“დე, ვიყო უმუშევარი, მაგრამ მერქვას თავისუფალი ჰონგ-კონგელი”
ეს სიტყვები ჰონგ-კონგის ფლაგმანი ავიაკომპანიის “კატაი პასიფიკ”-ის თანამშრომელს ეკუთვნის. ივნისში დაწყებული საპროტესტო აქციები, სხვა ბიზნესებთან ერთად, მის კომპანიასაც მტკივნეულად შეეხო.
“კატაი პასიფიკ”-ის აქციების ფასი ბირჟაზე ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. ამასთან, “კომპეტენტური ორგანოების” მიერ გამოვლინდა ეკიპაჟების, ტექნიკური ჯგუფების და ზოგადად კომპანიის თანამშრომელთა აქტიური ჩართულობა აქციებში, რასაც საბოლოო ჯამში კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ხელმძღვანელი პირების და მათთან ერთად პროტესტში მონაწილე თანამშრომლების გადადგომა/გათავისუფლება მოჰყვა.
ავიაბიზნესი პირდაპირ არის მიბმული ტურიზმზე, რომელიც ჰონგ-კონგის 4 პრიორიტეტულ დარგს შორის ერთ-ერთია და მთლიანი შიდა პროდუქტის 5% შეადგენს. ტურიზმის ბიზნესში აქტივობის ვარდნა ორნიშნა ციფრებზეა გასული. ჰონგ-კონგის სასტუმროების დატვირთვა 96%-დან 81%-მდე დაეცა. განსაკუთრებით მძაფრად ტურისტების შემცირება აისახა შიდა ტურიზმზე, ანუ თავად ჩინეთიდან მომავალი ტურისტების რაოდენობამ კუნძულზე ყველაზე მეტად იკლო. არადა, ჰონგ-კონგში ჩამოსული სტუმრების 80%-ს სწორედ ცისქვეთეშეთის კანცელარიიდან მომავალი ტურისტები წარმოადგენენ. ამ კლებაზე იმ გარემოებამაც იმოქმედა, რომ შაბათ-კვირის საპროტრეტო აქციები ემთხვევა შაბათ-კვირის ტურისტულ ტურებს (რა თქმა უნდა, არა შემთხვევით). იკლო ტურისტულმა ნაკადებმა ავსტრალიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სხვა ქვეყნებიდანაც.
სერიოზული კლებაა საცალო გაყიდვებშიც. გასული წლის ივლისთან შედარებით 13% პროცენტით იკლო ვაჭრობიდან/შოპინგიდან მიღებულმა შემოსავლებმა. სერიოზული კლებაა (24%) საათებითა და ძვირფასეულობით ვაჭრობის მიმართულებითაც.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსური სერვისების სფერო, რომელიც მშპ-ს 30%-ს შეადგენს. ექსპერტების შეფასებით, თუ პროცესები ასე გაგრძელდა, ეს სფეროც სერიოზული რისკის ქვეშ აღმოჩნდება.
მოკლედ, ექსპერტებიცა და ქალაქის მესვეურებიც როგორც ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ისე საერთაშორისო ბიზნეს და პოლიტიკურ წრეებს ღიად აფრთხილებენ, რომ ჰონგ-კონგი, შესაძლოა, წლის ბოლომდე ტექნიკურ რეცესიაში შევიდეს.
მიუხედავად ამისა, ინვესტორები მაინც არ კარგავენ ნდობას ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟის მიმართ, რაც ნამდვილად კარგი ამბავია. სახელგანთქმულმა ლუდსახარშმა კომპანია “ბუდვაიზერ”-მა წელს სარეკორდო 5 მლრდ დოლარის “აწევა” მოახერხა ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე, რითიც მსოფლიოში სიდიდით #2 IPO-დ მოგვევლინება წელს.
