ბოლოს როდის წაიხემსეთ სოციალურ ქსელებში?
Facebook-ზე 2011 წელს დავრეგისტრირდი. მთავარი მოტივაცია იყო ის, რომ მინდოდა იმ ჯგუფის მარაქაში გარევა, სადაც ჩემი მეგობრები და პოტენციური ნაცნობები იკრიბებოდნენ, საუბრობდნენ, ერთობოდნენ და ახალი ინფორმაციით იკვებებოდნენ. ასე დავიწყე „სუსნაობა“ Facebook-ში. როგორც მოსალოდნელი იყო, მადა და ინტერესი თანდათან გაძლიერდა, ამასობაში გემოვნებაც დაიხვეწა.
სასუსნაოები
მოგვიანებით გავიგე, რომ სოციალური წასახემსებლები (Social snacks) არის ციფრული ინფორმაციის სასუსნაოები, აპეტაიზერები, რომლებიც ინფორმაციის მიღებისა და ურთიერთობების მადას აღძრავენ (დიმაურო, 2011). გავიგე ისიც, რომ თურმე ჩვენ ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ იმ სასუსნაოებს, რომლებსაც სოციალურ ქსელში ვხედავთ და ვაგემოვნებთ. არადა, სწორედ ისინი ასრულებენ მნიშვნელოვან როლს რეალობის აღქმაში, რადგან საჭირო დროს, დიდი სურათისა და კონტექსტის დასანახად, ჩვენი ტვინი სწორედ ამ ნაცნობ დეტალებსა და მესიჯებს „ამოანათებს“.
გახსოვთ გუშინ რა „ჭამეთ“?
არ გაგიკვირდეთ, შეიძლება სულაც არ გახსოვდეთ, გუშინ რა „ჭამეთ“ სოციალურ ქსელში. სანამ ინფორმაციას დაიმახსოვრებთ, ის ჯერ კარგად უნდა მოინელოთ, გადაამუშაოთ. მაშინ, როცა ჩვენ შეგვიძლია წიგნის კითხვის დროს მოვნიშნოთ დასამახსოვრებელი ფრაზები, სოციალური მედია თავად არჩევს ჩვენი მეხსიერებისთვის მთავარ ინგრედიენტებს (ჩვენივე თანხმობით და ჩვენი გემოვნების გათვალისწინებით). სოციალურ ქსელებში მიღებული ინფორმაციის უწყვეტი ნაკადი მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამახსოვრებაში ნამდვილად არ გვეხმარება. უფრო პირიქით: საკუთარი ალგორითმის ჭკუაზე დაგვატარებს და იმის ილუზიას გვიქმნის, რომ „ნიუსფიდს“ ვაკონტროლებთ.
რამდენჯერაც ტელეფონით Facebook-ს ჩამოვსქროლავ, შეტყობინებებში ანთებული რიცხვების რაოდენობა მადას აღმიძრავს. პირველი ის მაინტერესებს, რამდენი და ვისი მოწონება დაემატა ჩემს პოსტებს? რამდენი გაზიარება მაქვს? კომენტარი? „მემორი“ რას მთავაზობს? ვისი დაბადების დღეა? უცბად ჩამოვსქროლავ მეგობრების გვერდებს და დავალაიქებ, „მარილს მოვაყრი“ ჩემი გემოვნებით საკუთარ და სხვის აზრებს, ფოტოებს, მოგონებებს. უკვე ვიცი, რომ პოსტების რაოდენობით გადამლაშება არ შეიძლება, ზომიერებაა საჭირო. შერჩევით ვიწონებ პოსტებს, გამოვხატავ ვირტუალურ ემოციებს. ასე ვუგზავნი სხვებს ჩემს სასუსნაოებს, რომლებიც მათ შეტყობინებებში გამოჩნდება.
