არაფერი პირადული, მხოლოდ ალგორითმი
როცა 2010 წელს ბირთვული კვლევების ცენტრ CERN-ში ქართველი ფიზიკოსების მიწვევით მოვხვდი, Bing Bang-ის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. ერთი კვირის შემდეგ მატერიის აგებულებასა და თვისებებზე, ელემენტარულ ნაწილაკებზე მიამიტური კითხვების დასმა დავიწყე და ბოლო-ბოლო ფიზიკა ისე შემაყვარეს, რომ მარტივი და რთული კანონზომიერებების ძებნა ჟურნალისტიკაში დავიწყე. ის კი არადა, ჩემს წიგნს „ელემენტარული ნაწილაკები ჟურნალისტიკაში“ დავარქვი და ეს სათაური ბოლომდე ამოუხსნელი დავტოვე ბევრი ჰუმანიტარისთვის.
სწორედ მაშინ გავიგე, რომ ყველა ის გამოგონება, რომლებიც CERN-ის ლაბორატორიებში იქმნება – მსოფლიოს კუთვნილებაა. აქ ყოველი ახალი გამოგონება ლოგიკურად ბადებს მომდევნოს. კანონზომიერი იყო, რომ სწორედ CERN-ში, ინგლისელმა ინჟინერმა, სერ ტიმოთი ჯონ ბერნერს-ლიმ გამოიგონა პირველი ვებბრაუზერი (1989 წელს) და ლოგიკური იყო, რომ 1991 წელს მსოფლიომ საჩუქრად მიიღო World Wide Web (www.). რა თქმა უნდა, ლოგიკური იყო, რომ 1998 წელს სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტების ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის მიერ შეიქმნა ყველაზე ეფექტიანი საინფორმაციო მედიუმის – Google-ის სისტემა.
„გლობალური სოფელი“
„ყოველი ტექნოლოგია ადამიანის ნების გამოხატულებაა“, – წერს ნიკოლას კარი. მე დავამატებდი, რომ ყოველი ახალი ტექნოლოგია და განსაკუთრებით ახალი მედიუმი -ადამიანის მზაობის გამოხატულებაა – გაგზავნოს, მიიღოს და შეისისხლხორცოს ახალი მესიჯები სამყაროდან. მარშალ მაკლუჰანი ინტერნეტის ქსელისა და მისი გავლენის შესახებ ჯერ კიდევ 60-იან წლებში წინასწარმეტყველებდა, ხოლო მედიას ჩვენი სხეულის გაგრძელებას უწოდებდა. შეიძლება, წარმოსახვაში ხედავდა კიდეც სინთეტიკურ სხეულს, რომელიც ახლა შესისხლხორცებული გვაქვს მობილური ტექნოლოგიების სახით. ჯერ არდაბადებული ინტერნეტი კი, როგორც ფენომენი, მაკლუჰანისთვის ის „გლობალური სოფელი“ იყო, რომლის მცხოვრებლების განვითარება და ადაპტირება იმ გარემოზე, ინფრასტრუქტურასა და მედიუმებზეა დამოკიდებული, ამ „სოფელში“ რომ ჩნდება. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, „ამა სოფლის მცხოვრებლები“ ვერგებით ინფრასტრუქტურას და, მაგალითად, თუ Instagram-ი შემოვა ჩვენს „სოფელში“ – ფოტოების გადაღებას და ამბების „სთორიებად“ გადახარისხებას ვსწავლობთ. პოსტებისა და კომენტარების წერას მაშინ დავიწყებთ – თუ Facebook-ი „ჩამოივლის“, მესიჯების მოკლედ წერას ქართველებიც კი შევეჩვევით – თუ Twitter-ობა დაიწყება და მიმების შექმნასაც დავიწყებთ, თუ Tiktok-ს გავხსნით. საინტერესო ისაა, რომ ტექნოლოგიები თავად გვკარნახობს ფორმას და ძალიანაც რომ მოვინდომოთ, Twitter-ის პოსტში გრძელ შეტყობინებას ვერ დავწერთ, Instagram-ზე ჩვენს გრძელ ტექსტს ნაკლებ ყურადღებას მიაქცევენ და ბოლოს მაინც ფოტოებით მოგვიწევთ თხრობა, YouTube-ზე კი საკუთარი არხი თუ გვაქვს, წესების დაცვა მოგვიწევს, რომ ნახვები და გამომწერები დავაგროვოთ. წესები, რომლებსაც ვემორჩილებით, ეხება დიზაინს, ვიდეოების ხანგრძლივობას, ფოტოების ხარისხს, ემოჯების გამოყენებას… ამიტომ მაკლუჰანის ცნობილი ფრაზა „The medium is the message” სოციალური მედიის მანტრად იქცა და არავინ იცის, ხვალ რომელი პლატფორმის და მზა ფორმის შესაბამისად გარდავქმნით იმას, რაც გონებაში გვაქვს. სათქმელის ფორმას ახალი ალგორითმი გვიკარნახებს.
