ქალბატონი მერკელის სახელობის გაზსადენი
2021 წლის 10 სექტემბერს, მოსკოვის დროით დილის 08.45-ზე „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ „ნორდსტრიმ 2-ის“ გაზსადენის მშენებლობა დასრულებულია.
ხუთი წლის წინ დაწყებული 1280 კმ-იანი გაზსადენის მშენებლობა, რომელიც ბალტიის ზღვის გავლით რუსეთიდან ევროპას გაზს მიაწვდის, მეტ-ნაკლები წარმატებით მიმდინარეობდა, ვიდრე აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ადმინისტრაცია 2019 წლის მიწურულს სანქციებს დააწესებდა. აშშ-ის იმჟამინდელი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სანქციები შეეხებოდა ნებისმიერ კომპანიას, რომელიც დაეხმარებოდა „გაზპრომს“ გაზსადენის მშენებლობის დასრულებაში. მართალია, იმ დროისთვის სამუშაოების 85%-ზე მეტი უკვე შესრულებული იყო, მაგრამ დარჩენილი კილომეტრების მშენებლობაში მონაწილეობაზე დაუყოვნებლივ თქვა უარი შვეიცარიულმა კომპანიამ. 2020 წელს რუსეთმა საკუთარი გემები ბალტიის ზღვაში გადაისროლა, რათა პროექტი ბოლომდე მიეყვანა. დონალდ ტრამპმა მათ წინააღმდეგაც შემოიღო სანქციები, ისევე როგორც იმ კომპანიების მიმართ, ვინც რაიმე ფინანსურ ოპერაციას განახორციელებდა გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებულ კომპანიებთან. აღსანიშნავია, რომ „ნორდსტრიმ 2-ის“ კონსორციუმში „გაზპრომის“ გარდა შედიოდნენ გერმანული Wintershall Dea და Uniper-ი, ავსტრიული OMV, აგრეთვე ფრანგული ENGIE და ბრიტანულ-ჰოლანდიური Shelly. . ცხადია, ამ კომპანიებისთვის და იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც ისინი წარმოადგენდნენ 11 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტში, დონალდ ტრამპის ხისტი პოზიციამიუღებელი იყო და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა.
მერე იყო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც, როგორც იცით, გაიმარჯვა დემოკრატმა ჯოზეფ ბაიდენმა. ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბების პროცესში გაკეთებული პირველი განცხადებები თითქოს კარგს არაფერს უქადდა არც „ნორდსტრიმ 2-ს“, არც რუსეთს და არც გერმანიას, მაგრამ ამის პარალელურად ამერიკის შეერთებული შტატების ახალარჩეულმა პრეზიდენტმა პირველივე დღეებიდან ძალიან მკაფიოდ დაანახა მსოფლიოს, რომ ის აპირებდა ევროპელ პარტნიორებთან დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს შექმნილი დაძაბულობის მოხსნას და ურთიერთობების ნორმალიზებას. პრაქტიკულად ბაიდენის მმართველობის პირველივე თვეებში ნათლად გამოჩნდა, რომ გერმანიასთან ურთიერთობების გამოსწორებისთვის ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან ბევრზე იყო წამსვლელი. პირველი მერცხალი ამ მიმართულებით იყო დონალდ ტრამპის იმ გადაწყვეტილების გაუქმება, რომელიც ეხებოდა ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გერმანიიდან გაყვანას. ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან გადადგმულ ამ ნაბიჯს არც რაიმე განსაკუთრებული წინააღმდეგობა მოჰყოლია და არც გაკვირვება. თუმცა, რაც დრო გადიოდა, სულ უფრო ცხადი ხდებოდა, რომ „ნორდსტრიმ 2-თან“ დაკავშირებითაც ამერიკის შეერთებული შტატები მიიღებდა გადაწყვეტილებას, რომელსაც არა მხოლოდ უკრაინელები, პოლონელები და ბალტიის ზღვის ქვეყნები, არა მხოლოდ ამერიკელი რესპუბლიკელები, არამედ თავად ჯოზეფ ბაიდენის გავლენიანი თანაპარტიელებიც კი არ მიესალმებოდნენ.
მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, მაინც მოხდა ის, რასაც ბოლო თვეებში ყველა მოელოდა. დიდი შვიდეულის, ნატო-სა და აშშ-ევროკავშირის სამიტებამდე აშშ-ის ადმინისტრაციამ მოუხსნა სანქციები „ნორდსტრიმ 2-ის“ ოპერატორ კომპანია „ნორდსტრიმ 2 AG-ს“ და მის ხელმძღვანელს, წარსულში აღმოსავლეთ გერმანიის უშიშროების სამსახურის, შტაზის, ერთ-ერთ ხელმძღვანელს მატიას ვარნიგს, ხოლო 11 ივლისს გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვაშინგტონში შემდგარი გამოსამშვიდობებელი ვიზიტის დროს მასსა და ჯოზეფ ბაიდენს შორის საბოლოოდ შეთანხმდა ყველა პრობლემური საკითხი, რომლებიც ეხებოდა „ნორდსტრიმ 2-ის“ მშენებლობის დასრულებას და მის ექსპლუატაციაში შესვლას.
შემდეგ იყო ანგელა მერკელის ვიზიტი რუსეთში, რომლის დროსაც ვლადიმირ პუტინთან განხილვის (ერთ-ერთ) მთავარ საკითხს სწორედ გაზსადენის ამოქმედება და პარალელურად უკრაინის სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენებით რუსული გაზის ევროპაში შეუფერხებლად მიწოდება წარმოადგენდა. მხოლოდ ამის შემდეგ ჩავიდა ანგელა მერკელი უკრაინაში და შეხვდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელსაც, სამწუხაროდ, გერმანიის კანცლერისგან არავითარი გარანტიები არ მიუღია, რომ რუსეთთან არსებული კონტრაქტის 2024 წელს ამოწურვის შემდეგ კვლავ გაგრძელდება უკრაინის გავლით ევროპაში რუსული გაზის მიწოდება. ვერც მიიღებდა. ანგელა მერკელის ვიზიტის დროს რუსეთის პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ ამ კონტრაქტის გაგრძელება იმ შემთხვევაში განიხილება, თუ: 1) უკრაინა „კარგად მოიქცევა“ და 2) ევროპიდან იქნება წინასწარი კონტრაქტები გაზის შესყიდვებზე. ვერაფერს იტყვი! ნამდვილად მოგებიანი პოზიცია შეუქმნეს ვლადიმირ პუტინს! რუსეთისთვის „კარგად მოქცევა“ კი ვიცით ყველამ, რასაც ნიშნავს, ოღონდ ისიც რუსეთმა უნდა გადაწყვიტოს, კარგად იქცევა თუ არა ესა თუ ის ქვეყანა, ამ შემთხვევაში – უკრაინა. ამავე დროს, ევროპელებისთვისაც, რომელთა დამოკიდებულება ისედაც დიდი იყო რუსულ გაზზე (ამ დრომდე ევროპა ბუნებრივი აირის დაახლოებით მესამედს რუსეთიდან იღებს), ხოლო მას შემდეგ, რაც „ნორდსტრიმ 2-ით“ ევროპას ყოველწლიურად დამატებით 55 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზი მიეწოდება, „გაზპრომის ნემსისგან“ გათავისუფლება კიდევ უფრო მეტად გართულდება.
