სტარტაპების აქსელერაციისთვის, სწრაფი ზრდის და განვითარების ხელშეწყობისთვის წელს უკვე მეოთხედ საქართველოს ბანკი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და 500 Global-ი საქართველოში 500 Georgia-ს პროგრამას ახორციელებენ.
12 კვირიანი ინტენსიური გადამზადების კურსი უკვე დასრულდა, ახლა შერჩეული სტარტაპები Demo Day-სთვის ემზადებიან, სადაც ისინი საკუთარ ბიზნეს იდეებს პოტენციურ ინვესტორებს წარუდგენენ.
შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობას Emonomy-ც მიიღებს. ენდრიუ კისლოუს მიერ დაფუძნებული სტარტაპი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს კომპანიებს, დაგეგმონ ეფექტიანი კამპანია და გაზომონ მისი ეფექტიანობა. ამას კი ის ხელოვნური ინტელექტის (AI) დახმარებით ახერხებს.
უფრო დეტალურად Emonomy-ს საქმიანობის შესახებ თავად ენდრიუ კისლოუს გავესაუბრეთ.
„მარტივად რომ ავხსნათ, Emonomy მიზნად ისახავს, გადაწყვიტოს მედიის ბიუჯეტის არაეფექტიანი ხარჯვის პრობლემა. ამისათვის, ნეირომარკეტინგული კვლევის შედეგად, ჩვენი სტარტაპი კომპანიებს მათივე რეკლამებისა და კამპანიების შესახებ აუდიტორიის ემოციური რეაქციების მონაცემებს აწვდის, რაც ხელს უწყობს ბრენდის მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის ზრდას“, – გვიხსნის ენდრიუ.
როგორც განმარტავს, სტარტაპს შეუძლია, გაზომოს სხვადასხვა არხზე კამპანიის ფარგლებში გაშვებული რეკლამების ეფექტიანობა, მიაწოდოს ბიზნესს ინფორმაცია მარკეტინგული აქტივობის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ, რაც მათ შემდეგი ნაბიჯების განსაზღვრაში დაეხმარება.
„ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ბრენდებს, გაუშვან რეკლამები მათთვის ყველაზე მომგებიან არხებზე და მიიღონ მაქსიმალური სარგებელი“, – ამბობს ენდრიუ.
როგორც თავად გვიყვება, Emonomy-ს იდეა ორი კომბინაციის შედეგად შეიქმნა, პირველია კვლევითი სააგენტო – Brain Company – nueromarketing, მეორე კი ვებ სერვისი – Fastest, რომელიც შესაძლებლობას აძლევდა კომპანიებს, მარკეტინგული კვლევა ბევრად უფრო სწრაფად ეწარმოებინათ და ალტერნატიული მომხმარებლები კარგად გაეცნოთ.
ამასთან, გვიხსნის, რომ სტარტაპის საქმიანობა პირდაპირ კავშირშია მის საგანმანათლებლო საქმიანობასთან. ის დოქტორანტურაზე კოგნიტური ნეირომეცნიერების (Institute for Cognitive Neuroscience, HSE) მიმართულებით სწავლობს. ასევე არის ევროპის ნეირომეცნიერების საზოგადოებების ფედერაციის და ნეიროეკონომიკის საზოგადოების წევრი. ამასთან, ენდრიუ მეწარმეთა ორგანიზაციების მიერ მსოფლიოს 25 ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა მეწარმეთა შორის (GSEA) დასახელდა.
გამომდინარე იქიდან, რომ მისი ინტერესი მჭიდრო კავშირშია ნეიროეკონომიკისა და ნეირომარკეტინგის მიმართულებებთან, გადაწყვიტა, რომ ამ სფეროების გამოყენებით, ბრენდებისთვის ინოვაციური მარკეტინგული გადაწყვეტები შეექმნა. ასე შეიქმნა სტარტაპი Emonomy.
როგორც ამბობს, ბიზნესის პირველი ნაბიჯები საკმაოდ რთული აღმოჩნდა, განსაკუთრებით კლიენტების მოძიებისა და მოზიდვის კუთხით. ამასთან, სირთულეს წარმოადგენდა პროდუქტების დატესტვა და საპილოტე ქეისებზე მუშაობაც.
„განვითარების რაღაც ეტაპზე ვიგრძენით, რომ გვჭირდებოდა მენტორი, რომელიც დაგვეხმარებოდა, შეგვემუშავებინა ბაზარზე გასვლის ეფექტიანი სტრატეგია ჩვენი მომავალი პროდუქტისთვის, ამიტომ გადავწყვიტეთ მონაწილეობა მიგვეღო 500 Georgia-ში“, – ამბობს ენდრიუ.
განმარტავს, რომ 500 Georgia-ს პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათთვის მნიშვნელოვანი შენაძენია, რომელიც სტარტაპის ზრდასა და განვითარებაში დაეხმარებათ.
„500 Georgia-ს ჰყავს წარმოუდგენლად ძლიერი მენტორები, რომლებსაც შეუძლიათ, დაეხმარონ ნებისმიერ სტარტაპს, სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, გახდნენ უკეთესები და განვითარდნენ. ჩვენ გაოგნებული ვიყავით ლექციების შედეგად მიღებული ცოდნითა და მენტორების მიერ გაზიარებული შეხედულებებით. ასევე, ვფიქრობ, რომ სხვა დამფუძნებლებთან საუბარი საინტერესო გამოცდილება იყო – ეს პროცესი გეხმარება, სხვა დამფუძნებლების გამოცდილება საკუთარ გამოცდილებასთან გააერთიანო და მოახდინო რეფლექსია, რაც წარმატების საფუძველი გახდება”, – განმარტავს ენდრიუ.
როგორც ამბობს, მათი მიზანი ისეთი საპილოტე პროდუქტების შექმნაა, რომელიც ნათლად წარმოაჩენს მომხმარებლისთვის მათი პროდუქტის ღირებულებას. შემდეგ კი სურთ, პარტნიორობა უმაღლესი დონის მედია სააგენტოებთან დაიწყონ. S