ანგელა მერკელის „უკანასკნელი ტანგო“ ვაშინგტონში

პეტრიაშვილი

გერმანიის კანცლერის რანგში ანგელა მერკელის მე-12 და უკანასკნელი შეხვედრა თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან სულაც არ იყო მხოლოდ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ძველ მეგობრებს შორის. პრეზიდენტმა ბაიდენმა მართლაც სწორად აღნიშნა, როდესაც განაცხადა, რომ ანგელა მერკელი მასსავით კარგად იცნობს ოვალურ ოფისს. ნამდვილად, ქალბატონი მერკელი პრეზიდენტ ბაიდენამდე თეთრ სახლში  მის წინამორბედ სამ პრეზიდენტს შეხვედრია. დამეთანხმებით, 16 წელი არ არის პატარა ვადა ევროპის ყველაზე დიდი და ძლიერი ქვეყნის ლიდერის თანამდებობაზე. ამ ხნის მანძილზე მას სხვადასხვა დონისა და ხარისხის ურთიერთობები ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტებთან. ცოტა ხნის წინ ჯორჯ ბუშ უმცროსმა ანგელა მერკელის საქმიანობისა და მასთან ურთიერთობების შეფასების დროს განაცხადა, რომ ყველაზე დიდი უთანხმოება გერმანიის კანცლერთან საქართველოსთვის ნატო-ში გაწევრების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ჰქონდა. სამწუხაროდ, ანგელა მერკელი ისე ასრულებს თავის კარიერას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია. ქალბატონი მერკელი რომ წლების მანძილზე მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების სათავეში იყო, ამას არავინ დაობს, მაგრამ, სამწუხაროდ, სწორედ მისი პოზიცია იყო ყველაზე საბედისწერო საქართველოსთვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც აქამდე არაერთხელ მითქვამს: მისი კატეგორიულობის ტრაგიკული შედეგი იყო ბუქარესტის სამიტიდან სულ რაღაც ოთხ თვეში რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრა და ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე მეტის ოკუპაცია.

გერმანიაში ცოტა ხნის წინ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ანგელა მერკელს ოდნავ უკეთესი ურთიერთობები ჰქონდა ბარაკ ობამასთან, ვიდრე ახლა აქვს ჯოზეფ ბაიდენთან, მაგრამ… რა თქმა უნდა, ორივე მათგანთან შეუდარებლად უფრო კარგი ურთიერთობები ჰქონდა და აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპთან. აშშ-ში ჯოზეფ ბაიდენის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, უფრო ზუსტად, მას მერე, რაც მან გააუქმა მისი წინამორბედის გადაწყვეტილება გერმანიიდან 36 ათასი ამერიკელი სამხედროს გაყვანის თაობაზე, მას შემდეგ, რაც ბაიდენმა შეარბილა წნეხი რუსული გაზსადენის, ნორდსტრიმ-2-ის პროექტის განხორციელებაზე, გერმანიაში აშშ-ის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება 25%-დან 79%-ზე ავიდა. პრეზიდენტმა ბაიდენმა მართლაც არ დაიშურა ძალისხმევა, რომ ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობები გამოესწორებინა. ნატო-სა და აშშ-ევროკავშირის სამიტებზე ბაიდენის მტკიცე პოზიციამ, რომ აშშ-სა და ევროპას ცენტრალური როლი აქვთ გლობალური პრობლემების მოგვარების საქმეში, რომ მათი კავშირი ურყევია და საერთო ღირებულებებისადმი კვლავინდებურად ერთგული, ნამდვილად პოზიტიურად იმოქმედა. თუმცა…

ორი ქვეყნის ლიდერებმა ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ დაადასტურეს, რომ მეგობრებს შორისაც შეიძლება იყოს უთანხმოებები. ენერგოუსაფრთხოება და ნორდსტრიმ 2-ის პროექტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა პრეზიდენტ ბაიდენისა და ანგელა მერკელის საუბრებში. აშშ-ის პრეზიდენტმა კვლავ დაადასტურა თავისი შიში, რომ რუსული პროექტი შესაძლოა, ევროპაზე სერიოზული ზემოქმედების ბერკეტად იქცეს.  ამ კონტექსტში, ჯოზეფ ბაიდენმა და ანგელა მერკელმა ისაუბრეს უკრაინის გავლით ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შენარჩუნების მნიშვნელობაზე. ვიდრე გერმანიის კანცლერი ვაშინგტონს ეწვეოდა, მან ბერლინში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლა და საჯაროდ დაჰპირდა მას, რომ უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შენარჩუნება იქნებოდა უზრუნველყოფილი და ეს იქნებოდა აუცილებელი პირობა ნორდსტრიმ 2-ის ფუნქციონირებისთვის. სულ არაფრობას კი სჯობს, მაგრამ იმ მოსაზრებას, რომ ნორდსტრიმ 2  მხოლოდ ეკონომიკური პროექტია, ვერასდროს მივიღებ.