ეკოლოგიურად სუფთა მენიუ
პანდემიის დროს დიდი დოზით ნეგატიური ახალი ამბების ყურების და ჩვენი გონებისთვის მძიმედ მოსანელებელი საკვების შემდეგ, ჩვენ კიდევ უფრო მეტად გვჭირდება „წყლის მიყოლება“, ეკოლოგიურად სუფთა ინფორმაციის მიღება (სადაც არ იქნება ტოქსიკური მოსაზრებები და ყალბი ნიუსები). პანდემიისას მედიის დახმარებით „სოციალური წახემსება“ შეიძლება იყოს მუსიკის მოსმენა, ფოტოების თვალიერება, ინფოგრაფიკების, მიმების, მოკლე ვიდეოების, გასართობი გადაცემისა და სერიალის ყურება, ან სულაც სოციალურ ქსელში მოწონებებისა და რეაქციების გადათვალიერება – ანუ ყველაფერი ის, რაც დაგვავიწყებს ნეგატიურ ემოციებს, დაგვავიწყებს მარტოობას და გვაპოვნინებს ვირტუალურ „ჩვენიანებს“. ოღონდ, აქაც, „არ დაიჯეროთ, რომ გაშლილ სუფრასთან ყველა ჩვენი მეგობარია“. მტრისა და მოყვრის გარჩევა მედიაშიც სასარგებლოა. განსაკუთრებით მაშინ, როცა პროპაგანდისტული მედიით, პოლიტიკოსებმა და „ინფლუენსერებმა“ შეიძლება შეუმჩნევლად „პოლონიუმიანი ჩაიც“ შემოგვთავაზონ. ამის საპირწონედ, მედიას მხოლოდ მაშინ შეუძლია ტოქსიკური ინფორმაციისგან ჩვენი დაცვა, თუ ის თავისუფალია პარტიული გავლენებისგან და კრიტიკულია ხელისუფლების, ოპოზიციის, ეკლესიის და სხვა გავლენის ჯგუფების მიმართ. ამიტომ, მთავარი საფიქრალია: რა სურს მედიას?
რა სურს მედიას თუ რა გვსურს ჩვენ?
ყოველი ახალი ტექნოლოგია ადამიანს უბიძგებს ამ ტექნოლოგიის ინფრასტრუქტურის შესაბამისად გამოხატოს საკუთარი თავი. მაგალითად, ფოტოების ინტენსიური გადაღება შეიძლება მაშინ დავიწყეთ, როცა Instagram-ის მომხმარებელი გავხდით, მოკლე პოსტების წერა Twitter-მა გვასწავლა, ლაივ-ვიდეოების გადაღება კი YouTube-მა და Facebook-მა. ყოველი ახალი მედიუმისა და ტექნოლოგიის ფორმის გაჩენისას ჩნდება მოთხოვნილება, შექმნა ახალი ტექნოლოგიის შესაბამისი შინაარსი. მოკლედ, როგორც მარშალ მაკლუჰანი ამბობდა „მედიუმი თავადაა მესიჯი“, რომელიც თავად გვეუბნება, რა უნდა გავაკეთოთ და რა ფორმით.
ჩვენი ქცევის მოტივაციების გასაგებად, მოდი, კიდევ ერთხელ შევხედოთ აბრაამ მასლოუს მოთხოვნილებების იერარქიას (1943). „მასლოუს პირამიდაში“ ახსნილია ფიზიოლოგიური, უსაფრთხოების, სიყვარულისა და მიკუთვნებულობის (მაგ: მეგობრობა, მიმღებლობა, სიახლოვე, ურთიერთობები), თვითშეფასებისა და თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილებები. თურმე მათი დაკმაყოფილება მედიას ირიბად შეუძლია.
მაგალითად, სოციალური და ფიზიკური დისტანცირებისას, სიმარტოვე ამძაფრებს მოთხოვნილებას, რომ თავი მივაკუთვნოთ სოციალურ ჯგუფს და ამ ფუნქციას სოციალური ქსელები სხვადასხვაგვარად ასრულებს. არაა გასაკვირი, რომ პანდემიის პირობებში, შესაძლოა, უფრო ვიგრძენით, როგორ გვჭირდება ერთმანეთის დანახვა, მოსმენა, შეხება, მხარდაჭერა, მწუხარებისა და სიხარულის გაზიარება.
