CSR და თანამშრომელთა ჩართულობა

CSR და თანამშრომელთა ჩართულობა

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა გაიაზრეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია CSR (კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა) საუკეთესო ტალანტების მოსაზიდად და შესანარჩუნებლად, ყველა კომპანიას როდი აქვს ჰოლისტიკური CSR სტრატეგია, რომელიც ურუნველყოფს თანამშრომელთა ჩართულობას, აცნობს მონაწილეებს განხორცილებული საქმიანობის გავლენას და წარადგენს ინიციატივების შედეგებს როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევე – გარეთ. CSR სტრატეგიის განსავითარებლად წარმოგიდგენთ 5 ძირითად მიდგომას, რომელთა გათვალისწინებით შედგენილი სტრატეგია უზრუნველყოფს თანამშრომელთა ჩართულობას, ზრდის მათ ლოიალობას, აქცევს მათ “ბრენდის ელჩებად” და უნარჩუნებს კომპანიას საუკეთესო თანამშრომლებს. 

მიდგომა 1: დაუკავშირეთ CSR ინიციატივები თქვენი კომპანიის მისიას, ხედვასა და ღირებულებებს 

ბევრი კომპანია ახორციელებს CSR აქტივობებს, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთს აქვს CSR სტრატეგია ინტეგრირებული და დაკავშირებული კომპანიის მისიასთან და ხედვასთან. მაგალითად, უძრავი ქონების კომპანიას შეუძლია ინვესტირება მოახდინოს განაშენიანებისა და კეთილმოწყობის იმ ინიციატივებში,რომლებიც ალამაზებს ადგილობრივ სამეზობლოს. ასევე მას შეუძლია ორგანიზება გაუკეთოს უსახლკარო ძაღლებისთვის თავშესაფრის მოწყობის პროექტს. ეს ორივე ინიციატივა მისასალმებელია, თუმცა მხოლოდ ერთი მათგანია დაკავშირებული რეალტორის საქმიანობის ძირითად მიზანთან. 

CSR საქმიანობის კავშირი კომპანიის მისიასთან არის პირველი ნაბიჯი თანამშრომელთა ჩართულობის გასაზრდელად. ის კომპანიის მთელ ძალისხმევას უფრო მიზნობრივს ხდის, ეხმარება თანამშრომლებს გაიზრონ, თუ რატომ უნდა მიიღონ მონაწილეობა კომპანიის CSR საქმიანობაში. ასეთი მონაწილეობა, თავის მხრივ, მათ ყოველდღიურ საქმიანობასთან უფრო ასოცირებული ხდება და ისინი უფრო მეტად ერთვებიან ამ საქმიანობაში. ეს ზრდის ალბათობას იმისას, რომ დიდხანს დარჩნენ იმ პოზიციაზე კონკრეტულ კომპანიაში. 

განვიხილოთ ერთ-ერთი გლობალური კომპანიის ხედვა და მისი CSR საქმიანობა. Chevron არის უდიდესი კომპანია, რომელიც აწარმოებს სხვადასხვა სახის ენერგიას. საიტზე მას დეკლარირებული აქვს თავისი საქმიანობის წარმმართველი ხედვა და ღირებულებები, რომლებშიც ნათქვამია:

“ჩვენი კომპანიის საფუძველი ემყარება ჩვენს ღირებულებებს,რომლებიც ჩვენ გამოგვარჩევს და წარმართავს ჩვენს ქმედებებს შედეგების მისაღებად. ჩვენ ვაწარმოებთ ბიზნესს სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ვიცავთ კანონს და ადამიანის უფლებებს რათა სარგებელი მოვუტანოთ საზოგადოებას, რომელშიც ვმუშაობთ.” დეკლარირებული ღირებულებების პარალელურად, მას შემუშავებული აქვს CSR სტრატეგია და ამასთანავე ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშგებას. მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით და მიღებული აქვს მრავალი CSR ჯილდო. მაგალითად, 2018 წელს ის გახდა “საუკეთესო კომპანია სამუშაოდ ქალებისთვის და მულტიკულტურული ქალებისთვის”. გამარჯვებული შეირჩა საჯარო ინფორმაციის ანალიზის შედეგად ისეთი საიტებიდან როგორიცაა: Working Mother Best Places to Work 2017, Glassdoor, Fairygodboss, 2020 Women on Board და სხვ. 

