პოლონური UOKiK-ის აბერკოტი რუსულ “გაზპრომ“-ს

პოლონური UOKiK-ის აბერკოტი  რუსულ “გაზპრომ“-ს

არ დაგიმალავთ: გულწრფელად ვგულშემატკივრობ რუსული “გაზპრომ“-ის და, შესაბამისად, კრემლის გავლენების შემცირებას და საბოლოო ჯამში საერთოდ დასრულებას. ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, პოლონეთსა და ბალტიურ ქვეყნებში რუსულ ენერგორესურსზე “ჩამოკიდების“ საფრთეხეს ყველა შესაძლო გზებით ებრძვიან და გარკვეულ წარმატებასაც აღწევენ, თუმცა საბოლოო გამარჯვებამდე ჯერ კიდევ გზა არის გასავლელი. მიუხედავად იმისა, რომ არ არის და ალბათ არც არასდროს იქნება რუსეთი და მისი “გაზპორმი“ აპოლიტიკური, წმინდად ეკონომიკური და “fair play“-ის წესებით მოთამაშე გლობალურ ენერგეტიკულ მოედანზე; მიუხედავად იმისა, რომ ღიად, აშკარად და დადასტურებულად რუსეთი სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის ადამიანებს კონკრეტულად ევროპის კონტინენტზე, სიცოცხლეს უსპობს თავისუფალ ადამიანებს ბერლინში, პარიზსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში, ჯერ კიდევ ძლიერია “მთავარია ეკონომიკა; მთავარია გათბობა; მთავარია იეფობა“-ს გენერალურ ხაზს ამოფარებული რუსეთის პოლიტიკური ლობი ევროპაში.

6% ანუ დაახლოებით 80 კილომეტრი – სწორედ ამდენი დარჩა 1230-კილომეტრიანი გაზსადენის დასრულებამდე, რომელიც გაივლის უკვე არსებული გაზის მილის პარალელურად და ყოველწლიურად დამატებით 55 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიაწვდის გერმანიას. პროექტი 11 მილიარდი დოლარი ჯდება, მაგრამ მისი პოლიტიკური ღირებულება გაცილებით დიდია. პროექტში გაზპრომის გარდა ევროპული კომპანიებიც მონაწილეობენ და მათი ინტერესიც რუსულ გაზპრომ-ზე არანაკლებია.
ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: ეკონომიკური მდგენელი ზოგადად სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების განუყოფელი და უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ალბათ, არავინ არის იმდენად გულუბრყვილო, რომ იფიქროს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია მხოლოდ იდეალების სადარაჯოზე დგას და ეკონომიკა და ენერგოდოლარები არ აინტერესებს. რა თქმა უნდა, აშშ-ს სურს რუსულ ბუნებრივ აირზე უფრო ძვირად ღირებული ამერიკული თხევადი გაზის ევროპელი პარტნიორებისთვის  მიყიდვა; რა თქმა უნდა, ეს არის დამატებითი შემოსავლები ამერიკულ ბიუჯეტში, ამერიკული ენერგოსექტორში და ამერიკულ ოჯახებში; რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური წარმატების საფუძველი; მაგრამ… არის ასევე დიდი მაგრამ… რუსეთის ხელისუფლება შესაჩერებელია, მისი ლიდერი კი შესაბოჭი (მე ვიტყოდი გასაკოჭიც). ამ კონკრეტულ საკითხში ლოგიკა აშკარად, დონალდ ტრამპის მხარეს არის: ევროპა აღიქვამს რუსეთს საფრთხედ და ითხოვს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან დაცვას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას; თავად ეკონომიას აკეთებს თავდაცვის ბიუჯეტზე და სამაგიეროდ აკურატულად იხდის ასეულ მილიონობით დოლარს იმავე რუსულ ბუნებრივ აირში, რომ მერე რუსეთმა აშენოს ბომბდამშენები, ამზადოს “ნოვიჩოკები“ და აგრუხუნოს ტანკები. ასეთ ვითარებაში ძალიან რთულია, პრაქტიკულად შეუძლებელია ნორდსტრიმ 2-ის პროექტის წმინდა ეკონომიკურ დანიშნულებაში დარწმუნება. ჰოდა, ცდილობს აშშ-ც; აქტიურობენ ბალტიური ქვეყნებიც და იბრძვის პოლონეთიც.

