოს მკურნალობის კვლევის მიმართულებით 2018 წელსაც გაფართოვდა, როდესაც $8 მილიარდად Loxo Oncology შეიძინა. მაშინ კომპანიის CEO-მ, დევიდ რიქსმა, ონკოლოგიაში ინვესტიციების სამომავლო ზრდაც დააანონსა.
IQVIA-ს გლობალური ონკოლოგიის ტენდენციების ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ 2022 წელს, ადამიანებმა კიბოს სამკურნალო საშუალებებზე $196 მილიარდი დახარჯეს. ორგანიზაციის პროგნოზით, ეს მაჩვენებელი 2027 წლისთვის $375 მილიარდამდე გაიზრდება.