როგორ გამდიდრდა “Canon“?

როგორ გამდიდრდა “Canon“?

მსოფლიოში ყოველწლიურად გაყიდული ფოტოაპარატების 45% “Canon“-ზე მოდის. 2019 წელს “Canon“-მა 33 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მოგებამ კი 2 მილიარდი დოლარი შეადგინა. კომპანიის აქტივები 49 მილიარდი დოლარი, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 19 მილიარდი დოლარია. დასაქმებული ჰყავს 200 ათასამდე ადამიანი.

1933 წელს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, სამმა იაპონელმა ინჟინერმა გორო იოშიდამ, საბურო უჩიდამ და ტაკეო მაედამ “ზუსტი ოპტიკური ინსტრუმენტების ლაბორატორია“ დააარსეს. 1937 წლამდე ლაბორატორია გარკვეულ ოპტიკურ დეტალებს აწარმოებდა. როდესაც ლინზების წარმოება დახვეწეს, გადაწყვიტეს დაეწყოთ ფოტოაპარატების წარმოება. ამისთვის დამატებითი ფული ჭირდებოდათ, ამიტომ აქციები გაყიდეს და მილიონ იენამდე მოიზიდეს. თანამშრომლების რაოდენობა 30-დან 150-მდე გაზარდეს. პირველი 35 მმ-იანი კამერა “Kwanon“ 1934 წელს გამოუშვეს. სახელი იოშიდამ შეარჩია, რომელიც ბუდისტი იყო. ბუდიზმში Kwanon ჰქვია მრავალხელიან ლმობიერების ქალღმერთს. კომპანიას “Canon“ 1947 წლიდან ჰქვია, რაც ნიშნავს “ქვემეხს“, თუმცა “Canon“-ის დასახელების ფოტოაპარატების გამოშვება 1935 წლიდან დაიწყო.

“Canon“-ს დაარსების დღიდან თავისი ხელწერა აქვს, რასაც იაპონიაში “ჭეშმარიტ სამურაის“ უწოდებენ. სამურაის მებრძოლების მსგავსად, “Canon“ ცდილობს მოწინააღმდეგეების (კონკურენტების) სუსტი წერტილები იპოვოს და “დაარტყას“. თავიდან მისი მთავარი კონკურენტები გერმანული კომპანიები  “Carl Zeiss“ და “Contax“ იყვნენ. “Canon“-მა მოახერხა, რომ მისი პროდუქციის ფასი გერმანულზე გაცილებით იაფი იყო.

კომპანიის კამერებმა თავიდანვე მოწონება დაიმსახურა. 1940 წელს “Canon“-მა პირველი იაპონური რენტგენის აპარატი გამოუშვა.

მეორე მსოფლიო ომის დროს “Canon“-მა დიდი ზარალი განიცადა, რადგან ფოტოაპარატებზე მოთხოვნა შემცირდა. ომის დასრულების შემდეგ, იაპონიის ეკონომიკამ სწრაფი აღდგენა დაიწყო და ფოტოაპარატებზეც იზრდებოდა მოთხოვნა. 1946 წელს კომპანიამ პირველი სერვის ცენტრი გახსნა ტოკიოში, სადაც კამერების შეკეთება ხდებოდა. 1949 წელს “Canon“-ის კამერა იაპონიაში საუკეთესოდ დასახელდა. ამავე წელს კომპანიამ ტოკიოს საფონდო ბირჟაზე გაყიდა აქციები.

1954 წელს “Canon“-მა ტელეგადაღებისთვის საჭირო პირველი ვიდეო კამერა გამოუშვა. მომდევნო წელს კი ნიუ იორკში გახსნა ფილიალი და აშშ-ში კამერაბის გაყიდვა აქტიურად დაიწყო. 1957 წელს კი ევროპაშიც შევიდა, პირველი სადისტრიბუციო ოფისი ჟენევაში დააფუძნა.

1961 წელს კომპანიამ ახალი დიდი ქარხანა გახსნა ტორიდეში და “ელექტრო თვალის“ მქონე პირველი კამერა “Canonet“ გამოუშვა. ახალი კამერების მთლიანი პარტია რამდენიმე დღეში გაიყიდა. 1963 წელს კომპანია უკვე წელიწადში მილიონ კამერას ყიდდა.

“Canon“-მა 1964 წელს მსოფლიოში პირველი ელექტრო კალკულატორი “ Canola 130“ გამოუშვა. 1965 წელს კი კოპირების მანქანების წარმოება დაიწყო, პირველი იყო “Canofax 1000“. 1967 წლისთვის “Canon“-ის პროდუქციის ნახევარზე მეტი ექსპორტზე გადიოდა. 1970 წელს კომპანიამ პირველი ქარხანა ააშენა იაპონიის გარეთ, კერძოდ ტაივანში.

1975 წლიდან “Canon“-მა ლაზერული პრინტერების წარმოება დაიწყო, რასაც დღემდე საკმაოდ წარმატებულად აწარმოებს. 1770-იანი წლების ბოლოს კომპანიის შემოსავალმა 200 მილიარდ იენს (დაახლობით მილიარდ დოლარი) გადააჭარბა.

1980-1990-იან წლებში კომპანიის პროდუქციის მრავალფეროვნება და ხარისხი იზრდებოდა, შესაბამისად შემოსავალიც მატულობდა. ყველაზე წარმატებული პროდუქტები იყო: ფოტო და ვიდეო კამერები, პრინტერები, კოპირების მანქანები და კალკულატორები. ფოტოაპარატებში დიდი წინსვლა იყო EOS-ის სისტემაზე გადასვლა. 1993 წელს გამოშვებულმა კამერა EOS 500-მა გაყიდვების ყველა რეკორდი მოხსნა.

2000-იანი წლებიდან “Canon“-მა სხვადასხვა კომპანიების შესყიდვა დაიწყო, მათ შორის მოხვდა “ Hirosaki Seiki“, ჰოლანდიური “Oce“, “Tereck Office Solutions“, “Lifecake“ და სხვა.

2016 წელს “Canon“-მა ყველაზე მსხვილი ტრანზაქცია განახორციელა, როდესაც 6 მილიარდი დოლარად “Toshiba Medical Systems Corporation“ შეისყიდა.

COVID-19 “Canon“-იც მნიშვნელოვნად დააზარალა. კომპანიამ შესაძლოა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ზარალით დაასრულოს 2020 წელი.

გააზიარე