იმისთვის, რომ გააძლიეროს ქალების როლი სხვადასხვა პოზიციებზე, კომპანიამ 2019 წლის თებერვალში 5 მლნ. დოლარის გრანტი გასცა საერთაშორისო არამომგებიან ორგანიზაცია Catalyst -ზე, რომელიც საქმიანობს სამუშაო გარემოში გენდერული თანასწორობის თემებზე. ეს გრანტი მიმართული იქნება Men Advocating Real Change (MARC) პროგრამის მხარდასჭერად, რომელიც Chevron-მა დაიწყო 2016 წელს. ეს პროგრამა გულისმობს მამაკაცი აღმასრულებლების ჩართულობას გენდერულად თანასწორი ტალანტების მართვის სისტემებსა და პარტნიორობის პროგრამებში, რომლებიც მიმართულია გენდერული თანასწორობისკენ. თუნდაც მხოლოდ ამ ინიციატივით, Chevron მხარს უჭერს კომპანიის ღირებულებებში დეკლარირებულ მიდგომას,რომ ის იცავს ადამიანის უფლებებს. ამის მსგავსად ის ახორციელებს სხვა ინიციატივებსაც. 

მიდგომა 2: ჩართეთ უმაღლესი მენეჯმენტი თქვენს CSR საქმიანობაში

CSR საქმიანობის განხორციელება დაიწყეთ უმაღლესი მენეჯმენტის თანხმობითა და მათ მიერ მაგალითის ჩვენებით სხვებისთვის. თუ თანამშრომლები ხედავენ, რომ მენეჯმენტი ჩართულია CSR საქმიანობაში, ისინი უფრო მეტი მოტივაციით იწყებენ საქმიანობას და ხელს უწყობენ გაცხადებული მისიის განაცხადის რეალობად გარდაქმნას.

ამერიკაში კვლევამ აჩვენა, რომ მილენიალების 75 % შესაძლოა ხელფასის შემცირების გამო არ წავიდეს კომპანიიდან, თუ ეს კომპანია სოციალურად პასუხისმგებლიანია. ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს უმაღლესმა მენეჯმენტმა. უფრო ასაკოვანი თანამშრომლები არ არიან ასე მძაფრად დაკავშირებული ამ თემასთან, მაგრამ ეთანხმებიან ამ აზრს. უმაღლესი მენეჯმენტის ჩართულობა ნათლად აჩვენებს ყველას, რომ კომპანია ზრუნავს საზოგადოებაზე და რეალურად დგამს ნაბიჯებს.

კომპანიის ხელმძღვანელის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ნებისმიერი CSR წამოწყების წარმატებისთვის.

მაგალითად, 2017 წლის “რეპუტაციის ინსტიტუტი”-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგად, აღმოჩნდა,რომ გამოკითხულთა შეფასებით LEGO არის (15 ქვეყანაში გამოკითხეს 170 000 ადამიანი) ყველაზე პასუხისმგებლიანი კომპანია. როგორც ამ ინსტუტუტის მთავარი მკვლევარი, Stephen Hahn-Griffiths, ამბობს: “LEGO-ს გათვიცნობიერებული აქვს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ზევიდან ქვევით”. 

კომპანიის სხვა ინიციატივებთან ერთად, LEGO-ს Sustainable Materials Center-ის დაარსება არის გამორჩეული პროექტი. როგორც LEGO GROUP-ის პრეზიდენტი Jørgen Vig Knudstorp აცხადებს, 2030 წლისთვის მათ უნდათ, რომ მიაღწიონ მხოლოდ მდგრადი მასალების გამოყენებას. “ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯები. რათა გვეზრუნა პლანეტაზე და ამიტომ დავიწყეთ FSC სერთიფიცირებული შეფუთვა, ახლა კონცენტრირებული ვართ მდგრადი მასალების გამოყენებაზე”. პრეზიდენტის ინიციატივას იზიარებენ თანამშრომლებიც, იაზრებენ რა საკითხის სიმწვავეს, ისინი დიდი გულისყურით მუშაობენ და მხარში უდგანან ამ იდეას. 

