დიდი ქართველი ინდუსტრიალისტები და მეცენატები: ნაწილი I

ლაითაძე2 (7)

       კაცმა კაცს სიკეთე იმიტომ კი არ უნდა უყოს, რომ მერე აქონ

       და ადიდონ. ვინც საშველია, მოვალენი ვართ ვუშველოთ.

        სტეფანე ზუბალაშვილი

 

ზუბალაშვილები პირველები იყვნენ, რომლებმაც საკუთარი საქმეებით დაადასტურეს, რომ ქართველებს სამრეწველო საქმიანობის და კომერციის შნოც აქვთ და შესაძლებლობაც. მოგებიანი საქმიანობისთვის მათ ბაქოს ნავთობის საბადოები (მე-20 საუკუნის დასაწყისში იმდროინდელი მსოფლიო ნავთობის თითქმის 50%-ის მოპოვება ბაქოში ხდებოდა) და უფუნქციოდ მიტოვებული აზერბაიჯან-საქართველოს აბრეშუმის გზის გადაზიდვები აირჩიეს.

უკვე მე-19 საუკუნის დამდეგს სტეფანე ზუბალაშვილი ინტენსიურად ვაჭრობდა ოტომანთა იმპერიაში, სპარსეთსა და ინდოეთში. სტეფანეს ძმამ, იაკობმა ბიზნესის დივერსიფიკაცია გააკეთა და ააშენა არყის გამოსახდელი ქარხანა ქუთაისის შემოგარენში. თბილისში, ინდოეთიდან შემოტანილი შაქრის ლერწმით, გახსნა სამხრეთ კავკასიაში პირველი შაქრის გადამმუშავებელი საწარმო, რომელიც მდებარეობდა დღევანდელ პეტრიაშვილის ქუჩაზე, იმ ადგილას, რასაც დღეს ქარხანას უწოდებენ (სადაც არის რესტორნები და კაფეები). იმავე პერიოდში, ივანემ ააშენა სასტუმრო „პალასი“, რომელიც უსასყიდლოდ გადასცა თბილისს). იქ ამჟამად საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმია. ძმები ზუბალაშვილების გაქანებასა და მასშტაბზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ სწორედ მათ გაუმართეს ნადიმი საქართველოში ჩამოსულ რუსეთის იმპერატორს, ნიკოლოზ I-ს და დიდ ფრანგ მწერალს, ალექსანდრ დიუმას.

იაკობ ზუბალაშვილის შვილები, კონსტანტინე და ანტონი, მამის კვალს გაჰყვნენ. 1878 წელს მათ როტშილდებისგან შეიძინეს ნავთობით ყველაზე მდიდარი ადგილი, ბაქოსთან ახლომდებარე კუნძული ბიბი-ეიბათი. მაშინ ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებული გაზეთი „ივერია“ წერდა: „…მედგარი, შეუპოვარი შადრევანი ნავთისა ჩვენს სასახელოდ აჩვენებს, რომ ქართველსაც შეუძლია დიდი საქმის შექმნა-წარმოება“. აქ უნდა გავიხსენოთ ისტორიული კონტექსტი: ქართველი თავადაზნაურობა ფლანგავდა დანატოვარ ქონებას, ქართველთა უდიდესი უმრავლესობა ცხოვრობდა სოფლად, დაკავებული იყო სოფლის მეურნეობით და იყო ნახევრად მშიერი, ხოლო მცირე ნაწილი მუშაობდა მეფისნაცვლის აპარატში. ბიზნესი და კომერცია მიიჩნეოდა არასაკადრის, ვულგარულ საქმიანობად. ამ დროს კი ზუბალაშვილები ხდებიან როტშილდებისა და ნობელების საიმედო და თანასწორუფლებიანი პარტნიორები.