ფორმალურად დარჩენილია გერმანიის რეგულატორის მხრიდან მწვანე შუქის ანთება, ანუ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება და ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სერტიფიკატების გაცემა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ აქ რაიმე შეფერხებას ჰქონდეს ადგილი. ერთადერთი დამაბრკოლებელი რუსეთიდან ევროკავშირში ყოველწლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებაზე შეიძლება გახდეს ევროკავშირის ენერგობაზრის ანტიმონოპოლიური რეგულაციები, რომელთა თანახმად, რუსეთში უნდა არსებობდეს კიდევ სხვა, მესამე მხარე, ანუ „გაზპრომის“ კონკურენტი J, რომელიც ევროკავშირს რუსულ გაზს მიაწვდის. პოლონეთი სწორედ ამ მიმართულებით აპირებს ბრძოლის გაგრძელებას. უნდა აღინიშნოს, რომ პოლონეთს საერთაშორისო არბიტრაჟში რუსეთის დამარცხების კარგი გამოცდილება აქვს, მაგრამ ამ სამართლებრივ ბრძოლას წლები დასჭირდება. არსებული ინფორმაციით, „ნორდსტრიმ 2-ის“ გაზსადენი უკვე 1 ოქტომბრისთვის იქნება მზად ბუნებრივი აირის პირველი პარტიის ევროპაში გასატარებლად. მიუხედავად იმისა, რომ გერმანული მარეგულირებლის მხრიდან თანხმობის გაცემას შეიძლება დაახლოებით 2 თვე დასჭირდეს, აქაც არსებობს „ხვრელები“: საერთაშორისო კანონმდებლობა არ კრძალავს გაზის მიწოდების დაწყებას აუცილებელი პროცედურების დასრულებამდე. ასე იქნება თუ ისე, მაღალი ალბათობით, წლის ბოლომდე რუსეთი აუცილებლად მიაწვდის ევროკავშირს ბუნებრივი აირის პირველ მოცულობებს „ნორდსტრიმ 2-ის“ გავლით, იმიტომ რომ… თავად ევროკავშირს ეჩქარება ზამთრისთვის ბუნებრივი აირის მარაგების შევსება.
ორ კვირაზე ნაკლები რჩება გერმანიის საპარლამენტო არჩევნებამდე. ამ წუთის მდგომარეობით სოციალ-დემოკრატები უკვე საგრძნობლად უსწრებენ კვლევებში ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატებს, მესამე ადგილზე კი გერმანიის მწვანეები არიან. ამ სამიდან მხოლოდ მწვანეთა პარტიის ლიდერს ანალენა ბერბოკს ჰქონდა ყველაზე კრიტიკული პოზიცია ნორდსტრიმ „2-თან“ მიმართებით, მაგრამ აქაც იყოჩაღა რუსულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ. მისი ტროლ-ბოტების ქარხანა ისეთი სიძლიერით ამუშავდა ანალენა ბერბოკის წინააღმდეგ, რომ მწვანეთა პარტიის პირველ ადგილზე გასვლის მანამდე არსებული თეორიული შანსებიც კი მოსპო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მწვანეები შევლენ გამარჯვებულ პარტიასთან კოალიციაში და, დავუშვათ, მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალიან მნიშვნელოვან პორტფელს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შექმნილ ვითარებაში მათ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიონ რუსული გაზსადენის ფუნქციონირების დაწყებას.
ბევრს მიუძღვის წვლილი იმაში, რომ: 1) „ნორდსტრიმ 2-ის“ ამოქმედებით უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და მის ეროვნულ ინტერესებს კიდევ უფრო დიდი საფრთხე დაემუქრება რუსეთიდან, 2) ევროკავშირი კიდევ დიდხანს იქნება სერიოზულად დამოკიდებული რუსულ ენერგომატარებლებზე, 3) რუსეთს კვლავ გაეზრდება ბიუჯეტში ენერგოდოლარების შემომავალი ნაკადები (წელს 1000 კუბურ მეტრზე ბუნებრივი აირის ფასმა კვლავ სარეკორდო მაჩვენებელს – 696 დოლარს მიაღწია) და რაც მთავარია 4) რუსეთს კვლავ ექნება ხელში პოლიტიკური ზემოქმედების ძალიან სერიოზული ბერკეტები იმ ქვეყნების წინააღმდეგ, ვინც დამოუკიდებლად და დემოკრატიულად განვითარებას ცდილობს, აგრეთვე მათ წინააღმდეგაც, ვინც ამ ქვეყნების (უკრაინა, საქართველო, მოლდოვა) დახმარებას განაგრძობს.
ნამდვილად ბევრს მიუძღვის, მაგრამ მე პირადად „ნორდსტრიმ 2-ის“ პროექტს დამსახურებულად დავარქმევდი ქალბატონი მერკელის სახელობის გაზსადენს. უდავოა, რომ 16-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში ანგელა მერკელმა გერმანიისთვის ძალიან დიდი და ბევრი საქმე გააკეთა და ის ნამდვილად შევა თავისი ქვეყნის ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და წარმატებული კანცლერი, მაგრამ…
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on June 5, 2023
- on May 22, 2023
- on May 9, 2023
- on April 18, 2023
- on April 3, 2023
- on March 27, 2023
- on March 20, 2023
- on March 13, 2023