მიდგომა 3: CSR პროგრამები მოარგეთ თანამშრომელთა ინტერესებს 

ეს ყოველთვის არაა შესაძლებელი, მაგრამ როცა შესაძლებელია, მას ხელეწიფება შექმნას ისეთი ძლიერი პროგრამა, რომ მოიზიდოს ახალი თანამშრომლები და გააძლიეროს უკვე არსებულ თანამშრომლებთან კავშირი. განვიხილოთ ადგილობრივი სამეზობლოს გალამაზების ინიციატივა, რომელიც ადრე ვახსენეთ. ახლა წარმოიდგინეთ, რამდენად ძლიერი გახდება ეს ინიციატივა, თუ თქვენი თანამშრომლების უმრავლესობა იმ სამეზობლოში ცხოვრობს. ისინი ხომ იმ ინიციატივაში იღებენ მონაწილეობას, რომელიც მათ საკუთარ ცხოვრებას აუმჯობესებს. ისინი ხვდებიან,რომ ეს ხდება მათი კომპანიის კეთილი ნებით. მათი კომპანია ზრუნავს სამეზობლოზე და პირადად მათზე. ეს არის ძლიერი მოტივატორი, რომ არა მხოლოდ მონაწილეობა მიიღონ კომპანიის ინიციატივაში,არამედ დიდხანს იმუშაონ ასეთ კომპანიაში. მაგალითად, Xerox გამოირჩევა სოციალურად აქტიური საქმიანობით. მისი The XEROX Community Involvement Program (XCIP) არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გლობალურმა კომპანიამ იზრუნოს ადგილობრივ თემსა და სამეზობლოზე თანამშრომელთა ჩართულობით. ის საშუალებას აძლევს თანამშრომებს იმ სამეზობლოებში, სადაც თვითონ ცხოვრობენ, აარჩიონ სოციალური საჭიროებები და შემდგომ აფინანსებს მათ. 2012 წლიდან, კომპანიამ დააფინანსა 18 000 პროექტი 400 000 თანამშრომლის ჩართულობით. 

მიდგომა 4: გამოარჩიეთ საუკეთესო მონაწილეები

ყველასთვის ცნობილია, რომ წარმატების საყოველთაო აღიარებას შეუძლია თანამშრომელთა შენარჩუნების გამოწვევა. თუ თქვენი თანამშრომლები გრძნობენ, რომ არიან დაფასებულები, ისინი ბუნებრივია უფრო მეტ ხანს დარჩებიან თქვენს კომპანიაში. როცა ისინი ხედავენ, რომ მათი სამუშაო მნიშვნელოვანია ორგანიზაციის წარმატებისთვის, ეს ეფექტი იზრდება. 

ტრადიციულად, უმეტესი კომპანიები ამ ცოდნას მიმართავენ შიდა, სამუშაოს შეფასებასთან დაკავშირებულ ჯილდოებზე. დაფიქრდით, რა მოხდება თუ გამოარჩევთ CSR აქტივისტებს? 

ასეთი გამორჩევას/წახალისებას შეგიძლიათ მიაღწიოთ სხვადასხვა გზით. მითუმეტეს, თუ ეს აქტივობები მიმართული იყო კომპანიის გარეთ საზოგადოების კეთილდღეობისთვის და მათ გაასაჯაროებთ, დადებით ეფექტს მიიღებთ. საზოგადოებაც ინფორმირებული იქნება, თანამშრომლები კი – დაფასებული არა მარტო თქვენს მიერ, არამედ საზოგადოებისგანაც/სამეზობლოსგანაც. 