სისტემა
ასეთია ალგორითმის ცხოვრება: დღიდან მისი გამოგონებისა, ის აწესრიგებს, თუ როგორ უნდა იმუშაოს ნაწილებმა. ალგორითმი იმ ერთ საუკეთესო მეთოდს გვთავაზობს, რომელიც ყველაზე წარმატებული უნდა იყოს კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად. სწორედ ამ პრინციპით შექმნა 1911 წელს ფრედერიკ ტეილორმა ეფექტიანი მენეჯმენტის სისტემა და მეოცე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე თითქმის არაფერი შეცვლილა თავად მიდგომაში. ტეილორმა ალგორითმის გამოგონებისას თქვა, რომ „წარსულში ადამიანი იყო პირველი, მომავალში სისტემა უნდა იყოს პირველი“ (1911). რაღა დაგიმალოთ და, ცოტა შემზარავად კი ჟღერს, მაგრამ ინტერნეტი და კომპიუტერული ტექნოლოგიები უკვე სწორედ ამ კონკურენციით თანაარსებობენ ჩვენთან. ჩვენც ვერგებით წესებს, რომელთაც სისტემა ჩვენივე კომფორტისთვის და ჩვენივე დაკვეთით ქმნის. სისტემამ იცის, რას ვეძებთ, რამდენი წამი ან წუთი ვჩერდებით საიტებზე, რა გვაინტერესებს და მერე ალგორითმი გვთავაზობს რეკლამებს, ინფორმაციას, ჩვენთვის შესაფერის მეგობრებს. აქ არაფერია პირადული, ეს ყველაფერი მხოლოდ ბიზნესია. ყველაფერი ჩვენი კომფორტისთვის კეთდება. ამ კომფორტის მიუხედავად, მე მაინც ვცდილობ, ემოციურად არ მივეჯაჭვო სოციალურ ქსელებს, მობილურს, აპლიკაციებს. ეს არაა მარტივი, რადგან ალგორითმი აქაც საპირისპირო შედეგზეა გათვლილი – უნდა, მეტად დამოკიდებული გაგვხადოს, რადგან მისთვის ეს ისევ და ისევ – ბიზნესია.
ამასობაში, სილიკონის ველზე ტეილორიზმის მიმდევრებიც გაჩნდნენ. სისტემა და ალგორითმები ყოველდღიურად იხვეწება და ცვლის ჩვენს ცხოვრებას. ტექნოლოგიები გადაწყვეტილებას ჩვენზე სწრაფად და რაციონალურად იღებენ. ალგორითმს არა აქვს ემოცია, ვერ იქნება სუბიექტური და მისი ეფექტიანობა ამით კიდევ უფრო იზრდება. მაგალითად, მაშინ, როცა მოჭადრაკე იღლება და ფსიქოლოგიურად ნებდება – ხელოვნური ინტელექტის მქონე კომპიუტერული პროგრამა ფორმაშია, ალგორითმებით აზროვნებს, საჭადრაკო პარტიაში საუკეთესო სვლებს აკეთებს და მოგებული რჩება. ჭადრაკის ანალოგიამ დამაფიქრა: იქნებ ხელოვნურ ინტელექტს მოსამართლის ფუნქციის შეთავსებაც შეუძლია? წარმოვიდგინე, რომ საქართველოში მუდმივი მოსამართლეების მაგივრად „მაღალტექნოლოგიური თემიდა“ გვყავს და ხელოვნური ინტელექტით შექმნილ პროგრამას, არსებულ კანონებსა და ქეისებზე დაყრდნობით შეუძლია სარჩელის „განხილვა“, იმ გადაწყვეტილების გამოყვანა, რომელშიც ალგორითმი გამორიცხავს სუბიექტურობას და მიკერძოებულობას. ასეთი თემიდა თავიდან ძალიან მომეწონა, მაგრამ ამ დღეებში ერთ–ერთმა ცნობილმა იურისტმა სასხვათაშორისოდ დამანახვა ის მომავალი, რომელსაც ასეთი თემიდა მოიტანს, როცა მითხრა, რომ წარმატებული იურისტი იზომება არა კანონების ცოდნით და ტექნიკური ინფორმაციის ფლობით, არამედ აზროვნების უნარით და კრეატიულობით. ალგორითმებით შეკოწიწებულ თემიდას ვერც ერთს მოსთხოვ და ვერც მეორეს.