ბანკირები და ინვესტორები ასევე იმედიანად არიან განწყობილი. მათი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში კიდევ სამი მსხვილი კომპანია “დაილისტება” ჰონგ-კონგის ბირჟაზე, რითიც კიდევ დამატებით 3 მლრდ. დოლარის ღირებულების აქციებით ვაჭრობა არის მოსალოდნელი. 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, ბირჟაზე კომპანიებმა 15 მილიარდი დოლარის “აწევა” მოახერხეს ახალი “ლისტინგების” შედეგად, რითიც ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟა მხოლოდ ნიუ იორკის ბირჟას თუ ჩამორჩება.
ასე რომ ბირჟა მშვიდადაა. ყველაზე პიკური მწვავე მდგომარეობის დროს დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებლებიც უკან მოიტოვა და უბრუნდება ნორმალური ცხოვრების რიტმს.
ჩვენს მკითხველს შევახსენებ, რომ ყველაფერი მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში განსხვავებული შეხედულების მქონე პირების ჩინეთში ექტრადირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივით დაიწყო. საპროტესტო ტალღა იმდენად ძლიერია, რომ მიუხედავად ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან შექმნილი ხელისშემშლელი პირობებისა, აქციებზე სტაბილურად გამოდის ასეულ ათასობით ადამიანი, ხოლო ერთ კვირა დღეს 1.7 მილიონი ადამიანიც კი გამოვიდა “ქოლგების” საპროტესტო აქციის მხარდასაჭერად. ერთი პირობა ადგილობრივმა მმართველმა კერი ლამმა უკანაც დაიხია და განაცხადა, რომ კანონმდებლობა აღარ განიხილებოდა, შემდეგ კი დაამატა, რომ საერთოდაც გაიწვევდა ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოდან. თუმცა, ჯერჯერობით განცხადებებს იქეთ საქმე არსად წასულა.
აქციების განმავლობაში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. სამწუხაროდ მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც რეზინის ტყვიებით მიღებული დაზიანებით მხედველობა დაკარგა. კიდევ უფრო დამძიმდა ვითარება სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც აქციის დროს პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა და ახალგაზრდა დემონსტრანტი მძიმედ დაჭრა, რამაც პროტესტი კიდევ უფრო გააძლიერა და მოთხოვნებიც გააფართოვა. კანონმდებლობის გაწვევასთან ერთად, დემონსტრანტები ითხოვენ დამნაშავეების დასჯას და ადგილობრივი მმართველობის გადარჩევას.
ადგილობრივი მმართველობა დაბნეულია. საჰაერო და მეტროპოლიტენის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურების პარალიზებამ განაპირობა მათი მხრიდან საგანგებო სიტუაციის მდგომარეობის შემოღებაზე ხმამაღალი ლაპარაკის დაწყება. როგორც ჩანს, კერი ლამის მმართველი გუნდი დაბნეულიცაა და შეშინებულიც. სხვანაირად ვერ აიხსნება მათ მიერ ნიღბების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების განხილვა, რასაც ასევე ძალიან მწვავე პროტესტი მოყვა.
მოთმინების ფიალა ევსება ოფიციალურ ბეიჟინსაც. კუნძულის მიმდებარედ ჩინეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია ყოველდღიურად იზრდება და აქტიურად განიხილება ძალის გამოყენებაც. თუმცა, ჩინეთი მაიინც ცდილობს ტიანანმენის მოედნის ტრაგედია თავიდან აიცილოს და ჯეჯერობით თავს იკავებს რადიკალური გადაწყვეტილებებისგან.
მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის ეკონომიკა სერიოზული დარტყმის ქვეშ არის, მიუხედავად იმისა, რომ ათასობით ჰონგ-კონგელი შეიძლება უმუშევარი დარჩეს, მხოლოდ და მხოლოდ აღფრთოვანებას იწვევს თავად ჰონგ-კონგელების მოქმედება, თუ მათდამი არააქტიური მოქალაქეების მხარდაჭერა. “ეკონომიკა მნიშვნელოვანია, მაგრამ თავისუფლება უფრო მეტად”; “დე, ვიყო უმუშევარი, მაგრამ ჰონგ-კონგელი”. ეს არის საზოგადოებიდან წამოსული გზავნილები. დიახ, ჩემო ძვირფასო მკითხველო, ზუსტადაც რომ საზოგადოებიდან, შემდგარი, თავისუფლების ფასის მცოდნე საზოგადოებიდან.
მიუხედავად იმისა, რომ ლეგიტიმურად ოფიციალურ ბეიჟინს უფრო მეტი საფუძველი აქვს ჩაერიოს, ზომები მიიღოს და იმოქმედოს ჰონგ-კონგის სივრცეში, ვინაიდან ფორმალურად ჰონგ-კონგის შედის ჩინეთის შემადგენლობაში, თავისუფელბამოყვარული ჰონგ-კონგელები დადგნენ იმ ჩინელების უფლებების სადარაჯოზე, რომელიც შეიძლებოდა განსხვავებული აზრის გამო გადაეცათ ჩინეთის ხელისუფლებისთვის. ეს არის საზოგადოება! მილიონიობით ადამიანი საკმაოდ კომფორტულად და უზრუნველად ცხოვრობდა, მაგრამ 7-მილიონიანი ჰონგ-კონგის 2 მილიონზე მეტი მოქალაქე ერთსულოვნად დადგა სხვათა უფლებების დასაცავად. სამწუხაროდ, ეს კიდევ ერთი დიდი განმასხვავებელია რუსული და ბრიტანული იმპერიების “მემკვიდრეობებს” შორის. მაშინ, როდესაც ჰონგ-კონგელებისთვის ჩვეულებრივი ამბავია სხვათა უფლებების დაცვა, ძალადობის გაპროტესტება და ამ პროტესტში ერთ მძლავრ მუშტად შეკვრა, პოსტსაბჭოთა სივრცეში (არ ვგულისხმობ და არც არასდროს იგულისხმებოდა ბალტიის ქვეყნები) ჯერ კიდევ მიდის გაშმაგებული ბრძოლა სრულფასოვანი საზოგადოების შექმნის წინააღმდეგ. “რა ჩვენი საქმეა”, “ჭკუით მოვიქცეთ, ისედაც სული შიმშილით გვძვრება”, ყველაზე პოპულარული/ტრენდული ალბათ მაინც “არც ერთი გვინდა და არც მეორე” – ეს არ არის მხოლოდ ხელისუფალთა მიდგომები, არამედ საზოგადოება რომ უნდა ერქვას, იმ ადამიანთა მასიდან წამოსული შეფასებებია. ვიდრე არ გავითავისებთ, რომ არ შეიძლება რუსეთისთვის დევნილი ჩრდილო კავკასიელის გადაცემა; ვიდრე არ დავაყენებთ გუგუტიანთკარელის ღირსებას ჩრდილოეთიდან მომხდურთა ნება/სურვილზე მაღლა; ვიდრე, ყველანი ერთად, და არა ჯგუფ-ჯგუფებად (ჩვენ ჩვენს “ჯგუფოკებში”) არ ვიტყვით საერთაშორისოდ მიუღებელ საქციელებზე არას, მანამდე ნუ დავიბრალებთ, რომ ვართ საზოგადოება!
მე კი ქედს ვიხრი იმ რიგითი ჰონგ-კონგელის წინაშე, ვინც ამაყად ამბობს და ყოველთვის იტყვის:
“დე, ვიყო უმუშევარი, მაგრამ მერქვას თავისუფალი ჰონგ-კონგელი”!
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on June 5, 2023
- on May 22, 2023
- on May 9, 2023
- on April 18, 2023
- on April 3, 2023
- on March 27, 2023
- on March 20, 2023
- on March 13, 2023