MTM – კომპანია, რომელიც სთავაზობს სხვა კომპანიებს თანამშრომელთა აღიარების პროგრამებს და გამორჩეულ ჯილდოებს, აცხადებს, რომ როგორც CSR-ის კომპონენტს, კორპორაციულ მოხალისეობას, ის მხარს უჭერს საკუთარ თანამშრომლებში. კომპანია აფინანსებს სხვადასხვა სოციალურ პრობლემებს, მათ შორის “სპეციალურ ოლიმპიადას”. მან 2017 წელს დააორგანიზა 5000 ადამიანისგან შემდგარი რბოლა ,რომელსაც ერქვა Run for Recognition, საიდანაც მიღებული შემოსავალი მიმართული იყო სპეციალური ოლიმპიადისთვის ოკლაჰომაში. თანამშრომლების დასაჯილდოვებლად, კომპანია მათ ჩუქნის სპეციალურ მაისურებს, აწყობს სადღესასწაულო საუზმეს, გადასცემს მედლებს და ანიჭებს ქულებს საჩუქრების ასარჩევად. თითქოს არაფერი, მაგრამ ამით თანამშრომლები გრძნობენ CSR პროგრამებში მათი ჩართულობის დაფასებას და კომპანიისთვის ამ ინიციატივის მნიშვნელოვნებას. ასეთი აღიარება მოტივაციას აძლევს თანამშრომლებს მომავალშიც მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ პროგრამებში.

მიდგომა 5: გახადეთ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა თქვენი კორპორაციული კულტურის განუყოფელი ნაწილი

ყველა კომპანიაში არსებობს დაწერილი და დაუწერელი წესები თუ როგორ ურთიერთობენ თანამშრომლები ერთმანეთთან, მენეჯერებთან, კლიენტებსა თუ კომპანიის მიმართ სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. ხშირ შემთხვევაში ეს ურთიერთობები, რომლებიც ღირებულებებთან და დამოკიდებულებებთან ერთად კორპორაციულ კულტურას ქმნის, განსაზღვრავს კომპანიის წარმატებას. ერთ-ერთი ასეთი წარმატებული კომპანიაა Virgin Atlantics, რომელიც განსაკუთრებული CSR კულტურით გამოირჩევა.

კომპანიის სიატზე მითითებულია, რომ ისინი აღფრთოვანებული არიან CSR-ით. მათ გააზრებული აქვთ, რომ ცხოვრობენ ისეთ სამყაროში, სადაც ზრუნვის საჭიროება არსებობს და მოუწოდებენ თანამშრომლებს ჩაერთონ კომპანიის ყველა CSR პროექტში, რაშიც შეუძლიათ. თანამშრომლებს აძლევენ არჩევანს. მათ შეუძლიათ დაიწყონ მცირედით: ხელფასიდან ყოველთვიურად განახორციელონ ქველმოქმედება, ან გააკეთონ უფრო მეტი და ჩაერთონ მოხალისედ კომპნიის მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ აქტივობაში. ასეთი აქტივობებია : მთა ფიჯიზე ასვლა , ინდოეთის გარშემო ველოსიპედით რბოლა და ლონდონის მარათონში მონაწილეობა. კომპანიის საიტზე დეკლარირებულია: “იმ ლოკაციებზე, სადაც ფრენები გვაქვს, ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივ მოსახლეობას სიღარიბის დაძლევასა და სხვა გამოწვევების გადაჭრაში ამ მოხალისეობრივი საქმიანობის დროს შეგროვებული თანხებით. ჩვენ ვფიქრობთ რომ “Change is in the air”. 

მაშასადამე, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა შესაძლოა საუკეთესო გზა გახდეს თანამშრომელთა შენარჩუნებისა და ლოიალობისთვის, თუ CSR სტრატეგიის შედგენისას გავითვალისწინებთ დასაქმებულების ღირებულებებსა და საჭიროებებს.

CSR პროგრამები უკეთესად მუშაობს, როცა კომპანია ფოკუსირებულია რამდენიმე მიმართულებაზე, რომლებიც ახლოსაა მის ბიზნესსა და თანამშრომელთა ინტერესებთან. ასეთ შემთხვევებში კომპანიები აღწევენ მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებებს და ხდებიან “სასურველი დამსაქმებლები”, სადაც საუკეთესო ტალანტებს სურთ მუშაობა. ეს კი წარმატების ქვაკუთხედია.

გააზიარე