ალკოჰოლიზმი და შრომის ბაზარი
I drink to make other people more interesting.
Ernerst Hemingway
ალკოჰოლიზმი მაცდურია. ალკოჰოლიკების დაახლოებით 20% არიან ე.წ. highly socially functioning ანუ აქტიურად სოციალურად მოქმედები. ისინი შორს არიან ჩვენი ტრადიციულად წარმოდგენილი სურათისგან: მათ არც წითელი ცხვირი აქვთ, არც ლოყები უღაჟღაჟებთ, არც სპირტის სუნი ასდით და არც დილაობით იღვიძებენ პარკის ან ბულვარის სკამზე. ზოგიერთი ალკოჰოლიკის ჩამოთვლისას სუნთქვა გვეკვრება, იმდენად დიდები არიან: ერნესტ ჰემინგუეი, ჩარლზ ბუკოვსკი, ჯეიმზ ჯოისი, ედგარ ალან პო, უილიამ ფოლკნერი, სტივენ კინგი და ა.შ. მე რატომღაც მარტო მწერლები ამოვირჩიე, მაგრამ მერწმუნეთ, ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ნახავთ სოციალურად მოქმედ ალკოჰოლიკებს, დარჩენილი 80% კი ჯოჯოხეთს გადის ხელჩაკიდებული იმ ვითომ კარგ, აქტიურად სოციალურ მოქმედ 20%-თან.
ჰემინგუეის ზემოხსენებული, ეპიტაფიური ბრავადის მიუხედავად, ალკოჰოლიზმი რჩება ისეთ ფსიქიკურ გადახრად, რომელიც არა მარტო აზიანებს პაციენტის ჯანმრთელობას და მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, არამედ საშინელ დღეში აგდებს უახლოესი გარემოცვის წევრებს. მსოფლიოში ბევრი, ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება ამ სენისგან – დაახლოებით 110 მილიონი, აქედან 75% – მამაკაცია.
გადავიდეთ ალკოჰოლიზმისგან მიყენებულ სოციალურ და ეკონომიკურ ზარალზე. სხვადასხვა შეფასებით, ის შეადგენს 190-230 მილიარდ აშშ დოლარს. როგორც წესი, ამ მაჩვენებლის კომპონენტი დიდწილად არარეალიზებული შემოსავალია. აქ და შემდეგ მე არ ვილაპარაკებ ალკოჰოლიზმის ფსიქოლოგიურ და სოციალურ შედეგებზე: უყურადღებოდ დატოვებული ბავშვები თუ ასაკოვანი მშობლები, თუ ცოლი, თუ ახლობლები. ამ უბედურებას ფინანსური განზომილება არა აქვს.
ბავშვებს კი, შემდეგ დიდობაში, შეიძლება განუვითარდეთ სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიური გადახრა და თავადაც გახდნენ საზოგადოებისთვის მიუღებლები – საწყალი ბავშვები.
მაინც როგორ გამოიხატება ალკოჰოლიზმისა და შრომის ურთიერთკვეთა?
- სამსახურის გაცდენა – გაცდენების დაახლოებით 30% დაკავშირებულია ალკოჰოლიზმთან;
- ავარიული შემთხვევები სამსახურში – სამსახურში მომხდარი შემთხვევების, მათ შორის სასიკვდილო შემთხვევების, დაახლოებით 60%
- დაკავშირებულია ალკოჰოლის წინა ან იმ დღეს მიღებასთან.
- პროდუქტიულობა – ნაზარხოშევი ან იმ დღის არაფხიზელი თანამშრომლის საქმის პროდუქტიულობა უფროსის მიერ აღიქმება დაბალი ხარისხის ნამუშევრად. არადა, ამ დროს, ეს შეიძლება სულ არ იყოს ფაქტი;
ზოგადად, რა არის ალკოჰოლის მოხმარების სოციალური და ეკონომიკური ფასი?
პირდაპირი ხარჯი: იმ სერვისისა და საქონლის ღირებულება, რაც ალკოჰოლიკის იმ ქვეყნიდან მობრუნებას და რეაბილიტაციას დასჭირდა. ამ დროს კი, ვინ იცის, იქნებ ამ ალკოჰოლიკის გადარჩენას სწორედ ის ერთი სასწრაფო სამედიცინო მანქანა დასჭირდებოდა, რომელიც შვებას მისცემდა საბავშვო ბაღის მასწავლებელს, გულის იშემიით დაავადებულ ადამიანს?
არაპირდაპირი ხარჯი: ის ანაზღაურებაა, რომელსაც ალკოჰოლიკი მიიღებდა თავისი შრომის საფასურად, შვილის ამერიკაში სასწავლებლად გაშვებისთვის. ან გაწამებული ცოლის წაყვანა სადმე დიდვერაფერ, მაგრამ მაინც კურორტზე, ვთქვათ, ანტალიაში? ბედნიერად იქნებოდნენ. ცოლიც, ალბათ, აპატიებდა იმ მრავალწლიანი იარაღის ტრიალს და საქმეების გასარჩევად ღამის პირველ საათზე გასვლას და მერე ლოდინს: მოვა თუ მოიტანენ?
ალკოჰოლიზმი მიდრეკილია ძალადობისკენ. ძალადობის ფინანსური გაზომვით შესაძლებელია დანახვა, თუ როგორ ფლანგავს ძალადობა კერძო პირების, კომპანიების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს რესურსებს. რესურსების არასწორი ხარჯვა ყველასათვის მტკივნეულია, მით უფრო – განვითარებადი ქვეყნებისათვის, სადაც ფინანსური რესურსი ისედაც დეფიციტურია.
ალკოჰოლური ძალადობის შედეგად წარმოშობილი პრობლემების მოგვარება უფრო ძვირი უჯდება საზოგადოებას, ვიდრე მისი პრევენცია და ეს პროპორცია შეადგენს დაახლოებით 1/8-ს. ძალადობის ფინანსური გაზომვა იძლევა ყველასათვის გასაგებ რაოდენობრივ განზომილებას. ხშირად აუცილებელია ჯამური ძალადობის (ანუ კონკრეტულ ქვეყანაში, კონკრეტულ პერიოდში ჩადენილი ძალადობრივი აქტების ჯამი) მორალური განზომილებიდან გამოყვანა, რათა მოხდეს მისი გაზომვა ფინანსურ ჭრილში. მიზანი კი ის გახლავთ, რომ ზემოხსენებული ფინანსური გაზომვის შედეგად მიღებული იყოს ის ზომები, რომლებიც შეამცირებს მომავალი ძალადობის მასშტაბებსა და ინტენსიურობას და, შესაბამისად, შემცირდება შედეგის ფასიც. სწორედ ძალადობის შედეგების რაოდენობრივი განზომილება იქნება საჯარო სამსახურების ბიუჯეტირების განმსაზღვრელი ერთ-ერთი კომპონენტი.
დასასრულ ვიტყოდი, რომ პრობლემის არაღიარება ამ პრობლემის გაღრმავების თუ განვითარების ხელშემწყობია მხოლოდ. საქართველოში, ვფიქრობ, რომ ალკოჰოლიზმი საკმაოდ განვითარებულია და არც არასდროს არ გამოჩნდება ბოლომდე, სანამ ჩვენ გუშინდელ ნამთვრალევ კაცს (და ალბათ ქალსაც) ისევ ღიმილით და „არაუშავს-რა მოხდა“-თი შევეგებებით.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on May 10, 2023
- on April 13, 2023
- on March 29, 2023
- on March 15, 2023
- on March 2, 2023
- on February 15, 2023
- on February 1, 2023
- on January 11, 2023