ბიუჯეტის დეფიციტის სიდიდით საქართველო მსოფლიოში 72-ე ადგილზეა
ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 72-ე ადგილზეა.
მეთოდოლოგია
როდესაც ქვეყნის ბიუჯეტში შემოსავლებზე მეტი ხარჯებია, ბიუჯეტი ამ დროს დეფიციტურია და ხარჯების დასაფარავად მთავრობა ფულს სესხულობს. რადგან დეფიციტი ქვეყნის სახელმწიფო ვალს ზრდის, მისი არსებობა არასასურველია.
დეფიციტის ეკონომიკისადმი ტვირთი მის მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) ფარდობით განისაზღვრება. ტვირთის შესაფასებლად ნომინალური რიცხვები (მაგალითად, რამდენი მლნ ლარია დეფიციტი) ბევრს არაფერს ამბობს, რადგან დეფიციტის სიმძიმე დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეზე.
ქვეყნების მიხედვით ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელს საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს. სავალუტო ფონდი ინფორმაციას ე.წ. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტზე აქვეყნებს. ნაერთი ბიუჯეტი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტისა და ადგილობრივი ბიუჯეტების კონსოლიდირებული ვერსიაა. ფონდი დეფიციტის მაჩვენებლად ბიუჯეტის წმინდა სესხების მაჩვენებელს მიიჩნევს, ანუ ჯამში რა თანხა დააკლდა ბიუჯეტს, რაც ვალის აღებით დაიფარა.
საქართველო ბიუჯეტის დეფიციტის რეიტინგში
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2021 წლის 12 ოქტომბერს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბიუჯეტის დეფიციტის მიხედვით საქართველო 190 ქვეყანას შორის 72-ე ადგილზეა. საქართველოზე მაღალი ბიუჯეტის დეფიციტი 71 ქვეყანას აქვს, 118 ქვეყანას კი ნაკლები დეფიციტი აქვს. 2020 წელს საქართველო რეიტინგში 45-ე ადგილზე იყო, ანუ 2021 წელს ქვეყნის პოზიცია გაუმჯობესდა.
სავალუტო ფონდის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის -6.5% იქნება. 2020 წელს ეს მაჩვენებელი მშპ-ის -9.2% იყო, 2019 წელს კი -1.8%. ბოლო წლებში დეფიციტის მნიშვნელოვნად ზრდა პანდემიამ განაპირობა. პანდემიის შედეგად ბიუჯეტის შემოსავლები შემცირდა, ხარჯები კი გაიზარდა. პანდემიამდე, წინა რვა წლის საშუალო დეფიციტი მშპ-ის -1.2% იყო.
ფონდის ინფორმაციით, ნომინალურ გამოსახულებაში 2021 წელს საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტი 3.7 მილიარდი ლარია, 2020 წელს კი 4.6 მილიარდი ლარი იყო.
საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის მიმართ
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ქვეყნები, რომლებსაც ყველაზე მაღალი ბიუჯეტის დეფიციტი აქვთ
სავალუტო ფონდის მიხედვით, 2021 წელს ბიუჯეტის ყველაზე მაღალი დეფიციტი ტიმორ-ლესტეს აქვს – მშპ-ის -44%. შემდეგ მოდის პალაუ 24%-ით და სან-მარინო და მალდივის კუნძულები 18-18%-ით.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი ბიუჯეტის დეფიციტი თურქეთს აქვს, მშპ-ის მიმართ 4.9%. შემდეგ სომხეთი მოდის მშპ-ის მიმართ 4%-ით. აზერბაიჯანის ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 1.8%-ია, რუსეთის კი მშპ-ის 0.6%.
წელს მსოფლიოში 11 ქვეყანას ბიუჯეტის დეფიციტი არა აქვს. მათ მთავრობებს შემოსავალი უფრო მეტი აქვთ, ვიდრე ხარჯები. ყველაზე მაღალი სიჭარბე ნაურუს აქვს – მშპ-ის 24%. შემდეგ მოდის სამხრეთი სუდანი 7.4%-ით და ლიბია 6.8%-ით. არადეფიციტური ბიუჯეტები აქვთ ასევე მარშალის კუნძულებს, ანგოლას, კატარს, კონგოს, მიკრონეზიას, გრენადას, ტაივანს და იამაიკას.
ყველაზე მაღალი ბიუჯეტის დეფიციტი მქონე 10 ქვეყანა, 2021 წელი
ქვეყანა | მშპ-ის მიმართ, % | |
1 | ტიმორ -ლესტე | -44 |
2 | პალაუ | -24 |
3 | სან-მარინო | -18 |
4 | მალდივის კუნძულები | -18 |
5 | არუბა | -17 |
6 | ფიჯი | -16 |
7 | განა | -14.5 |
8 | ბაჰამის კუნძულები | -13.6 |
9 | გაერთიანებული სამეფო | -12 |
10 | სენტ-ვინსენტი და გრენადინები | -11.8 |
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on May 17, 2024
- on May 8, 2024
- on April 23, 2024
- on April 10, 2024
- on March 26, 2024
- on March 19, 2024
- on March 7, 2024
- on February 29, 2024