ბოსნია და ჰერცეგოვინის პოლიტიკური კრიზისი
დეიტონის სამშვიდობო შეთანხმებით, ბოსნიის 1992-1995 წლების ომი დასრულდა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ტერიტორიაზე ორი სუბიექტი – სერბული რესპუბლიკა – სრსპკა და ბოსნიურ-ხორვატული ფედერაცია შეიქმნა.
ბოსნია-ჰერცეგოვინის თითოეულ სუბიექტს საკუთარი ასამბლეა და მთავრობა ჰყავს, რომლებსაც სახელმწიფო დონის საკანონმდებლო ორგანო და მინისტრთა საბჭო ზედამხედველობს.
ბოსნია და ჰერცეგოვინის პარლამენტი ორპალატიანია – წარმომადგენელთა პალატა 42, ხოლო სახალხო პალატა 15 წევრისგან (ხუთი ბოსნიელი, ხუთი ხორვატი და ხუთი სერბი) შედგება.
აღმასრულებელ ხელისუფლებას სამი წევრისგან (ბოსნიელი, სერბი და ხორვატი) შემდგარი პრეზიდიუმი წარმოადგენს, რომლებიც ერთმანეთს 8 თვეში ერთხელ როტაციის პრინციპით ენაცვლებიან.
დეიტონის სამშვიდობო შეთანხმების სამოქალაქო იმპლემენტაციის მიზნით, ბოსნია- ჰერცეგოვინაში უმაღლესი წარმომადგენლის ოფისი – OHR შეიქმნა. უმაღლეს წარმომადგენელს უფლება აქვს, ფედერაციის სუბიექტებისთვის შესასრულებლად სავალდებულო კანონები მიიღოს, ასევე, თანამდებობიდან გაათავისუფლოს ის პირები, რომლებიც ბოსნიელ, სერბ და ხორვატ მოსახლეობას შორის შერიგების მცდელობებს ძირს უთხრიან და ზოგადად, დეიტონის სამშვიდობო შეთანხმების პირობებს არღვევენ. ექვს თვეში ერთხელ ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ უმაღლესი წარმომადგენელი OHR-ის სამეთვალყურეო საბჭოს, ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს მოხსენებას წარუდგენს.
დეიტონის ხელშეკრულების სამხედრო ასპექტის უზრუნველყოფას ბოსნია-ჰერცეგოვინაში განლაგებული ევროპის კავშირის ძალები (EUFOR) უზრუნველყოფენ.
ბოსნია და ჰერცეგოვინის დაშლის საფრთხეზე საუბარი მას შემდეგ განახლდა, რაც მიმდინარე წლის ოქტომბერში მილორად დოდიკმა განაცხადა, რომ სერბთა რესპუბლიკა – სრპსკა ბოსნია-ჰერცეგოვინის შეიარაღებულ ძალებს, უზენაეს სასამართლოსა და საგადასახადო ადმინისტრაციას გამოეყოფოდა.
მილორად დოდიკი, რომელიც ბოსნიელ სერბთა პოლიტიკური პარტიის, „დამოუკიდებელ სოციალ-დემოკრატთა კავშირის“ ლიდერია, სერბული რესპუბლიკის ბოსნია-ჰერცეგოვინიდან გასვლასა და სერბეთთან გაერთიანებას უჭერს მხარს. დოდიკი ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციას ღიად ეწინააღმდეგება და სრსპკაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზის გახსნა სურს.
შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი 2018 წელს სრპსკას მიერ ბოსნია-ჰერცეგოვინიდან გასვლის თაობაზე რეფერენდუმის გამართვას გეგმავდა, თუმცა, აშშ-სა და ევროპის კავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკის, ასევე შიდასერბული კონსენსუსის არარსებობის გამო რეფერენდუმი აღარ ჩატარებულა.
