ინდოეთის მზარდი როლი გლობალურ ძალთა ბალანსში

პეტრ2 (3)

2000 წელს რომის ნატოს თავდაცვის კოლეჯში ჩემს ნატოელ კურსელებთან ერთად დავამუშავეთ თემა სახელწოდებით: „გახდება თუ არა ინდოეთი ზესახელმწიფო?!“ ჩვენი დასკვნა იყო, რომ ზესახელმწიფოდ აღიარებას გაცილებით ბევრი რამ სჭირდება, ვიდრე მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდი დემოკრატიის სტატუსი, მაგრამ რეგიონული მასშტაბის გავლენიან მოთამაშედ გარდაქმნის შესაძლებლობა მას ნამდვილად ჰქონდა. დღეს ინდოეთი მსოფლიოს სიდიდით მე-5 ეკონომიკაა (მთლიანი შიდა პროდუქტი 2023 წლის მონაცემებით, 3.48 ტრილიონ დოლარს შეადგენს და ჩამორჩება მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩინეთს, იაპონიასა და გერმანიას); გასულ წელს ინდოეთმა პირველად უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში გაასწრო ჩინეთს ეკონომიკური ზრდის ტემპით; მიუხედავად დემოკრატიული უკუსვლისა, კვლავინდებურად არის მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდი დემოკრატია და გამოკითხვების მიხედვით ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი არის ყველაზე პოპულარული მსოფლიო ლიდერებს შორის.

სწორედ ამ ეპითეტით დაიწყო ერთი თვის წინ თავისი ოფიციალური ვიზიტი ნიუ-დელიში იტალიის პრემიერ მინისტრმა ჯორჯა მელონიმ. „გილოცავთ! თქვენ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ლიდერი ბრძანდებით“! იტალიის პრემიერის ვიზიტს მალევე გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ვიზიტი მოჰყვა, რომელიც ბიზნესმენთა დიდი დელეგაციის თანხლებით ჩავიდა ინდოეთში. მათ შემდეგ ინდოეთში, დიდი ოცეულის თავმჯდომარე ქვეყანაში, საგარეო საქმეთა მინისტრები სტუმრობდნენ, ხოლო სულ ცოტა ხნის წინ, კიევში ჩასვლამდე, ნიუ-დელის იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა ეწვია, რომელმაც პრემიერ-მინისტრ მოდისთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს გამოაცხადა რეგიონში 75 მილიარდი დოლარის ინვესტირების შესახებ. ცხადია, მათი დიდი ნაწილი სწორედ ინდოეთზე მოვა. იაპონია და ინდოეთი კიდევ ერთ მნიშვნელოვან, რეგიონულ ფორმატში თანამშრომლობენ. აშშ-სთან და ავსტრალიასთან (ავსტრალიის პრემიერი ენტონი ალბანეზი ასევე იმყოფებოდა მარტში ინდოეთში ოფიციალური ვიზიტით) ერთად, იაპონია და ინდოეთი ე.წ. ქუადში, ანუ ოთხთა კავშირში თანამშრომლობენ. ეს პლატფორმა ძირითადად ჩინეთის მხრიდან უსაფრთხოების გამოწვევებზე საპასუხოდ არის შექმნილი, თუმცა ის გარკვეულწილად ბრიქსის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) დამბალანსებელი ფორმატის ფუნქციასაც ატარებს. იაპონიის პრემიერმა, როგორც დიდი შვიდეულის თავმჯდომარემ, მაისში იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში სამიტში მონაწილეობის მისაღებად დიდი ოცეულის თავმჯდომარე ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მიიწვია. ვიზიტების ბლოკი რომ შევკრათ, აქვე გეტყვით, რომ ბატონი მოდი მიწვეულია სახელმწიფო ვიზიტით ივნისში ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ვიზიტები და მიწვევები ასეთი მასშტაბის ქვეყნის ლიდერისთვის უცხო და გასაკვირი ნამდვილად არ არის, მაგრამ ყველა ზემოხსენებული ფაქტორის გათვალისწინებით მაინც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ზოგადად დემოკრატიული სამყაროსთვის ინდოეთის როლი გლობალურ ძალთა ბალანსში სწრაფად იზრდება, მაგრამ ამ ყველაფერში განსაკუთრებული როლი უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამ ითამაშა. ინდოეთის ისტორიულმა ურთიერთობებმა ჯერ საბჭოთა კავშირთან, შემდეგ კი მის მემკვიდრე რუსეთის ფედერაციასთან, დამატებითი დატვირთა შეიძინა დემოკრატიული თანამეგობრობის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთისადმი მასშტაბური სანქციების დაწესების კონტექსტში. აქ საქმე არც ისე მარტივად არის. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ინდოეთს ამ დრომდე არ დაუგმია ოფიციალურად რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში და არც სანქციების რეჟიმი აუმოქმედებია პუტინის წინააღმდეგ. თუკი ომთან დაკავშირებით ინდოეთმა წუხილი და შეშფოთება გამოთქვა, ხოლო რუსეთის მიერ ბირთვული იარაღით შანტაჟის გამო მოდიმ პუტინთან შეხვედრაც კი გააუქმა, სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით არათუ რაიმე შეზღუდვები დააწესა, არამედ პირიქით, გაზარდა რუსეთთან ვაჭრობა. პირველ რიგში ეს, რა თქმა უნდა, ნავთობის იმპორტს შეეხო. ინდოეთმა ნამდვილად ისარგებლა ვითარებით და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთისგან კარგი ფასდაკლებით დიდი მოცულობით რუსული ნავთობის შესყიდვა დაიწყო. ეს ფასი უფრო ხელსაყრელია, ვიდრე დიდი შვიდეულის მიერ დაწესებული 60-დოლარიანი ზედა ზღვარი; ასე რომ ინდოეთმა, შეიძლება ითქვას, ერთდროულად ორი კურდღელი მოკლა: 1) გასული ერთი წლის განმავლობაში რუსული ნავთობის შესყიდვაზე ინდოეთმა 3.7 მილიარდი დოლარი დაზოგა, მაგრამ 2) ოფიციალურად ინდოეთი დიდი შვიდეულის დაწესებულ ფასს არ შეუერთდა!

