ჩრდილოეთ მაკედონიის იდენტობა - უთანხმოება სოფიასა და სკოპიეს შორის
2020 წლის ნოემბერში ბულგარეთმა ჩრდილოეთ მაკედონიასა და ევროპის კავშირს შორის გაწევრიანების თაობაზე დაწყებული მოლაპარაკებები იდენტობის, ისტორიისა და ენის საკითხთან დაკავშირებული უთანხმოების გამო დაბლოკა.
აღსანიშნავია, რომ ევროპის კავშირში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება კონსენსუსის საფუძველზე მიიღება და გაერთიანების ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობას საჭიროებს.
ბულგარეთის განცხადებით, ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებს იდენტობასთან, ისტორიასთან და ენასთან დაკავშირებული საკითხები ჯერ კიდევ გადასაწყვეტი აქვს, შესაბამისად, სოფია ჩრდილოეთ მაკედონიის ევროპის კავშირში ინტეგრაციას იქამდე არ დაუჭერს მხარს, ვიდრე სკოპიე უარს არ იტყვის ანტი-ბულგარულ იდეოლოგიაზე და უთანხმოება საბოლოოდ არ აღმოიფხვრება.
„ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ „დიახ“ იქამდე, ვიდრე არ დავრწმუნდებით, რომ ჩვენი მეზობელი თავის იდენტობას ბულგარეთის ისტორიის მოპარვით არ შექმნის“, – ბულგარეთის პრეზიდენტი, რუმენ რადევი.
სოფია მიიჩნევს, რომ მაკედონური ენა ბულგარულის დიალექტია. ამას გარდა, ბულგარეთს სურს, რომ მეზობელი სახელმწიფოს სასკოლო სახელმძღვანელოებსა და ისტორიულ ლიტერატურაში, რომელიც მე-19 და მე-20 საუკუნეებს მოიცავს, მათ მიმართ სიძულვილის ენა აღმოიფხვრას და სკოპიემ „მაკედონიის შიდა რევოლუციური ორგანიზაციის“ ბულგარული ბუნება აღიაროს.
1893 წელს თესალონიკში შეიქმნა „მაკედონიის შიდა რევოლუციური ორგანიზაცია – VMRO“, რომელიც მაკედონიის ოსმალეთის იმპერიისგან გამოყოფას და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას უჭერდა მხარს. 1903 წელს ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ სწორედ ამ ორგანიზაციამ დაიწყო შეიარაღებული ამბოხი, რომელიც ილინდენის აჯანყების სახელითაა ცნობილი. ამბოხებულებმა კრუშევოს რესპუბლიკა დააარსეს, რომელმაც მხოლოდ ათი დღე იარსება. ოსმალეთის იმპერიის მიერ ილინდენის აჯანყების ჩახშობის შემდეგ „მაკედონიის შიდა რევოლუციური ორგანიზაცია“ ორად გაიყო – ერთი ნაწილი ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში მაკედონიის მიერ ავტონომიის მოპოვებისთვის იბრძოდა, ხოლო მეორე ნაწილი ბულგარეთის შემადგენლობაში შესვლას უჭერდა მხარს.
აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ მაკედონიაში მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება – „მაკედონიის შიდა რევოლუციური ორგანიზაცია – დემოკრატიული პარტია მაკედონიის ეროვნული ერთიანობისათვის – VMRO – DPMNE“ 1893 წელს თესალონიკში შექმნილი – „მაკედონიის შიდა რევოლუციური ორგანიზაციის – VMRO”, რომელმაც 1903 წელს ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ ილინდენის აჯანყება მოაწყო, იდეოლოგიურ მემკვიდრედ აცხადებს თავს.
ბულგარეთი ევროპის კავშირს მოუწოდებს, რომ თავი აარიდოს „მაკედონური ენის“ გამოყენებას და მის ნაცვლად გამოიყენოს „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ოფიციალური ენა“.
ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრის, ზორან ზაევის განცხადებით, მაკედონური ენა და იდენტობა განხილვას არ ექვემდებარება და მასთან დაკავშირებით მეზობელ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.
სკოპიემ ევროპის კავშირთან დაახლოება 2000 წელს სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესის შესახებ მოლაპარაკებების პროცესის შესახებ მოლაპარაკებებით დაიწყო.
ჩრდილოეთ მაკედონია ბალკანეთის ნახევარკუნძულის პირველი EU-ს არაწევრი სახელმწიფო იყო, რომელმაც 2001 წელს ევროპის კავშირთან სტაბილიზაციისა და ასოცირების შეთანხმებას (SAA) მოაწერა ხელი.
2004 წელს ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროპის კავშირის წევრობის შესახებ განცხადება შეიტანა, 2005 წლიდან კი მას EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს.
2017 წლის აგვისტოში ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. შეთანხმება აღიარებს ორი ქვეყნის საერთო წარსულს და უკან იტოვებს ისტორიის განსხვავებულ ხედვას.
2018 წელს ბულგარულ-მაკედონური კომისია შეიქმნა, რომელსაც ორ ქვეყანას შორის არსებული სადავო საკითხები უნდა განეხილა, თუმცა, კომისიამ მცირე პროგრესს მიაღწია.
2019 წელს ბულგარეთმა ე.წ. „ჩარჩო პოზიცია“ წარადგინა, რომელშიც ის ძირითადი პირობები ჩამოაყალიბა, რომელიც სკოპიემ გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესში უნდა დააკმაყოფილოს. ამას გარდა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბულგარეთი იქამდე არ დაუშვებს ჩრდილოეთ მაკედონიის ევროპის კავშირში ინტეგრაციას, ვიდრე სკოპიე უარს არ იტყვის ანტი-ბულგარულ იდეოლოგიაზე.
საბერძნეთთან ქვეყნის კონსტიტუციურ სახელწოდებასთან დაკავშირებულმა პრობლემამ ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა წლების განმავლობაში „მოსაცდელ ოთახში“ შეაყოვნა. 2018 წლის პრესპის შეთანხმებით, მეზობელ სახელმწიფოსთან მრავალწლიანი დავა გადაიჭრა და 2020 წელს ჩრდილოეთ მაკედონია ნატოს წევრი სახელმწიფო გახდა. ამჯერად, ზორან ზაევის ადმინისტრაციის გამოწვევას ბულგარეთთან მოლაპარაკება და ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებული დაბრკოლების აღმოფხვრა წარმოადგენს.
ბულგარეთის განცხადებით, ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილების მისაღებად კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა.
ცნობისთვის, ბულგარეთი პირველა ქვეყანა იყო, რომელმაც 1991 წელს ჩრდილოეთ მაკედონიის დამოუკიდებლობა აღიარა.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on June 22, 2023
- on February 27, 2023
- on January 20, 2023
- on April 6, 2022
- on January 21, 2022
- on November 27, 2021