დემოკრატიის რეიტინგში საქართველო 89-ე ადგილზეა

2 (23)

დემოკრატიის ინდექსში საქართველო 89-ე ადგილზეა 167 ქვეყანას შორის.

მეთოდოლოგია

დემოკრატიის დონის მიხედვით ქვეყნების რეიტინგი Economist Intelligence Unit-ის მიერ მომზადებული დემოკრატიის ინდექსით დგება. Economist Intelligence Unit-ი გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, The Economist-ის კვლევითი და ანალიტიკური განყოფილებაა.

დემოკრატიის ინდექსი 2006 წლიდან ქვეყნდება. 2023 წლის დემოკრატიის ინდექსმა 167 ქვეყანა მოიცვა.

დემოკრატიის დონე საარჩევნო პროცესისა და პლურალიზმის, მთავრობის ფუნქციონირების, პოლიტიკური მონაწილეობის, პოლიტიკური კულტურისა და სამოქალაქო თავისუფლების მიხედვით არის განსაზღვრული. აღნიშნული 5 კომპონენტი 60 კითხვას მოიცავს. აღნიშნულ 60 კითხვაზე პასუხები საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით დგინდება.

ინდექსში დემოკრატიის მაქსიმალური ქულა 10-ია, ხოლო მინიმალური – 0. კვლევის შედეგად ქვეყნები 4 ჯგუფად იყოფიან: სრულად დემოკრატიული (8-დან 10 ქულამდე), ხარვეზით დემოკრატიული (6-დან 8 ქულამდე), ჰიბრიდული რეჟიმები (4-დან 6 ქულამდე) და ავტორიტარული რეჟიმები (4 ქულამდე).

საქართველო დემოკრატიის ინდექსში

2024 წლის 15 თებერვალს დემოკრატიის ინდექსის ახალი კვლევა გამოქვეყნდა. შესაბამისად, შეიცვალა ქვეყნების რეიტინგი დემოკრატიის დონის მიხედვით. ახალი კვლევით საქართველოს 5.20 ქულა აქვს და დემოკრატიის დონით მსოფლიოში 89-ე ადგილზეა. თებერვალში გამოქვეყნებული ინდექსი 2023 წლის მდგომარეობას ასახავს.

საქართველოს გასულ (2022) წელსაც 5.20 ქულა ჰქონდა, ანუ საქართველოს ქულა არ შეცვლილა, თუმცა რეიტინგში ერთი საფეხურით ზემოთ, 90-ედან 89-ეზე აინაცვლა. ეს შედეგი სხვა ქვეყნების ქულის შემცირებამ განაპირობა.

საქართველოს ყველაზე მაღალი ქულა – 7 (10-დან) საარჩევნო პროცესსა და პლურალიზმში აქვს, რაც ძირითადად მრავალი პოლიტიკური პარტიის არსებობით არის განპირობებული. ამ კომპონენტში გასულ წელსაც 7 ქულა ჰქონდა. საქართველოს ქულები სხვა კომპონენტებშიც არ შეცვლილა, პოლიტიკურ მონაწილეობაში ისევ 6.11 ქულა აქვს, სამოქალაქო თავისუფლებაში – 5.59, პოლიტიკურ კულტურაში – 3.75 და მთავრობის ფუნქციონირებაში – 3.57.

დემოკრატიის ინდექსში საქართველოს ყველაზე მაღალი ქულა – 5.95 2013 წელს ჰქონდა და რეიტინგში 78-ე ადგილი ეკავა. 2013 წლის შედარებით მაღალი რეიტინგი 2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილებით იყო განპირობებული. 2014-2015 წლებში ქულა ცოტათი შემცირდა, მაგრამ 2016-2017 წლებში 5.93-მდე გაიზარდა. 2018 წელს საქართველოს ქულა მკვეთრად შემცირდა, 0.43-ით და 10 საფეხურით ჩამოქვეითდა, 79-ე ადგილიდან 89-ე ადგილამდე. დემოკრატიის დონის ასეთი მკვეთრი ვარდნის მიზეზი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკაზე დიდი გავლენა და ასევე, ივანიშვილის გავლენით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ჩარევა იყო, როდესაც მთავრობა 600,000 მოქალაქეს ვალების ჩამოწერას დაჰპირდა.

საქართველოს დემოკრატიის ქულის კლება 2019-2021 წლებშიც გაგრძელდა და მიუხედავად 2022 წელს მცირედი ზრდისა, დღეს ჰიბრიდული რეჟიმის მქონე ქვეყნებშია 5.20 ქულით.

Economist Intelligence Unit-ი ჰიბრიდულ რეჟიმს შემდეგნაირად განმარტავს: არჩევნები ტარდება ხარვეზებით, რაც აფერხებს არჩევნების თავისუფლებასა და სამართლიანობას. მთავრობის მხრიდან ზეწოლაა ოპოზიციაზე. სერიოზული სისუსტეებია პოლიტიკურ კულტურასა და მთავრობის მუშაობაში. გავრცელებულია კორუფცია და კანონის უზენაესობა სუსტია. სამოქალაქო საზოგადოება სუსტია. ადგილი აქვს ჟურნალისტების შევიწროებას და სასამართლო არ არის დამოუკიდებელი.

საქართველოს პოზიცია დემოკრატიის ინდექსში

წყარო: Economist Intelligence Unit

საქართველოს ქულა დემოკრატიის ინდექსში

წყარო: Economist Intelligence Unit
ყველაზე მაღალი დემოკრატიის დონის მქონე ქვეყნები

დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა ნორვეგიაა, რომელსაც 10-დან 9.81 ქულა აქვს. ნორვეგიას საარჩევნო პროცესსა და პლურალიზმში, პოლიტიკურ მონაწილეობასა და პოლიტიკურ კულტურაში მაქსიმალური 10-10 ქულა აქვს. მეორე ადგილზე ახალი ზელანდიაა 9.61 ქულით, ხოლო მესამეზე ისლანდიაა 9.45 ქულით.

საქართველოს მეზობლებიდან სომხეთი უსწრებს, რომელიც 84-ე ადგილზეა 5.42 ქულით. თურქეთი 102-ე ადგილზეა 4.33 ქულით, აზერბაიჯანი 130-ეზეა 2.80 ქულით, ხოლო რუსეთი 144-ეზეა 2.22 ქულით.

რეიტინგში ბოლო ადგილზე ავღანეთია 0.26 ქულით, შემდეგ მოდიან მიანმარი და ჩრდილოეთი კორეა 0.85 და 1.08 ქულით.

დემოკრატიის დონით ლიდერი ტოპ-10 ქვეყანა

 ქვეყანაქულა
1ნორვეგია9.81
2ახალი ზელანდია9.61
3ისლანდია9.45
4შვედეთი9.39
5ფინეთი9.30
6დანია9.28
7ირლანდია9.19
8შვეიცარია9.14
9ნიდერლანდები9.00
10ტაივანი8.92

წყარო: Economist Intelligence Unit

 

 

გააზიარე