ცხადია, დასავლეთისთვის სასურველია, რომ ინდოეთი ღიად ჩაერთოს უკრაინის მხარეს და ზემოქმედება მოახდინოს რუსეთზე, რათა მან უკრაინის მთელი ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარები გაიყვანოს და ამით ხელი შეუწყოს ომის დასრულებას. როგორც მოგახსენეთ, ინდოეთი ჯერჯერობით შეშფოთებით იფარგლება და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს? რა პირობებზე შეიძლება ინდოეთი დათანხმდეს, რომ ღიად დაუჭიროს მხარი უკრაინას? ინდოეთ-რუსეთის წარსული ისტორიიდან გამომდინარე და უკრაინაში რუსეთის ომის გამო შექმნილი ხელსაყრელი გარემოებების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ინდოეთმა სწრაფად შეიცვალოს საკუთარი პოზიცია და ღიად დაუჭიროს მხარი უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო და დიპლომატიურ ბრძოლაში. ამის ნათელი დადასტურება იყო, როდესაც ზელენსკიმ თავად დაურეკა პრემიერ-მინისტრ მოდის და თხოვნით მიმართა ინდოეთის ლიდერს უკრაინული სამშვიდობო ფორმულის მხარდაჭერის თაობაზე, მაგრამ 2023 წლის 24 თებერვალს, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით ინდოეთი მაინც არ შეუერთდა (თავი შეიკავა) გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაგმობის შესახებ.

მიუხედავად ამისა, უკრაინის მხარდაჭერის კონტექსტში, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ინდოეთის პრემიერმა ღიად გამოხატა უკმაყოფილება პუტინის მიერ ბირთვული იარაღით უკრაინისა და მსოფლიოს დაშანტაჟების გამო. ეს პოზიცია იმდენად კატეგორიული იყო, რომ, როგორც გითხარით, მოდიმ ორმხრივი სამიტიც კი გააუქმა პუტინთან. ეს პოზიცია კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს ახლო მომავალში, როდესაც უკრაინა ბრძოლის ველზე გარდამტეხ წარმატებებს მიაღწევს რუსეთთან ბრძოლაში.

აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველი სირთულეები გამოჩნდა ორ ქვეყანას შორის შეიარაღებით ვაჭრობის საკითხში. ცოტა ხნის წინ ინდოეთმა განაცხადა, რომ რუსეთი ვერ ასრულებს შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს ინდოეთისთვის შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით. მაღალი ალბათობით, ახლო მომავალში ამ მიმართულებით მდგომარეობა არ გაუმჯობესდება. გარდა ამისა, უკრაინის წარმატების შემთხვევაში, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ ძებნილი პუტინის გავლენა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ კიდევ უფრო შეირყევა და მოდისთვის სულ უფრო რთული იქნება პუტინთან ურთიერთობების შენარჩუნება. დაბოლოს, ჩინეთის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერამ და მათ შორის უფროს-უმცროსის ტიპის პარტნიორული ურთიერთობების ფაქტობრივმა გაფორმებამ ინდოეთს დამატებითი საფიქრალი გაუჩინა. დასავლეთს რომ ცოტა ხნით თავი დავანებოთ, ინდოეთსა და ჩინეთს თავადაც საკმაოდ რთული და დაძაბული ურთიერთობა აქვთ. შესაბამისად, ჩინეთ-რუსეთის კავშირები თუ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით, ინდოეთს, ჩემი აზრით, მოუწევს ბოლო-ბოლო პოზიციის მკაფიოდ გამოხატვა და კონკრეტულ მხარეს, კერძოდ დემოკრატიული თანამეგობრობის მხარეს დადგომა.

რაც შეეხება ინდოეთის გლობალურ მოთამაშედ გადაქცევას, ვფიქრობ, ჯერ მისი როლის ზრდა უფრო რეგიონული მასშტაბით შემოიფარგლება, თუმცა, გლობალურ ეკონომიკურ და სამხედრო-პოლიტიკურ პროცესებში ამჟამად არსებული ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, გლობალური მასშტაბის მოთამაშედ ინდოეთის ჩამოყალიბების შანსები გაიზრდება.

გააზიარე