რამდენიმე დღის წინ, პოლონურმა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა “UOKiK“-მა პოლონურ სასამართლოში მოიგო საქმე გაზპრომის წინააღმდეგ, რომლის თანახმად გაზპრომის მიერ ნორდსტრიმ 2-ის გაყვანის და ამოქმედების შემთხვევაში პოლონელი გადასახადის გადამხდელების ინტერესები შეილახება და პოლონური ენერგოსფეროში მოღვაწე კომპანიების მდგომარეობა გაუარესდება. ცხადია, გაზპრომი არ ცნობს პოლონური სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად პოლონურმა ანტიმონოპოლიურმა სამსახაურმა 7.5 მლრდ დოლარს მიიღებს გაზპრომ-ისგან. სხვათა შორის, 62 მლნ დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა ეკისრებათ პროექტში მონაწილე გერმანულ “უნიპერ“-ს და “უინტერშელს“, ავსტრიულ “ო ემ ვი“-ს და “ენჯი“-ს და ბრიტანულ-ჰოლანდიურ “შელ“-ს. სიხარულით არც ეს კომპანიები შეხვედრიან პოლონური სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა გაზპრომ-ის და რუსეთის ხელისუფლების რეაქცია მაინც გაცილებით უფრო მწვავე იყო.

შეუძლია ამ გადაწყვეტილებას ნორდსტრიმ 2-ის მშენებლობის შეჩერება? პირდაპირი მნიშვნელობით არა; მაგრამ ეს გადაწყვეტილება გაზპრომს და მის ევროპელ პარტნიორებს ევროპულ სასამართლოებში სირბილს წლების მანძილზე ნამდვილად აიძულებს და მაღალი ალბათობით საბოლოო ჯამში მათ სერიოზულ ფინანსურ დარტყმას მიაყენებს. უკვე დამდგარი გადაწყვეტილებების პრაქტიკიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო, რუსულ კომპანიას ამ თანხის გადახდას დაავალდებულებს. შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ასე მოხდა უკრაინის შემთხვევაშიც. უკრაინულმა ნავთოგაზ“-მა 2.9 მლრდ დოლარის კომპენსაცია მიიღო გაზპრომისგან. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რუსული ბუნებრივი აირის ექსპორტი და, შესაბამისად, გაზპრომ-ის  (ვამბოთ გაზპრომს, ვგულისხმოთ რუსეთს) შემოსავლები ბოლო წლებია კატასტროფულად მცირდება (მაგალითისთვის თურქეთში გასულ წელს რუსული ბუნებრივი აირის მექსპორტის მოცულობა 40%-ით შემცირდა და 4.3 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა), ისედაც გაპარტახებული ეკონომიკის პირობებში დამატებით 7.5 მლრდ დოლარის გადახდის წარმოდგენაც კი ტვინში სისხლს უქცევს გაზპრომის შეფს ალექსეი მილერს და მის უშუალო ბოსს ვლადიმერ პუტინს.

ისევე როგორც აშშ, პოლონეთიც არ არის ოდენ თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეაფიქსით შეპყრობილი. ნაკლებად, მაგრამ მასაც აქვს კონკრეტული ინტერესი რუსული ენერგო მონოპოლიის შეზღუდვა/შემცირებაში. თუმცა, მთავარი პოლონეთისთვის მაინც რუსეთის წინააღმდეგ აშშ-თან ერთიანი ფრონტით გამოსვლა და ამით ეროვნული, საერთო ევროპული და სხვასთან ერთად კონკრეტულად უკრაინული ინტერესების დაცვაა. ნეტა ყველა ასე ფიქრობდეს!! ცოტა ხნის წინ ნავალნის მოწამვლამ და კრემლის მიერ მისი მკვლელობის მცდელობამ ხანმოკლე დროით მაინც გააჩინა განცდა, რომ ნორდსტრიმ 2-ის პროექტიც მოიწამლებოდა, თუმცა გერმანულ საქმიან წრეებზე და მათზე მნიშვნელოვნად დამოკიდებულ ხელისუფლებაზე არც ამან იმოქმედა და დღეს უკვე კვლავ გვესმის გერმანული ოფიციოზიდან, რომ გაზსადენის და ნავალნის მოწამვლის საკითხები ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.

რა შანსია რეალურად რომ შეჩერდეს ნორდსტრიმ-2? ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული ამერიკის შეერთებულ შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე. თუ დონალდ ტრამპი მეორე ვადით იქნება არჩეული, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ის განიხილავს სანქციების შემოღებას გაზპრომის ზემოხსენებული ევროპელი პარტნიორების წინააღდეგ, ამ უკანასკნელთათვის კი ნამდვილად არ არის სულერთი ამერიკული სანქციები (მშვიდი და გულგრილი არც რუსეთია, მაგრამ გარეგნულად მაინც ყინჩად არიან; ზახაროვას დონეზე მაინც J). მოიგებს თუ არა დონალდ ტრამპი არჩევნებს, მოასწრებს თუ არა ფიცის დადებას, ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას და ახალი სანქციების შემოღებას, ამას ნოემბერში გავიგებთ, მაგრამ დონალდ ტრამპი და ანჯეი დუდა რომ იდეურადაც და საქმითაც თანამოაზრეები არიან რუსეთის გავლენების შესუსტების საქმეში, ეს უკვე რეალობაა და მას ვერავინ გაექცევა. ძალიანაც კარგი. წარმატებები მათ!

გააზიარე