ბოსნიელ სერბთა ლიდერის სეპარატისტულ მისწრაფებებს განსაკუთრებით ახალისებს რუსეთის ფედერაცია, რომელიც, დოდიკის ხელით, ბოსნია-ჰერცეგოვინაში არასტაბილურ პოლიტიკურ ვითარებას ქმნის, რაც საბოლოო ჯამში, ქვეყნის ნატო-სა და ევროპის კავშირში ინტეგრაციას აფერხებს.
სწორედ ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინაში წინასაარჩევნო პერიოდში რუსული და პრორუსული საინფორმაციო საშუალებები, რომელთა მიზანიც ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული მილორად დოდიკის მხარდაჭერა და მისი არჩევნებში გამარჯვებაა, განსაკუთრებით აქტიურდებიან და ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების დისკრედიტაციას ცდილობენ.
რაც შეეხება მოსკოვის მიერ სერბული რესპუბლიკის ლიდერის ფინანსურ დახმარებას, 2016 წლის რეფერენდუმის შემდეგ, რომელიც 9 იანვრის სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადებას ეხებოდა და დეიტონის სამშვიდობო შეთანხმების შედეგად წარმოქმნილ ძალთა თანაფარდობას ძირს უთხრიდა, დოდიკს საერთაშორისო სანქციები დაუწესდა, შესაბამისად, რუსეთის თანადგომა ამ უკანასკნელისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ამას გარდა, შეგახსენებთ, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინა რუსეთის ბუნებრივ აირზე სრულადაა დამოკიდებული. ნედლი ნავთობის შემთხვევაში, რუსეთი არ არის ბოსნია და ჰერცეგოვინის ერთადერთი მიმწოდებელი, თუმცა ქვეყანაში არსებული ყველა ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა სერბულ რეპუბლიკა – სრპსკაში მდებარეობს და რუსეთის ფედერაციის Optima Group-ის მიერ კონტროლდება.
მოსკოვი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში ადგილობრივი პრორუსული ლიდერების მხარდაჭერით, ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის გამძაფრებითა და დემოკრატიული უკუსვლის ხელშეწყობით, აღნიშნული სახელმწიფოების ნატო-სა და ევროპის კავშირში გაწევრიანებას უშლის ხელს.
დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში არსებული სუსტი პოლიტიკური ინსტიტუტები, სახელმწიფოებრიობის მცირე გამოცდილება, პოლიტიკური ექსტრემიზმი, ეკონომიკური პრობლემები, კანონის უზენაესობის არარსებობა და დემოკრატიის კრიზისი კრემლის წისქვილზე წყალს ასხამს და რუსეთის ჩარევისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.
როდის დაიწყო პოლიტიკური კრიზისი?
კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2021 წლის ივლისში უმაღლესი წარმომადგენლის, ვალენტინ ინზკოს გადაწყვეტილებით, სრებრენიცის გენოციდისა და ბოსნიაში ჩადენილი ომის დანაშაულებების საჯაროდ უარყოფისთვის და/ან გამართლებისთვის, ასევე, ომის დამნაშავეების განდიდებისთვის, პატიმრობა დაწესდა.
ვალენტინ ინზკოს განცხადებით, ზემოაღნიშნული კანონის მიღებისკენ ბოსნიელი სერბების პოლიტიკური ლიდერის, რადოვან კარაჯიჩისა და სერბთა რესპუბლიკის არმიის მეთაურის, რატკო მლადიჩის მიმართ სერბულ რესპუბლიკაში არსებულმა დამოკიდებულებამ უბიძგა.
მიუხედავად იმისა, რომ დოდიკის მიერ „ლეგენდებად“ წოდებულ კარაჯიჩსა და მლადიჩს, გენოციდის ბრალდებით, სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი, სრპსკაში მათ დღემდე მიაგებენ პატივს.
გაეროს საერთაშორისო სასამართლომ და ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე საერთაშორისო ტრიბუნალმა ბოსნიელი სერბების მიერ 8000-ზე მეტი ბოსნიელის მკვლელობას გენოციდი უწოდა, რასაც სერბული რესპუბლიკა – სრპსკა, ასევე, სერბეთი არ აღიარებს.