გამოგიტყდებით და, ყოველთვის მომწონს, როცა ვხედავ ადამიანის უპირატესობას სისტემასა და ტექნოლოგიაზე. ეს შეგრძნება განსაკუთრებით მაშინ მჭირდება, როცა ინტერნეტი გამეთიშება, საჭირო ფაილები წამეშლება, მობილური დაიკარგება… „ახლა რა მეშველება“ – ამის გაფიქრება და ჩემში იღვიძებს ძლიერი გონება, რომელიც მახსენებს, რომ შემიძლია, საქმეს კრეატიულად მივუდგე, თავად გამოვიგონო „ახალი ალგორითმი“, რომელიც ამ კონკრეტულ სიტუაციაში იქნება ყველაზე ეფექტიანი, აქ და ახლა.
ადამიანი
ადამიანი რაციონალური და ემოციური არსებაა და ესაა მისი წარმატების ბუნებრივი ალგორითმი. ერთი მეორეს ვერ გამორიცხავს. იქ, სადაც ემოცია არაა – ვერასოდეს გახდება ხელშესახები და ნამდვილი. ამიტომ ჩვენ ვეძებთ ემოციურ კავშირებს პოლიტიკაში, მედიაში, მუსიკაში, ცეკვაში, მოდაში, ბიზნესში და არაცნობიერად ვიღებთ გადაწყვეტილებებს იმ კანონზომიერების მიხედვით, რომელიც ჯერ კიდევ შეუსწავლელმა არაცნობიერმა გვიკარნახა. რა თქმა უნდა, კარგია, თუ ემოციების რაციონალური გააზრებით და გაცნობიერებით წარმატების ახალ მიდგომებს დავინახავთ. ან, წარმატების მისაღწევად მხოლოდ ნაცად ალგორითმებს კი არა, ახალს დავტესტავთ, ისეთ გზებს დავსახავთ, რომლებიც, ადრე თუ გვიან, წარმატებასაც მოგვიტანს და აღგვაფრთოვანებს კიდეც. ასეთ დროს ტეილორიზმი სადღაც ქრება, რადგან როცა საქმე შემოქმედითობას, ახლის შექმნას ეხება, რა თქმა უნდა, ადამიანია უპირატესი, ადამიანია პირველი.
მუსიკა
ანალოგიებს რა დალევს, მაგრამ კითხვაზე, თუ სად ჩანს ადამიანის ბუნების სრულყოფილება და უპირატესობა, ყოველთვის ერთი პასუხი მაქვს: ეს მუსიკაა. იმიტომ, რომ მუსიკა ადამიანის შექმნილი ან ნაპოვნი ყველაზე სრულყოფილი ალგორითმია. მასშია წარმატების ნაირ-ნაირი ფორმულა, მასშია სისტემა, მასშია ჰარმონია და კანონზომიერება, მასშია Bing-Bang-ი, დაბადება, ლოგიკა, კრეატიულობა, ულევი ინფორმაცია და, როგორც ყველა დიდი გამოგონების უკან, მუსიკაშია მთავარი – გააზრებული ემოცია.
და როგორი შვების მომგვრელია, რომ ჩვენს დიგიტალურ სამყაროში წარმატების ალგორითმი სწორედ იმ მუსიკაშია, რომელიც უძლებს დროს, ქმნის და ალამაზებს ეპოქებს, მიმდინარეობებს, მედიას, მოძრაობას, გნებავთ – ტექნოლოგიებს. ამ გადმოსახედიდან, მუსიკა ნებისმიერ სისტემასთან კონკურენციისას გამარჯვებულია, რადგან თავადაა მესიჯიც, კანონზომიერებაც, ალგორითმიც და… სიყვარულის ენაც.
და ეს კარგია.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on January 11, 2024
- on August 31, 2023
- on March 17, 2022
- on February 22, 2022
- on January 20, 2022
- on January 4, 2022
- on December 6, 2021
- on November 8, 2021