აქ ქველმოქმედება „დაკლიკებით“ იწყება
მასლოუს პირამიდის ბოლო საფეხურზე გვიჩნდება „უმაღლესი მოთხოვნილებები“, მათ შორის – სხვების დახმარების სურვილი. პანდემიისას საქართველოში შეიქმნა არაერთი საქველმოქმედო ონლაინჯგუფი, რომლებიც ვერაგი ვირუსისგან დაზარალებულ ადამიანებს უდგას გვერდში და რეალურად ეხმარება მათ საკვებით, პირველადი საჭიროების ნივთებით, აგრძნობინებს მათ თანადგომას, დაცულობას. ასეთ ჯგუფებში გაწევრიანებულები არიან სხვადასხვა გემოვნების ადამიანები, თუმცა მათ აერთიანებთ მოთხოვნილება, დაეხმარონ სხვებს, რადგან ამ გზით ისინი ირიბად საკუთარ თავსაც ეხმარებიან, ერთიანდებიან ფართო საზოგადოებაში, იმსახურებენ მოწონებებს. ამგვარად, ისინი უფრო მარტივად ასრულებენ, როგორც თავის დიდ, ასევე ონლაინჯგუფის „მისიას“.
პროსოციალური მედიაც ჩვენი არჩევანია
ემოციური სტრუქტურიდან გამომდინარე, ადამიანი ნეგატიურ ინფორმაციაზე უფრო რეაგირებს. მედიის ბუნებაც ამ ალგორითმს მიჰყვება. პრობლემების იდენტიფიცირება და აღწერა ჟურნალისტის პროფესიული კომპეტენციის ნაწილია. დიდი დოზებით მხოლოდ ნეგატიური ინფორმაციის მიწოდებამ შესაძლოა გამოიწვიოს დესენსიტიზაცია, როცა შემზარავ ამბებზე რეაქცია თითქოს აღარ გვაქვს. იმისთვის, რომ ნეგატიური, ტრაგიკული ამბის მიღების შემდეგ ადამიანის გონებამ შეძლოს მისი მონელება, მან უნდა დაინახოს ჩიხური ეპიზოდიდან გამოსავალი. ამისთვის საჭიროა, ამბავს ლოგიკურად მიებას გონებაში ახალი ეპიზოდი, რომელიც მაყურებელს სთავაზობს ინფორმაციის დამუშავების სტრუქტურას და აღწერს გამოსავალს. ეს უნდა იყოს არა ანტისოციალური (მაგ: ძალადობა, სიძულვილის ენა), არამედ პროსოციალური ქცევის მოდელი (მაგ: სოლიდარობის აქციისა და ემპათიის ჩვენება, ქველმოქმედებისა და თანადგომისკენ მოწოდება და ჩვენება). ტრაგიკული მოვლენების პირისპირ ამგვარი პროსოციალური ქცევა მედიის მომხმარებლისთვის შვებაა, რომელიც უჩენს იმედს, რომ გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს.
მედიისა და ფსიქოლოგიის სხვადასხვა თეორიის გააზრებით, მარტივად ვხვდებით, რომ მედია ირეკლავს ინდივიდისა და საზოგადოების მოთხოვნილებებს და პირიქითაც, მედია გვეუბნება, რაზე და როგორ ვიფიქროთ. მედიას შეუძლია დაგვეხმაროს არა მარტო საბაზისო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში, არამედ უფრო მეტიც, პროსოციალურ მედიას შეუძლია ჩვენს პიროვნულ განვითარებასა და თვითგამოხატვას შეუწყოს ხელი. მედიას შეუძლია განსაზღვროს ჩვენი პოლიტიკური გემოვნება, გამოკვეთოს მიზნები, შემოგვთავაზოს არჩევანი.
„ადამიანი უნდა გახდეს ის, ვინც შეუძლია, რომ გახდეს“ – ამბობდა მასლოუ. მე კი დავამატებდი, რომ ამისთვის, „მედიაც უნდა გახდეს ის, ვინც შეუძლია, რომ გახდეს“.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on January 11, 2024
- on August 31, 2023
- on March 17, 2022
- on February 22, 2022
- on January 20, 2022
- on January 4, 2022
- on December 6, 2021
- on November 8, 2021