ზუბალაშვილებთან დასაქმებულ მუშებს ჰქონდათ უფრო მაღალი ხელფასები, ვიდრე იმავე დარგში, სხვა მეპატრონესთან დასაქმებულ მუშებს. თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს ჰქონდათ უფასო სამედიცინო მომსახურება და უფასო სასადილო. თუ თანამშრომლის ქალიშვილი თხოვდებოდა, მზითევს ზუბალაშვილები უმზადებდნენ, ხოლო თუ ბიჭს მოჰყავდა ცოლი, ქორწილსაც ზუბალაშვილები იხდიდნენ. ზუბალაშვილები აცილებდნენ უკანასკნელ გზაზე თავიანთ თანამშრომლებს (ფარავდნენ დაკრძალვისა და ქელეხის ხარჯებს). ეს ყველაფერი კი ხდება იმ დროს, როდესაც დასავლეთ ევროპაში და აშშ-ში 11-12 წლის ბავშვებს ამუშავებდნენ ქვანახშირის მაღაროებში, ხოლო თანამშრომლების სოციალური დაცვა არავის აზრადაც არ მოუვიდოდა.

ზუბალაშვილების ოჯახის წევრმა, ზაქარია ზუბალაშვილმა, მთელი თავისი ცხოვრება შეალია ქართული მედიცინის განვითარებას. ზაქარიამ ლაიფციგის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა და იგი იყო კავკასიის სამედიცინო სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი.

ზუბალაშვილებმა არაერთი ახალგაზრდა გაგზავნეს უნივერსიტეტებში სასწავლებლად, მათ შორის მომავალში ისეთი სახელოვანი ხალხი, როგორებიც იყვნენ გერონტი ქიქოძე, მიხეილ ჯავახიშვილი, პავლე ინგოროყვა, სარგის კაკაბაძე, გიორგი ჩიტაია და სხვანი.

თბილისის პირველი საავადმყოფოს ძირითადი კორპუსი ზუბალაშვილებმა ააშენეს და საჩუქრად გადასცეს ქალაქს. მათვე გახსნეს ღარიბებისთვის უფასო სასადილო (ამაღლების ქუჩის ბოლოს), რომელსაც „სამადლო“ ერქვა და საბჭოთა დროს იყო რესტორანი იმავე სახელწოდებით. 1921 წლის თებერვალში კოჯრიდან გზით თბილისისკენ მომავალ წითელ არმიას პირველი თბილისური შენობა, რომელიც შემოხვდათ, იყო „სამადლო“, რომელიც უმოწყალოდ დაარბიეს.

უსახლკარო და ინვალიდი მოხუცებისთვის ზუბალაშვილებმა ააშენეს „უპოვართა სახლი“, ათარბეგოვის ქუჩაზე, რომელიც ახლა ღირსეულად იწოდება ზუბალაშვილების ქუჩად.

ზუბალაშვილების აშენებულია ბათუმის ყოფილი კათოლიკური ეკლესია, თბილისის, ახალციხისა და გორის კათოლიკური ეკლესიები.

ბოლშევიკურმა ტერორმა და ავადსახსენებელმა 1937 წელმა შეიწირა ზუბალაშვილების დიდი გვარი. ზოგი ემიგრაციაში გარდაცვალა, ზოგიც ციმბირულ ლაგერებში, ზოგიც დახვრიტეს, საქართველოში დარჩენილები და ცოცხლად გადარჩენილები კომუნისტურმა რეჟიმმა გარიყა.

ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელ იმდროინდელ მსოფლიოში ალბათ ზუბალაშვილები იყვნენ ის ერთ-ერთი პირველი დიდი ინდუსტრიალისტები და მეცენატები, რომლებმაც ბიზნესის რთულ გზაზე არ დაკარგეს ღირსება და პირიქით, დაგვანახეს, თუ რას ნიშნავს ეთიკური ბიზნესი.

დასასრულ, სიამაყით მინდა დავძინო, რომ დედაჩემის ბიძა (შემდგომში აჭარის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე) და ბიძაშვილი (ბათუმის ინსტიტუტის პირველი რექტორი) იყვნენ ზუბალაშვილების სტიპენდიატები. არც ისინი დაინდო 1937 წელმა.

გააზიარე