მილორად დოდიკმა, რომელიც სრებრენიცის გენოციდს „გაყალბებულ მითს“ უწოდებს, უმაღლესი წარმომადგენლის გადაწყვეტილება უარყო.
აღსანიშნავია, რომ მილორად დოდიკმა პოლიტიკური კარიერის დასაწყისში, როდესაც მისი მომავალი დასავლეთის მხარდაჭერაზე იყო დამოკიდებული, სრებრენიცის გენოციდი საჯაროდ აღიარა და ბოსნიელი სერბი ომის დამნაშავეების მემკვიდრეობა უარყო. ამას გარდა, წლების წინ ღიად უჭერდა მხარს ქვეყნის ნატო-სა და ევროპის კავშირში ინტეგრაციას.
2021 წლის ივლისში სერბთა რესპუბლიკის პარლამენტი გენოციდის უარყოფის აკრძალვის შესახებ უმაღლესი წარმომადგენლის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და მათთვის, ვინც სერბულ ერთეულს „გენოციდურს“ უწოდებს, ხანგრძლივი პატიმრობა დააწესა.
პარლამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „სერბული რესპუბლიკის ინსტიტუტები, უმაღლესი წარმომადგენლის გადაწყვეტილების განხორციელების მიზნით, ბოსნია-ჰერცეგოვინის პოლიტიკურ ორგანოებთან არ ითანამშრომლებენ“.
2021 წლის აგვისტოში უმაღლესი წარმომადგენელი, ვალენტინ ინზკო გერმანელმა პოლიტიკოსმა, კრისტიან შმიდტმა შეცვალა. ეს უკანასკნელი რუსეთის ფედერაციამ არალეგიტიმურად ცნო და გაეროში მის მიერ წარდგენილი ანგარიში დაბლოკა.
მოსკოვისთვის უმაღლესი წარმომადგენელი, რომელსაც ბოსნია-ჰერცეგოვინაში ადგილობრივი პრორუსული მმართველების არაკონსტიტუციური ნაბიჯების გაუქმების უფლებამოსილება აქვს და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას იცავს, მოსკოვისთვის დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს და რუსეთს ქვეყანაში მართვადი ქაოსის შექმნაში ხელს უშლის.
უმაღლესი წარმომადგენლის ოფისის გარდა, როგორც დოდიკის, ასევე კრემლის მისწრაფებებს ხელს ბოსნია-ჰერცეგოვინის საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშნული საერთაშორისო მოსამართლეებიც უშლიან, რომელთა დახმარებითაც, საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ დაადასტურა სერბული რესპუბლიკის ლიდერის მიერ გასაჩივრებული კანონების ლეგიტიმურობა. შესაბამისად, რუსეთისა და დოდიკის ერთობლივ მიზანს ბოსნია-ჰერცეგოვინის საკონსტიტუციო სასამართლოდან საერთაშორისო მოსამართლეების გათავისუფლება, უმაღლესი წარმომადგენლის ოფისის დისკრედიტაცია და გრძელვადიან პერსპექტივაში, მისი საბოლოოდ გაუქმება წარმოადგენს.
1992-1995 წლების ომის შემდეგ, ბოსნია-ჰერცეგოვინაში ყველაზე მწვავე პოლიტიკური კრიზისია. უმაღლესი წარმომადგენლის, კრისტიან შმიდტის განცხადებით, ქვეყნის გაყოფის რეალური საფრთხე არსებობს.
დოდიკს – ადამიანს, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მადლენ ოლბრაიტმა კარიერის დასაწყისში პროდასავლური მისწრაფებების გამო „სუფთა ჰაერი ბალკანეთში“ უწოდა, წლების შემდეგ ქვეყანა დაშლის პირას მიჰყავს.
იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა ბოსნიელი სერბების სეპარატისტულ მისწრაფებებს არ შეზღუდავს, დეიტონის სამშვიდობო შეთანხმება საფრთხის ქვეშ დადგება.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ დეიტონის ხელშეკრულების პირობების დამრღვევებს შესაძლოა სანქციები დაუწესდეს.
„როგორც დეიტონის სამშვიდობო შეთანხმების ხელმომწერი მოწმე, ამერიკის შეერთებული შტატები ხაზგასმით იმეორებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებიდან ცალმხრივად გამოყოფისთვის ან დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯებისთვის ქმედება იქნება შესაფერისი, მათ შორის – სანქციების დაწესება“ – ენტონი ბლინკენი.
ქვეყნის დანაწევრების შიშის ფონზე, ნოემბერში გაეროს უშიშროების საბჭომ, პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით, ბოსნია-ჰერცეგოვინაში ევროპის კავშირის სამხედრო მისიას (EUFOR) მანდატი გაუხანგრძლივა.
მნიშვნელოვანია, რომ ბოსნიის პოლიტიკური კრიზისი დასავლეთმა დროულად განმუხტოს, რათა დოდიკის სეპარატისტულმა ნაბიჯებმა ევროპის კონტინენტზე ნაციონალისტური მისწრაფებები არ წაახალისოს და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე არსებულმა არასტაბილურმა ვითარებამ რუსეთის ფედერაციას ჩარევისა და გავლენის გავრცობის მეტი შესაძლებლობა არ მისცეს.
რა ამოძრავებს რუსეთის ფედერაციას?
დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებიდან – ალბანეთი, მონტენეგრო და ჩრდილოეთი მაკედონია ნატო-ს წევრი სახელმწიფოები არიან, შესაბამისად, კრემლი ძირითად ყურადღებას ნატო-სა და ევროპის კავშირის არაწევრ სახელმწიფოებს – სერბეთს, კოსოვოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას უთმობს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი სწრაფად აძლიერებს პროპაგანდისტულ და სადაზვერვო საქმიანობას ბალკანეთის სახელმწიფოებში, როდესაც ისინი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების ზღვარზე (მაგალითისთვის, მონტენეგროს არშემდგარი გადატრიალება, ჩრდილოეთ მაკედონიის პოლიტიკური კრიზისი, პრესპის შეთანხმების ჩაშლის მცდელობა და ა.შ.) იმყოფებიან.
მოსკოვი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში, მათ შორის ბოსნია და ჰერცეგოვინაში, არასტაბილური პოლიტიკური ვითარების შენარჩუნებით, დემოკრატიული უკუსვლისა და პოლიტიკური პოლარიზაციის გამძაფრებითა და ხელშეწყობით, ამ სახელმწიფოების ნატო-სა და ევროპის კავშირში ინტეგრაციის შეფერხებას ცდილობს. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროინტეგრაციის ხელის შეშლით კი რუსეთის ფედერაცია „ახლო საზღვარგარეთის“ ქვეყნების ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრების პროცესს აფერხებს.
კრემლის აზრით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ქვეყნების ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, მით უფრო გვიან გაწევრდებიან რუსეთის „ახლო საზღვარგარეთის“ სახელმწიფოები ნატო-სა და ევროპის კავშირში.
რუსეთის ფედერაციისთვის ნატო-ში გაწევრებული დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები პირდაპირ სამხედრო საფრთხეს არ წარმოადგენენ, თუმცა კრემლს აშინებს ფაქტი, რომ ნატო-ს გაფართოების ტალღა, ბალკანეთის რეგიონის შემდეგ, მის „უახლოეს საზღვარგარეთსაც“ მოიცავს. შესაბამისად, მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით ცდილობს ბალკანეთის რეგიონში, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინაში, მართვადი ქაოსის შექმნასა და ევროპული პერსპექტივის მოსპობას.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on June 22, 2023
- on February 27, 2023
- on January 20, 2023
- on April 6, 2022
- on January 21, 2022
- on November 27, 2021