ზოგადად რუსეთთან მიმართებით ორი ქვეყნის ლიდერების პოზიცია პრინციპში ძალიან ახლოს დგას ერთმანეთთან. სამწუხაროდ, ორივეს აქვს „დაუოკებელი სწრაფვა“ რუსეთთან ურთიერთობებისა და დიალოგის აღდგენის. პრეზიდენტმა ბაიდენმა თავისი სვლა უკვე გააკეთა. ის ჟენევაში ვლადიმირ პუტინს შეხვდა და მას შემდეგ ტელეფონითაც მალევე ესაუბრა. იმავეს ლამობს ანგელა მერკელიც, ოღონდ მას, აშშ-ის პრეზიდენტისგან განსხვავებით, უფრო მეტი წინააღმდეგობა შეხვდა ევროკავშირში (კიდევ ერთხელ ქება და დიდება ჩვენს პოლონელ, ლიეტუველ, ლატვიელ და ესტონელ მეგობრებს). მერკელ-მაკრონის ინიციატივა რუსეთ-ევროკავშირის სამიტის ჩატარების თაობაზე ამ ეტაპისთვის დაბლოკილია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ სექტემბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე გერმანიის მოქმედი კანცლერი კვლავ დაუბრუნდეს ამ საკითხს.

მიუხედავად ზემოაღნიშნული საკითხების პრიორიტეტულობისა და მნიშვნელობისა, ისევე როგორც გლობალური ვაქცინაციის საკითხში არსებული გარკვეული უთანხმოებებისა, საერთო შეფასებით, მთავარი თემა, რომელზეც პრეზიდენტ ბაიდენს სურდა გერმანელი მოკავშირის მხარდაჭერის მიღება, იყო ჩინეთის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედება. ფაქტია, რომ ეს საკითხი შემდგომი კანცლერის პირობებშიც იქნება ბაიდენის ადმინისტრაციის დღის წესრიგში ყველაზე მაღალ პოზიციაზე. მიუხედავად ზემოჩამოთვლილი მნიშვნელოვანი რევერანსებისა და ჟესტებისა აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან, ჩინეთთან ურთიერთობაში გერმანიის კანცლერის პოზიცია ასევე ურყევია. კერძოდ, ანგელა მერკელმა პირდაპირ განაცხადა, რომ გერმანიას არ სურს ახალი ცივი ომი; აგრეთვე, გერმანიასა და ევროკავშირს არ სურთ, რომ აღმოჩნდნენ ორი ზესახელმწიფოს გეოპოლიტიკური ჭიდილის შუაში. მართალია, ანგელა მერკელმა საჯაროდ დაადასტურა, რომ ჩინეთთან ურთიერთობებში მიდგომები შემუშავდება საერთო ღირებულებებზე დაყრდნობით; აგრეთვე, მან აღნიშნა, რომ ჩინეთი არის სერიოზული კონკურენტი და მას მოეთხოვება გლობალურ ვაჭრობაში სამართლიანი პირობებისადმი ერთგულება, ისევე როგორც სამუშაო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებული წესების დაცვა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გერმანია აპირებს მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანოს 2017 წლიდან მის ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორთან, ჩინეთთან, ურთიერთობებში. აშშ კი  ჯერ კიდევ არის მთავარი საექსპორტო ბაზარი გერმანული პროდუქციისთვის, მაგრამ გერმანიას ძალიან ეძვირფასება მისი თავმჯდომარეობით ევროკავშირის მიერ გაფორმებული საინვესტიციო შეთანხმება ჩინეთთან.

პრეზიდენტი ბაიდენი გასაგები მიზეზების გამო ჩქარობს. მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპს სერიოზული შეზღუდვები დაუწესდა სოციალურ ქსელში; მიუხედავად იმისა, რომ როგორც აშშ-ის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ მისდამი დამოკიდებულება, რბილად რომ ვთქვათ, ნეგატიურია, აშშ-დან არსად წასულა მისი 74 მილიონი ამომრჩეველი. დონალდ ტრამპი რჩება ყველაზე გავლენიან ლიდერად რესპუბლიკურ პარტიაში (სწორედ აქ არის მთავარი პრობლემა და, როგორც იტყვიან, ძაღლის თავი დამარხული) და მას სერიოზული გეგმები აქვს 2022 წელს კონგრესის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით. დონალდ ტრამპის ფაქტორი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩინეთთან მიმართებით. მით უმეტეს, რომ ჩინეთთან ურთიერთობების პოლიტიკა არის ერთ-ერთი უმცირესთაგანი, რომელშიც ჯოზეფ ბაიდენი არათუ გაემიჯნა, არამედ აგრძელებს მისი წინამორბედის ხაზს. როგორც მოგახსენეთ, პრეზიდენტმა ბაიდენმა კი შეძლო, რომ დაერწმუნებინა ევროპელი და ნატოელი მოკავშირეები ალიანსის ერთიანობისადმი აშშ-ის ურყევ პოზიციაში, მაგრამ ბრიუსელშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თავად ვაშინგტონშიც მაინც ყურადღებით და, თამამად შეიძლება ითქვას, გარკვეული შიშითაც ადევნებენ თვალს დონალდ ტრამპის მოძრაობებს. ეს კი უდავოდ ახდენს გავლენას პრეზიდენტ ბაიდენის მიზნების განხორციელებაზე.

ასეა თუ ისე, ანგელა მერკელის „უკანასკნელმა ტანგომ“ ვაშინგტონში, როგორც მოსალოდნელი იყო, მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. როგორც ყოველთვის, მან თავისი პარტია გერმანული ხასიათით და წარმატებით შეასრულა. ვნახოთ, ვინ იქნება მისი შემცვლელი და როგორ შეეწყობა ის ამერიკელ პარტნიორს. როგორც იტყვიან, ტანგო არის ცეკვა ორისთვის და პარტნიორებს შორის ურთიერთგაგებას დიდი მნიშვნელობა აქვს მისი წარმატებით შესრულებისთვის.

გააზიარე