დუბაის Emirates Group-მა 2022-2023 ფინანსურ წლებში რეკორდული, $3 მილიარდის მოგება მიიღო, ხოლო ჯგუფის შემოსავლები, 81%-იანი მატებით, $33 მილიარდამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ პანდემიის შესაკავებლად დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ავიაკომპანიის ზარალიც და, 2020-2021 წლების $5.5 მილიარდის შემდეგ, 2021-2022 წლებში მხოლოდ $1.1 მილიარდი შეადგინა.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორისა და თავმჯდომარის შეიხ აჰმედის განცხადებით, ავიაკომპანია პანდემიით გამოწვეული შედეგებისგან „სრულად გამოჯანმრთელდა“ და ოპერაციებიც გააფართოვა. Emirates-ის ინფორმაციით, ფრენებზე ადგილები ერთი წლის წინანდელი 58.6%-დან 79.5%-მდე შეივსო, მიმართულებების რაოდენობა კი 140-დან 150-მდე გაიზარდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ Emirates Group-მა სხვადასხვა მიმართულებით განვითარებისთვის დაფინანსებაც გაზარდა.
მაგალითად, Emirates Group-მა 2022-2023 წლებში, ახალი თვითმფრინავების, საავიაციო ობიექტების, აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით, $2 მილიარდის ინვესტირება განახორციელა. ავიაკომპანიას დაახლოებით 200 თვითმფრინავი უკვე შეკვეთილი აქვს. ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის მოლოდინით, Emirates Group-ი მოგებიანობას სავარაუდოდ 2023-24 წლებშიც შეინარჩუნებს, თუმცა მოუწევს, ყურადღებით დააკვირდეს ისეთ ფაქტორებს, როგორიც ინფლაცია, საწვავის მაღალი ფასები და პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობაა.
გარდა ამისა, Emirates-ის განცხადებით, კომერციულ ავიაციაში წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შესამცირებლად საჭირო კვლევითი ფონდისთვის ჯგუფი $200 მილიონის გამოყოფას გეგმავს.